22 ივლისს ბათუმში ბაჩო ბერიძის დაჭრის საქმეზე შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა არასრულწლოვანმა 22 ივლისს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზემოტოციკლით მიიყვანა მეორე პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს, შემდეგ კი ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყების ცნობით, ბრალდებული რუსთავში დააკავეს, მეორეს მიმართ კი დევნა დაიწყეს და ძებნა გამოაცხადეს.
„სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან 9 მასრა ამოიღეს. ნივთმტკიცების სახით ასევე ამოღებულია მოტოციკლი, ჩაფხუტი, ორი წყვილი ხელთათმანი, ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის აქსესუარი, რომლებსაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენისას იყენებდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს შსს.
22 ივლისს კაფეში მჯდომ ახალგაზრდა კაცს, ბაჩო ბერიძეს, უცნობმა პირმა რამდენჯერმე ესროლა. თვითმხილველთა ცნობით, თავდამსხმელი მოპედით გადაადგილდებოდა და სახეზე თეთრი პირბადე ეკეთა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მრავლობითი ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტს გულ–მკერდისა და მუცლის ღრუს არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილის მამამ განაცხადა, რომ სავარაუდო დამნაშავის ვინაობა პოლიციას აცნობეს.