რა ვიცით პროექტზე, რომელსაც ,,თბილისის აკრები" ვაკესა და საბურთალოს შორის აშენებს

პუბლიკა

რამდენიმე დღის წინ კომპანია „თბილისის აკრებმა“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვაკესა და საბურთალოს შორის დაგეგმილი სამშენებლო პროექტის ვიზუალიზაცია, რასაც მომხმარებლების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. „პუბლიკა“ მშენებლობის დეტალებით დაინტერესდა.

კომპანია „თბილისის აკრები“ ნაფეტვრების გზაზე 188 000 კვ. მეტრზე მეტ მიწის ნაკვეთს ფლობს.

პროექტის ავტორების განცხადებით, „თბილისის აკრები“ პირველი თვითმყოფადი უბანია. პროექტის ტერიტორია ვაკესა და საბურთალოს შორის მდებარეობს, თუმცა ადმინისტრაციულად მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტერიტორიაზე 75 შენობის აშენებაა დაგეგმილი. ამავე ინფორმაციით, გამწვანებისა და განაშენიანების თანაფარდობა 85%/15%-ზე იქნება.

 „ის არის დედაქალაქის უნიკალური გაგრძელება… პროექტის თანამედროვე არქიტექტურისთვის დამახასიათებელი მინის დიდი ვიტრაჟები აქრობს ზღვარს ბუნებასა და სახლს შორის, ხისა და ქვის ბუნებრივი მასალებითა და დედამიწის თბილი ტონებით კი, საცხოვრებელი და გარე სივრცე კიდევ უფრო მეტად ერწყმის ერთმანეთს”, – ვკითხულობთ პროექტის აღწერაში.

„პუბლიკა” მშენებლობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად კომპანიის დირექტორს ტარიელ გაბუნიას დაუკავშირდა. დირექტორის თქმით, მათ მიწები პერიოდულად 2022-2023 წლებში შეიძინეს, ხოლო მშენებლობის ნებართვა 2025 წელს მიიღეს.

სოციალურ ქსელში „თბილისის აკრების” მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ პოსტში ვკითხულობთ, რომ კომპანიამ მშენებლობა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. მშენებლობის პირველი ფაზა 2028 წლის მაისში დასრულდება. განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის 13 ბლოკიდან 3 ბლოკი გაყიდულია.

შპს „თბილისის აკრებში” 75%-იან წილს მარიკა ვერულაშვილი, ხოლო 25%-ს გოჩა ძნელაძე ფლობს.

მარიკა ვერულაშვილი სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2004-2012 წლებში ის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“პარტიული სიით მოხვდა, 2012-2016 წლებში კი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარული სიით.

2013 წელს „ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში 13 მაჟორიტარი დეპუტატი გაემიჯნა. მათ შორის იყო მარიკა ვერულაშვილი. 2014 წელს ის ხდება „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის“ ფრაქციის წევრი. ეს ფრაქცია შემდგომ უმრავლესობას შეუერთდა.

ამჟამად ის რამდენიმე კომპანიის წილს ფლობს. მისი კომპანია ფლობს „ლაგუნა ვერესა“ და აბრეშუმის ქარხნის ყოფილ ტერიტორიას, რომლებიც მანამდე ფონდი „ქართუს“ საკუთრებაში იყო.

რაც შეეხება გოჩა ძნელაძეს, მასაც არაერთ კომპანიაში აქვს წილები. 2016 მან „ქართულ ოცნებას” 60 000 ლარი შესწირა.