„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მე-13 ყრილობაზე დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩიეს.
ეს არის კოლექტიური ორგანო, რომელიც პარტიაში თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის კომპეტენციებს შეასრულებს 6 თვის განმავლობაში. როგორც ენმ-ის ლიდერები ამბობენ, პარტიის მმართველობის ახალი კონცეფციის მიხედვით, გუნდს ერთი მმართველი არ ეყოლება და ჰორიზონტალური მმართველობა ინერგება.
საბჭო 8 წევრისგან დაკომპლექტდა. ესენი არიან:
- პეტრე ცისკარიშვილი;
- ირაკლი ფავლენიშვილი;
- ანა წითლიძე;
- ლაშა ფარულავა;
- გიორგი ჩალაძე;
- ლევან ბეჟაშვილი;
- გიორგი ბოტკოველი
- ირაკლი ნადირაძე.
მე-9 კანდიდატად დასახელდა თინა ბოკუჩავა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა უარი ნათქვამი დროებით მმართველობოთ ორგანოში ყოფნაზე. ბოკუჩავა დარჩა პოლიტსაბჭოს რიგით წევრად.
ენმ-ის დროებითი მმართველობითი საბჭოს ნომინალური ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი იქნება.
დროებითი მმართველობა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ პარტიაში გასატარებელ რეფორმებზე იმუშავებენ. ამისთვის პარტიის სტრუქტურის მიღმა შეიქმნება „რეფორმების ბორდი“, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებენ.
„რეფორმირების ბორდი“, სააკაშვილის თქმით, ექსკლუზიურად არაპარტიული ადამიანებისგან ჩამოყალიბდება.
„კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ პარტიის მიღმა შეიქმნას რეფორმების საბჭო, სადაც პარტიული შემადგენლობით ექსპერტები, გულშემატკივრები მიიღებენ მონაწილეობას რეფორმების საბჭოს მონაწილეობაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ყრილობის დასრულების შემდეგ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მან დროებით მმართველობით ორგანოში შესვლაზე პოზიცია წინასწარ გააცნო გუნდის ლიდერებს და მისი გადაწყვეტილება იყო პოლიტსაბჭოს წევრად დარჩენა.
„დღევანდელ ყრილობაზე შევძელი, რომ კიდევ ერთხელ გამომეხატა მადლიერება და პატივისცემა დამედასტურებინა იმ ასობით დელეგატისთვის, რომელიც წარმოადგენს ჩვენს უამრავ მხარდამჭერს, იმისთვის, რომ მე მქონდა მათი ნდობა 2 წლის განმავლობაში.
მიმაჩნია, რომ მე პარტია ჩავიბარე საკმაოდ რთულ პერიოდში. ეს პასუხისმგებლობა ავიღე პარტიისთვის მძიმე პერიოდში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბოლომდე მივიყვანე. ძალიან მინდა, რომ წარმატება ვუსურვო იმ ადამიანებს, ვინც დღეს აიღეს პასუხისმგებლობები.
თუ 14 წელი ჩემი ბრძოლით ზოგზოგიერთმა ვერ დაინახა, რომ ჩემთვის არანაირ თანამდებობას მნიშვნელობა არ ჰქონია, იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ამის ცხადი მაგალითი იყო. ბრძოლას მთავარია ჰქონდეს სიმართლე, შენი შემართება, პრინციპები და ღირსება და ყოველთვის გესმოდეს, რომ ძალიან დიდი რამ დევს სასწორზე. ყოველთვის ეს მთავარი რამ მამოძრავებდა ამ 14 წლის მანძილზე და ასე იქნება ხვალაც და ზეგაც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.