სემეკის წევრი გიორგი ფანგანი თავის Facebook-გვერდზე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ გამორთვის რისკები წინასწარ იყო ცნობილი. თუმცა ამ რისკების შესახებ მოსახლეობა წინასწარ არავის გაუფრთხილებია.
„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენგურჰესის აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება.
ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.
როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“, – წერს ფანგანი.
საქართველოში ქვეყნის მასშტაბით შუქი უკვე მესამედ ჩაქრა. შეფერხებით მუშაობდა ინტერნეტიც. თბილისში გაითიშა ქუჩის განათებაც და შუქნიშნების ნაწილიც. მოქალაქეების ცნობით, გაჩერდა მეტრო და რკინიგზაც.
ეს ბოლო სამ კვირაში საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის საყოველთაო გათიშვის მესამე შემთხვევაა.
წინა შემთხვევები 24 და 25 ივლისს მოხდა.სემეკის პირველადი დასკვნით, 24 ივლისს შუქის გათიშვა იმან გამოიწვია, რომ საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან გამოეყო და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, ელექტროსადგურების და მომხმარებლების ე.წ. კასკადური გამორთვა და ელექტროენერგია სრულად გაითიშა.
სემეკი აღნიშნულის განმაპირობებელ ერთ-ერთ გარემოებად ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“ დაასახელა.რაც შეეხება 25 ივლისის გათიშვას, სემეკმა პირველადი შეფასებით დაასკვნა, რომ გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია.