ე.წ. ეროვნული ფასეულობების დაცვის მოტივით „ქართული ოცნების” პარლამენტი კანონის მიღებას გეგმავს – ამის შესახებ დღეს, 7 აგვისტოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
ის დღეს პარლამენტში ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრებს – მსახიობ გიორგი შანიძეს, რეჟისორ გიორგი სიხარულიძესა და ბათუმის თეატრის დირექტორს, კოტე მჟავიას შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ კი პროსახელისუფლებო „იმედთან” განაცხადა, რომ ჰქონდა კონსულტაციები შალვა პაპუაშვილთან, ასევე ირაკლი კობახიძესთან და იწყებენ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას.
გორდულაძის თქმით, ეს პაკეტი „საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას წარედგინება პარლამენტს და მიღებულიც იქნება”.
„ათწლეულებია გარედან მიზანმიმართულად აფინანსებენ, წარმართავენ და აქებენ იმ პირებს, რომლებიც ამ დაპირისპირებას აღვივებენ, განსაკუთრებით შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიაზე , ცდილობენ, რომ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შორისაც ჩამოვარდეს შუღლი…
ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ჩვენ ვიწყებთ მუშაობას აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დასარეგულირებლად. მომზადდება შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გასაჯაროვდება შესაბამისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ; და საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას წარედგინება პარლამენტს და მიღებულიც იქნება”, – თქვა მან „იმედთან”.
„ეროვნული ფასეულობების დაცვის“ მოტივით საინიციატივო ჯგუფის დაფუძნების შესახებ შანიძემ, სიხარულიძემ და მჟავიამ 3 ივლისს განაცხადეს. მანამდე კი მსგავსი ნატარივით გამოვიდა MMA-ის მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი. მან რეესრტში ორგანიზაცია „ეროვნული თაობა” უკვე დაარეგისტრირა.
27 ივნისს გიორგი ქართველიშვილმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართა, „ეროვნული სიწმინდეების დაცვა“ დააანონსა და თქვა, რომ ამ მოტივით „საფრთხეს და ციხეში წასვლასაც არ მოერიდება“.
ამ მოვლენებს წინ უსწრებდა აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა. 22 ივლისს სამოქალაქო აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და თავს დაესხა. საბაბად ხუმრობა სახელდება. თავდასხმას წინ უძღოდა სამთავრობო პროპაგანდა ოქრიაშვილის წინააღმდეგ.
2024 წელს „ქართული ოცნების” წევრები აცხადებდნენ, რომ აპირებდნენ ე.წ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას.
მათ ამ განცხადებებს შემდგომში საკანონმდებლო ნაბიჯები არ მოჰყოლია.