კობა ფარტენაძის მიმართ დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პუბლიკა

კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარის საზმაუს წამყვანის, კობა ფარტენაძის მიმართ მუქარისა და ძალადობის ბრალდებით ორი ადამიანი გუშინ დააკავა.

„ბათუმელების“ ცნობით, დაჭრის მუქარაში ბრალდებულს გიორგი აფციაური ჰქვია, ძალადობის ბრალდებით დაკავებულს კი ზურაბ კონცელიძე.

როგორც გამოცემა წერს, ადვოკატებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ ბრალდებულები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორდება.

მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 7000-ლარიანი გირაო გამოიყენა.


10 აგვისტოს აჭარის საზმაუს წამყვანმა, კობა ფარტენაძემ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ კაცი მას „გვერდით გაყოლას“ სთხოვს, ახსენებს მის შეღებილ თმას და იყენებს ჰომოფობიურ ტერმინს.

„წამოდი ერთი წამით, გეშინია? ხომ არ გეშინია? ბათუმელი კაცი ხარ. გვერდზე შევალთ, ტ**კში მიგჭრი და წამოვალთ“, – ეუბნება უცნობი პირი კობა ფარტენაძეს.

როგორც ფარტენაძე წერს, მას ყოველ საღამოს ხვდებიან, აყენებენ შეურაცხყოფას, ემუქრებიან და ფიზიკურად ეხებიან. ის მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს, სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს ბოლო დღეებში მასზე თავდასხმის ყველა ფაქტს.