ავტორი: აითან ფარჰადოვა
არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული დეველოპერული კომპანია FLAX აზერბაიჯანის მთავრობასა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ადმინისტრაციას უჩივის იმის გამო, რომ მათ სრულად არ გადაიხადეს ყირგიზეთში სასტუმროს მშენებლობის თანხა.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, FLAX-ის სარჩელი აზერბაიჯანის სასამართლომ არ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ კომპანიამ ვერ შეძლო, დაემტკიცებინა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რაიმე ვალდებულების არსებობა მეორე მხარის მხრიდან“.
ალიევი 31 ივლისს დაესწრო ყირგიზეთში, ისიკ-ყულის ტბის სანაპიროზე, ძვირადღირებული სასტუმროს გახსნას, რომელსაც გოლფის მოედანიც აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო აზერბაიჯანისა და ყირგიზეთის სახელმწიფო ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანხით აშენდა, თუმცა ზუსტი ფასი უცნობია.
ყირგიზეთის პრეზიდენტთან არსებული ქონების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტალანტბეკ ჯუნუშევმა 2023 წელს განაცხადა, რომ „სასტუმროს კომპლექსის ღირებულება დაახლოებით 155-200 მილიონ აზერბაიჯანულ მანათს (91-120 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენდა“.
FLAX LLC-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „რადიო თავისუფლებასთან“ კონფიდენციალურად განაცხადა, რომ კომპანიას შესრულებული სამუშაოსთვის თანხა ჯერ კიდევ არ მიუღია.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ FLAX LLC-ს სასტუმროს მშენებლობა 2023 წელს დაუკვეთა. ხელშეკრულების ფარგლებში 228 000 მანათი ($130 000) გამოიყო „მხოლოდ სასტუმრო კომპლექსის პროექტირებისთვის“.
FLAX ძირითადად არქიტექტურულ პროექტირებასა და ურბანულ დაგეგმარებაზე მუშაობს და წარსულში არაერთ სახელმწიფო უწყებასთან უთანამშრომლია.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, პროექტისთვის აზერბაიჯანის მხრიდან გამოყოფილი თანხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან მოდიოდა.
FLAX-ის განცხადებით, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად შეასრულა და ადმინისტრაციის მოთხოვნით სასტუმრო კომპლექსის საერთო პროექტის რამდენიმე ნაწილიც გადაამუშავა.
კომპანიამ აზერბაიჯანის მთავრობას წარსულშიც უჩივლა – მაშინ ზანგილანის რეგიონში განხორციელებული პროექტისთვის თანხის გადაუხდელობის გამო. ხელშეკრულების ასლის მიხედვით, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ მოიპოვა, FLAX შესრულებული სამუშაოების ღირებულებას 1.1 მილიონ მანათზე ($650 000) მეტად აფასებდა, თუმცა კომპანიას ამ თანხის მხოლოდ 30% – 335 000 მანათი ($200 000) – გადაუხადეს.
აზერბაიჯანი არაერთხელ დაუდანაშაულებიათ კომპანიების წინაშე არსებული დავალიანების გადაუხდელობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რო პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) შვილობილ კომპანიებს თითქმის 500 000 დოლარის ვალი დაგროვდათ სახელმწიფო სააგენტო „აზერხალჩასგან“ შეძენილი ძვირადღირებული ხალიჩებისთვის.
2025 წლის დეკემბერში ყირგიზულმა სამშენებლო კომპანია Meadi LLC-მ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს უჩივლა. კომპანიის განცხადებით, აზერბაიჯან-ყირგიზეთის მეგობრობის პარკის მშენებლობისთვის $3 მილიონზე მეტი ჯერაც მისაღები აქვთ.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.