საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შევიდა
საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შევიდა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, პროდუქტი რეგიონში კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. მისმა მფლობელმა გიორგი არველაძემ დაადასტურა, რომ ენგურის ხიდის გავლით აფხაზ პარტნიორებს 300 ტონამდე საწვავი მიაწოდა.
საწვავის შეტანის ფაქტი დაადასტურა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, პროცესი კერძო ბიზნესმა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დაცვით განახორციელა და სახელმწიფო მომავალშიც მზადაა აფხაზეთში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
ოკუპირებულ რეგიონში საწვავის დეფიციტი უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს უკავშირდება. არველაძის თქმით, მის კომპანიას „სპეციალური საწარმოს სტატუსი“ აქვს, ხოლო ეს ნაბიჯი ჰუმანიტარული საჭიროებებიდან გამომდინარე გადაიდგა.
საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. მათი შეფასებით, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა ვერ ჩაითვლება კანონით დაშვებული ჰუმანიტარული ან სოციალ–ეკონომიკური მიზნებით გამართლებულად.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ეხმაურება და პროცესის სრულ გამჭვირვალობას ითხოვს. მისი თქმით, აუცილებელია მკაცრი კონტროლი, რათა ამ ნაბიჯმა არ გააძლიეროს რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური ინტერესები.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობა აკრძალულია, თუმცა მთავრობის სპეციალური ნებართვით დაშვებულია გამონაკლისი, თუ ის ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს, ნდობის აღდგენას ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
კობახიძე 2008 წლის ომის დაწყებაში ისევ საქართველოს ადანაშაულებს
8 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ირაკლი კობახიძემ 2008 წლის ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა წინა ხელისუფლება და აღნიშნა, რომ 7 აგვისტოს ცხინვალი სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა, რუსეთის ჯარი კი 8 აგვისტოს შემოვიდა. ამ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყება გამოეხმაურა.
დე ფაქტო უწყების შეფასებით, საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ყოფილი პრეზიდენტი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ ოფიციალურად აღიარა, რის გამოც ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს უნდა დაეკისროს. ამავე განცხადებაში მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას „ლოგიკას მოკლებული“ უწოდეს.
კობახიძის პოზიცია ემთხვევა რუსულ ნარატივს, თუმცა ეწინააღმდეგება ქართულ და საერთაშორისო მტკიცებულებებს, რის მიხედვიდაც რუსულმა სამხედრო კოლონამ როკის გვირაბი 7 აგვისტოს გადმოკვეთა, მანამდე, დღეებით ადრე მიმდინარეობდა მასობრივი შეტევები ოკუპანტების მხრიდან სოფლების მიმართულებით.
აფხაზეთში ომიის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში რუსული სამხედრო აგრესია დაიწყო.
1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებამ ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ვითარება უკიდურესად დაძაბა.
11 აგვისტოს სახელმწიფო საბჭომ სოჭი–ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდია შეიყვანა, რადგან გახშირებული ყაჩაღობის გამო საქართველო დიდ ზარალს განიცდიდა. გვარდიის შეყვანა ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით მოხდა. ამის მიუხედავად, ე.წ აფხაზურმა გვარდიამ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებები მოჰყვა. სეპარატისტებს მხარს რუსეთი უჭერდა.
ამის შემდეგ საქართველოს ეროვნული გვარდია სოხუმისკენ დაიძრა. 14 აგვისტოს დაწყებული დაპირისპირება მალევე გადაიზარდა ომში, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილო კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების” მეშვეობით აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს სოხუმი, შემდეგ კი აფხაზეთის მთელი ტერიტორია.
ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომში 5 738 მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა. 300 000-მდე ქართველი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაცემების შესაგროვებლად უკიდურესად შეზღუდული რესურსი ჰქონდა, სავარაუდოდ, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ოფიციალურ რიცხვებს მნიშვნელოვნად აღემატება.
კობახიძე „რუსეთი ოკუპანტია“ ბანერის მატარებლებს „აგენტებს“ უწოდებს და რუსოფობიის გაღვივებაში ადანაშაულებს
2 დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში რადიკალური ანტირუსული განწყობები ხელოვნურად არის გაღვივებული და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ახალ კამპანიას წარმოადგენს. პრემიერ–მინისტრის თქმით, ის მოქალაქეები, რომლებიც ანტისაოკუპაციო ბანერს „რუსეთი ოკუპანტია“ ატარებენ, „აგენტები“ არიან და „რუსოფობიურ“ კამპანიაში მონაწილეობენ. კობახიძის მტკიცებით, საქართველოში რუსოფობიის გაძლიერების მცდელობა „დიპ სტეიტის“ მიერ საკუთარი აგენტურის გამოყენებით დაგეგმილი პროცესის ნაწილია.
სასამართლომ შსს–ს ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას, შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ინგა კვაჭანტირაძემ გააუქმა შემაკავებელი ორდერი შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას მიმართ, რომელსაც ყოფილი ცოლი, სოფიო სიგუა, წლებია ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს.
სასამართლომ ძალაში დატოვა მეორე შეზღუდვა, ელექტრონული ზედამხედველობა, რაც „მომეტებული რისკით“ იყო განპირობებული. უფლებადამცველების შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან, ერთი მხრივ, აღიარებს მაღალ რისკს, მეორეს მხრივ კი – ორდერს აუქმებს და მიანიშნებს იმაზე, რომ სიგუას „მთელი სისტემა იცავს“.
იოსებ სიგუა და მისი ადვოკატი ბრალდებებს უარყოფენ. აღნიშნული საქმის გასაჯაროების შემდეგ, სიგუამ შსს–ში თანამდებობა რამდენიმე დღეში დატოვა.
ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელით განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად მუნიციპალიტეტის წარმატებული მუშაობისა, ხელოვნურად შექმნილი პრობლემების ფონზე ადგილობრივი თანამდებობის პირებისგან სათანადო მხარდაჭერა ვერ იგრძნო, რამაც გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე.
გომისმთის გზაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნას 4 ტურისტი ემსხვერპლა
12 აგვისტოს, საღამოს, გურიაში, გომისმთის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 17 დაშავდა, რომელთაგან 6 ბავშვია.
დაშავებულებიც და დაღუპულებიც ბელარუსი ტურისტები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
აჭარის ტელევიზიის წამყვანზე, მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ჰომოფობიური თავდასხმისა და ძალადობის მუქარის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7000-7000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შემთხვევა ბათუმში მოხდა. კობა ფარტენაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ აყენებენ მას უცხო პირები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, იყენებენ ჰომოფობიურ ლექსიკას და ცივი იარაღით დაჭრით ემუქრებიან. ტელეწამყვანის თქმით, ის ყოველდღიურად აწყდება მსგავს სისტემურ დისკრიმინაციასა და მუქარას.
ფაქტზე შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და მუქარას გულისხმობს. შსს–მ 2 პირი 11 აგვისტოს დააკავა.
მომხდარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა, რომელმაც სამართალდამცველებს მოუწოდა, სასწრაფოდ ურუნველეყოთ ჟურნალისტის უსაფრთხოება.
უცხოეთი
ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი NATO-ს გამანადგურებელმა ჩამოაგდო
14 აგვისტოს გამთენიისას, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ლატვიის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა, რომელიც მოკავშირეთა გამანადგურებელმა ჩამოაგდო.
დაახლოებით 04:00 საათზე ლატვიის ხუთი რაიონის მცხოვრებლებმა მობილურებზე მიიღეს შეტყობინება საჰაერო საფრთხის გამო უსაფრთხო ადგილებში გადასვლის შესახებ. რეაგირება მოახდინეს ლიეტუვიდან იტალიურმა Eurofighter–ებმა და ესტონეთიდან თურქულმა F-16–ებმა. დრონი იტალიურმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო.ჯერჯერობით უცნობია, ვის ეკუთვნოდა დრონი.
NATO-ს პრესსპიკერ ელისონ ჰარტის განცხადებით, ალიანსი 24/7 რეჟიმში მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ წინა დღეს რუმინული F-16–ები და ესპანური F-18–ებიც აფრინდნენ მას შემდეგ, რაც დრონებმა უკრაინის საზღვართან, რუმინეთის საჰაერო სივრცეც გადაკვეთეს.
უკრაინის მასშტაბური იერიშები რუსეთის სიღრმეში – სამიზნეშია პორტები, ნავთობბაზები და ლოჯისტიკური ცენტრები
მიმდინარე კვირაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სტრატეგიულ ობიექტებს, სამხედრო–საზღვაო ინფრასტრუქტურასა და ლოჯისტიკურ ცენტრებს დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური მრავალჯერადი იერიშით შეუტიეს.
12 აგვისტოს უკრაინულმა ძალებმა კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკის სამხედრო–საზღვაო ბაზასა და პორტს შეუტიეს, სადაც უკრაინის გენშტაბისა და უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დააზიანეს რუსეთის ოთხი სამხედრო ხომალდი, რადიოლოკაციური სადგური, საზღვაო ნავმისადგომები და „შესხარისის“ ნავთობტერმინალი.
14 აგვისტოს დილით კი დარტყმა განხორციელდა ლენინგრადის ოლქში მდებარე უსტ–ლუგის პორტზე, სადაც დრონების შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
10 აგვისტოს თათრეთის რესპუბლიკაში უკრაინამ მასობრივი დარტყმები დაიწყო. რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის სამიზნე ევროპაში ერთ–ერთი უმსხვილესი ნავთობქიმიური კომპანია „ნიჟნეკამსკნეფტეხიმი“ იყო. გავრცელებული ცნობებით, დარტყმებს მოჰყვა სამოქალაქო მსხვერპლი, დაიღუპა 13 ადამიანი, რომელთა შორის იყო ბავშვიც.
11 აგვისტოს უკრაინამ შეტევა განახორციელა საზღვრიდან 1900 კმ დაშორებით, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში მდებარე ქარხანაზე „ორსკნეფტეორგსინთეზზე“, შედეგად ობიექტმა მუშაობა სრულად შეაჩერა. ხოლო 13 აგვისტოს ღამით უკრაინამ იერიში მიიტანა ბაშკირეთში მდებარე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ უმსხვილეს კომპლექსზე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო არმიას საწვავითა და პროდუქციით ამარაგებს.
ამასთან, უკრაინულმა მხარემ განაგრძო ივლისში დაწყებული კამპანია რუსული ონლაინვაჭრობის გიგანტის, Wildberries-ის ლოგისტიკური ქსელის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც უკვე 20-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს. 11 აგვისტოს ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის საწყობებზე იერიშისას გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა და 2 დაიჭრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მხოლოდ 13-14 აგვისტოს ღამეს ოცამდე რეგიონში მათ 553 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ფრონტზე უპილოტო აპარატების აქტიური გამოყენების ფონზე, მოსკოვში განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბის თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს უპილოტო სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტის მწარმოებელი კომპანია Drone Solutions-ის ყოფილი და მოქმედი დირექტორები, რომელთაც 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
2022 წლის შემდეგ უკრაინაში სამოქალაქო მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – გაერო
აგვისტოს თვეში რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქებსა და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები კიდევ უფრო გააძლიერა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
10-11 აგვისტოს ღამეს რუსეთის ჯარებმა ქალაქ ზაპოროჟიეს მართვადი ავიაბომბებითა და ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, იერიშის შედეგად სრულად გაჩერდა მეტალურგიული კომბინატი „ზაპოროჟსტალი“, სადაც 7 თანამშრომელი დაიღუპა და 21 დაიჭრა, განადგურდა სავაჭრო ცენტრი და დაზიანდა საცხოვრებელი კვარტლები.
პარალელურად, მძიმე დარტყმა მიადგა ოდესის ოლქს. 9 აგვისტოდან მოყოლებული, ენერგოსისტემასა და საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმების გამო 300 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 12-13 აგვისტოს ღამეს იერიში მიიტანეს იზმაილისა და რენის საპორტო ინფრასტრუქტურაზე, ხოლო ოდესის ოლქში რუსულმა დრონმა დაარტყა სამგზავრო მატარებელს, დაიღუპნენ მემანქანე და მისი თანაშემწე, 340 მგზავრის ევაკუაცია უსაფრთხოდ განხორციელდა. დარტყმები განხორციელდა კიევშიც, სადაც რაკეტა ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაეცა; და ხერსონის საცხოვრებელ კვარტლებში, სადაც დაიღუპნენ სამოქალაქო პირები.
გაეროს 13 აგვისტოს ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ივლისში უკრაინაში დაიღუპა 437 და დაიჭრა 2 610 სამოქალაქო პირი, რაც 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია.
ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, იანვრიდან დღემდე ალექსანდროვკის მიმართულებით გათავისუფლებულია 26 სოფელი, ანუ 745კვ–კმ ტერიტორია.
ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს, უკრაინას თურქეთის განკარგულებაში არსებული 28 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების პაკეტი გადასცეს, რომელიც M270-ის 12 გამშვებ დანადგარს, ATACMS-ის 70 რაკეტასა და კასეტურ საბრძოლო მასალებს მოიცავს.
ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ უკრაინა ყოველთვიურად მიიღებს რაკეტებს Patriot–ის სისტემებისთვის, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ეს რაოდენობა მაინც არ იქნება საკმარისი ქვეყნის ბალისტიკური თავდასხმებისგან სრულად დასაცავად.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ–ისგან Patriot-ის სისტემის რაკეტების მარაგის 5%-ის ყიდვა უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარება, ხოლო 10%-ის შეძენის შემთხვევაში ქვეყანა ყველა რუსული ბალისტიკური რაკეტის განადგურებას შეძლებს.