მიქანაძე: ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება მინიმუმ ერთი პუნქტი სკოლის ფორმების შესაძენად

პუბლიკა

გივი მიქანაძის თქმით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მინიმუმ ერთი პუნქტი გაიხსნება, სადაც მოქალაქეებს სასკოლო ფორმის ფიზიკურად შეძენა შეეძლებათ.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, განათლების მინისტრის თქმით, საზოგადოებისთვის სარეალიზაციო პუნქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, მომავალი კვირიდან ამოქმედდება ონლაინპლატფორმაც, რომლის საშუალებითაც მშობლებს შვილებისთვის სასკოლო ფორმის ონლაინ გამოწერა შეეძლებათ.

მიქანაძე ამბობს, რომ „როგორც საცალო ვაჭრობის ობიექტებში, ისე ონლაინშეძენის შემთხვევაში, სხვადასხვა ბანკის მხრიდან მომხმარებლებისთვის საშეღავათო „ქეშბექ“ პოლიტიკა იმოქმედებს და ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება“.

განათლების სამინისტრომ ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმები მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიყიდება.

ამასთან, II-VI კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების მიღება საქართველოში ორ ეტაპად – 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება ფასებს: პიჯაკი 45 ლარი ღირს, ხოლო შარვალი და ქვედაკაბა – 25 ლარი.

სასკოლო ფორმებს სამინისტრო ჩინური კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ ყიდულობს.

„ქართულმა ოცნებამ“ საჯარო სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახადა.