კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალს ეცნობა გარემოებები, რის გამოც ვერ გავცემდით თანხმობას ფილმის საჯარო ჩვენებაზე

პუბლიკა

ეროვნული კინოცენტრი ეხმაურება ფილმ „ცრემლსადენი გაზის“ რეჟისორის, უტა ბერიას განცხადებას, რომ კინოცენტრმა ლოკარნოს ფესტივალს ფილმის ჩვენებიდან მოხსნა მოსთხოვა და საჯარო ჩვენების შემთხვევაში დაჯარიმებითაც დაემუქრა.

კინოცენტრმა დაადასტურა, რომ ლოკარნოს ფესტივალს „აცნობეს გარემოებები, რის გამოც ვერ გავცემდით თანხმობას ფილმის საჯარო ჩვენებაზე“.

კინოცენტრის თანახმად, ლოკარნოს ფესტვალს საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა „შეუძლებელი გახდა“, „ვინაიდან ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს“. კინოცენტრი ამბობს, რომ ჩვენებასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა მათ საპროდიუსერო კომპანიამ მოსთხოვათ.

უტა ბერიამ ასევე თქვა, რომ 2022 წელს კინოცენტრის კონკურსში გამარჯვების მიუხედავად, მოგებული თანხის ნახევარი არ მიუღია.

თავად კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ცრემლსადენი გაზის“ გადაღებისთვის უტა ბერიას 500 ათასი ლარი უნდა მიეღო.

კინოცენტრი წერს:

„ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ და ფილმის წარმოებისთვის საპროდიუსერო კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 279 625 ლარი.

ეროვნულ კინოცენტრს საპროდიუსერო კომპანია შპს „1991 ფროდაქშენსის“ დირექტორმა წერილით აცნობა, რომ ფილმი ნაჩვენები იქნებოდა ლოკარნოს ფესტივალის სექციაში – „Cineasti del Presente“, საპროდიუსერო კომპანიის მიერ მოთხოვნილი იყო ჩვენებასთან დაკავშირებით ეროვნული კინოცენტრის პოზიციის დაფიქსირება. ვინაიდან ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა.

აღნიშნული გარემოება ეროვნულმა კინოცენტრმა 2026 წლის 24 ივლისს, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით აცნობა ფილმის საპროდიუსერო კომპანიას. აგრეთვე, შემდგომი შესაძლო გაუგებრობის ან/და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ლოკარნოს კინოფესტივალს ეცნობა გარემოებები, რის გამოც ეროვნული კინოცენტრი კანონმდებლობის შესაბამისად ვერ გასცემდა თანხმობას ფილმის საჯარო ჩვენებაზე.

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კინოფესტივალი დამოუკიდებლად ადგენს ფესტივალის პროგრამას და ამ პროცესზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენება შედგა 2026 წლის 12 აგვისტოს, ხოლო ეროვნულმა კინოცენტრმა წერილი გაუგზავნა საპროდიუსერო კომპანიას 2026 წლის 24 ივლისს, რაც სრულიად საკმარისი დრო იყო საპროდიუსერო კომპანიის მიერ ეროვნულ კინოცენტრში დასრულებული ფილმის წარმოდგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით საჯარო ჩვენების უფლების მოპოვებისთვის“.

კინოცენტრი საქართველოში მოქმედი ერთადერთი სახელმწიფო კინოფონდია. მისი მიზანია ხელი „შეუწყოს ქართული კინემატოგრაფის განვითარებას, რაც გულისხმობს წარმოების პროცესის ხელშეწყობას, დისტრიბუციის გამართვასა და ქართული კინოს პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“.

2023 წლის აგვისტოდან 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს აცხადებს „მიტაცებულ კინოცენტრთან“ თანამშრომლობაზე. ბოიკოტს წინ უძღოდა მაშინდელი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დაანონსებული „რეფორმა“ და „საკადრო წმენდა“.

16 აგვისტოს ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა, „ცრემლსადენი გაზი“ დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო. რეჟისორმა მიღებული ჯილდო სინდისის პატიმარ მათე დევიძეს მიუძღვნა.

ფილმის ნაწილი თბილისში მიმდინარე საპტოტესტო აქციების დროს არის გადაღებული.

ფილმში 16 წლის ელენე და თავისი ოჯახის წევრები სამოქალაქო პროტესტის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. თავისუფლებისთვის საყოველთაო ბრძოლის ფონზე, ელენეს მოუწევს თვალი გაუსწოროს თავისი ოჯახის დაშლის მიზეზებს