გიორგი ბუტიკაშვილის თვალსაზრისი
რა არის რუსოფობია?
ერთი შეხედვით, პასუხი მარტივია. სიტყვა „ფობია“ არარაციონალურ შიშს ან სიძულვილს გულისხმობს. შესაბამისად, რუსოფობია უნდა ნიშნავდეს ადამიანის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსია.
მაგრამ რა ხდება, თუ რუსოფობიად რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გაპროტესტებაც გამოცხადდა? თუ რუსოფობიაა ბათუმის სანაპიროზე რუსი ტურისტისთვის იმის შეხსენება, რომ მისი ქვეყანა საქართველოს ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს? თუ რუსოფობიაა უარი რუსეთში კონცერტის გამართვაზე? და ბოლოს, თუ ასეთი „რუსოფობია“ საქართველოს ეკონომიკისთვის საფრთხედ, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად გამოცხადდა?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ირაკლი კობახიძის ბოლო ბრიფინგის მოსმენა არ კმარა. ცოტა უკან უნდა დავიხიოთ და შევხედოთ დიდ სურათს.
2026 წლის 24 მაისს ვლადიმირ პუტინმა საერთაშორისო ანტიფაშისტური ფორუმის მონაწილეებს მიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა მსოფლიოს „კონსტრუქციულ ძალებს“ მოუწოდა გაერთიანებულიყვნენ ქსენოფობიის, ნეონაციზმის, ანტისემიტიზმისა და რუსოფობიის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა „სამართლიანი, დემოკრატიული და მრავალპოლარული სამყაროს“ მშენებლობას დაუკავშირა.
სამი თვის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაური სპეციალურ ბრიფინგს მართავს და გვიხსნის, რომ საქართველოში რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივება „დიპ სტეიტის“ ახალი გეგმის ნაწილია.
დამთხვევაა? შესაძლოა. მაგრამ ასეთ შემთხვევებში საინტერესო ცალკეული სიტყვების დამთხვევა კი არა, ნარატივის ლოგიკაა.
რუსული პროპაგანდის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ყოველთვის იყო მნიშვნელობების შეცვლა. პოლიტიკური მოვლენა ჯერ სხვა სახელით უნდა მონათლო, შემდეგ ამ ახალ სიტყვას ემოციური შინაარსი მისცე და ბოლოს საზოგადოება დაარწმუნო, რომ სწორედ ამ ახალი „საფრთხისგან“ იცავ. (გავიხსენოთ გარეჯი საქართველოა–ს წინასაარჩევნო კამპანია)
მაგალითად, უკრაინის წინააღმდეგობა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკისადმი შეიძლება „რუსოფობიად“ გადაიქცეს. დასავლეთის სანქციები: „ეკონომიკურ ომად“. დამოუკიდებელი მედია: „უცხოურ აგენტად“. პროტესტი: „დესტაბილიზაციად“. ხოლო როდესაც ეს სიტყვები საკმარისად ხშირად მეორდება, ახალი რეალობაც იწერება.
სწორედ ამას ევგენი მესნერი ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში ფსიქოლოგიური ომის მთავარ ამოცანად აღწერდა: თანამედროვე ომში მხოლოდ ტერიტორია არ არის დასაპყრობი, მთავარი სამიზნე მოწინააღმდეგის საზოგადოებრივი ცნობიერება და პოლიტიკური ნებაა. თანამედროვე ინფორმაციულ გარემოში ამას ტანკი ხშირად საერთოდ აღარ სჭირდება. საჭიროა საზოგადოება დაარწმუნო იმ „სიმართლეში“, რომელიც შემდეგ მის ქცევას შეცვლის.
და მაინც, რატომ რუსოფობია? ამის გასაგებად ბელარუსს გადავხედოთ.
2020 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ლუკაშენკოს ხელისუფლებამ პროტესტი დასავლეთის მიერ მართულ ოპერაციად გამოაცხადა. დასავლეთი თითქოს ბელარუსის რუსეთისგან მოწყვეტასა და ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობდა. ლუკაშენკო მოგვიანებით პირდაპირ ამბობდა, რომ საპროტესტო მოძრაობას დასავლეთი აფინანსებდა და პოლონეთიდან მართავდა.
2021 წელს შემდეგი ნაბიჯიც გადაიდგა. დასავლური სანქციები უკვე უბრალოდ სანქციები კი არ იყო, ისინი „ომი“, საერთაშორისო შანტაჟი და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევა გახდა. ოპოზიცია კი წარმოდგენილი იყო როგორც ამ გარე ზეწოლის ადგილობრივი ინსტრუმენტი.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ნარატივი მთლიანად რუსულ ჩარჩოს შეერწყა. ლუკაშენკო საუბრობდა ბელარუსის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან „ჰიბრიდულ ომზე“, რომელიც საინფორმაციო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას მოიცავდა და რომლის საბოლოო წერტილიც, მისი სიტყვებით, სამხედრო აგრესია შეიძლებოდა ყოფილიყო.
შემდეგ იწყება უკვე ნაცნობი სურათი.
დასავლეთი ქმნის მტრულ გარემოს. დასავლეთი ავრცელებს რუსოფობიას. დასავლეთი სანქციებით აზიანებს ეკონომიკას. ადგილობრივი ოპოზიცია დასავლეთის ინსტრუმენტია. პოლიტიკური წინააღმდეგობა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად იქცევა.
2025 წელს ლუკაშენკომ მოსკოვში უკვე პირდაპირ განაცხადა: ბელარუსში რუსოფობია არ არსებობს და რუსეთთან ერთობა საერთო ისტორიის, რელიგიისა და ტრადიციების ბუნებრივ გაგრძელებად წარმოადგინა.
2026 წელს კი ის ამბობს, რომ ბელარუსის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომი“ გრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრაექტორია ასეთი აღმოჩნდა:
პროტესტი – უცხოური ჩარევა – ანტირუსული განწყობა – რუსოფობია – ეკონომიკური ომი – ეროვნული უსაფრთხოება – რეპრესიის გამართლება.
ახლა დავბრუნდეთ საქართველოში.
5 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით დაიწყო გამოძიება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მასალებზე, რომელთა მიზანიც, უწყების ვერსიით, საქართველოში რუსი ტურისტებისთვის არასასურველი გარემოს არსებობის ხელოვნური წარმოჩენა და საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანება იყო. საბოტაჟის მუხლი ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რამდენიმე დღეში კობახიძემ რუსოფობიას უკვე სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. თუმცა აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რას უწოდებს ე.წ. ხელისუფლება რუსოფობიას. მაგალითად, 2023 წელს ბათუმში Astoria Grande–ს შემოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციას. გემზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა პუტინის პოლიტიკასა და საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება საჯაროდ თავად გამოხატა. რუსოფობია ყოფილა სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ლავროვის ოჯახის ქორწილის გაპროტესტებაც. რუსოფობია ყოფილა ბათუმის სანაპიროზე რუსი ტურისტებისთვის ოკუპაციის საწინააღმდეგო ბანერების ჩვენებაც.
შუალედური კითხვა: სად გადის ზღვარი ,,რუსოფობიასა“ და საზოგადოებრივ პროტესტს შორის? რუსი ადამიანის ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა ერთია. რუსეთის სამხედრო ოკუპაციის გაპროტესტება, სრულიად სხვა. როდესაც სახელმწიფო ამ ორს ერთ სიტყვაში აერთიანებს, ის ადამიანების უფლებების დაცვას კი არ ცდილობს, არამედ პოლიტიკურ პროტესტს უცვლის მნიშვნელობას.
და სწორედ აქ არის მთელი ოპერაციის გასაღები.
თუ ოკუპაციის საწინააღმდეგო ბანერი „რუსოფობიაა“, შემდეგ შეიძლება თქვა, რომ რუსოფობია რუს ტურისტებს აფრთხობს. თუ ტურისტი აღარ ჩამოდის, ზიანი ადგება ეკონომიკას. თუ ეკონომიკას შეგნებულად აზიანებ, ეს უკვე შეიძლება „საბოტაჟის“ ენაზე გადაითარგმნოს. ხოლო თუ ეს ყველაფერი „დიპ სტეიტის“ დავალებით ხდება, პოლიტიკური პროტესტი საბოლოოდ უცხო ქვეყნის მიერ მართულ სახელმწიფო უსაფრთხოების საფრთხედ გადაიქცევა.
ლოგიკური ჯაჭვი ასე ლაგდება:
ოკუპაციის წინააღმდეგობა – რუსოფობია – უცხოური მართვა – ეკონომიკური ზიანი – საბოტაჟი – სახელმწიფო უსაფრთხოება.
კობახიძემ ბრიფინგზე ეს ლოგიკა თითქმის სრულად ჩამოაყალიბა: მისი თქმით, „დიპ სტეიტის“ ადგილობრივმა აგენტურამ უნდა შექმნას ისეთი რუსოფობიური გარემო, რომ რუსი ტურისტები საქართველოში აღარ ჩამოვიდნენ, რუსეთმა ეკონომიკური ურთიერთობები შეწყვიტოს, საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალოს და საბოლოოდ პროცესი სამხედრო კონფლიქტამდე მივიდეს. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. ზღაპარი რომ იყოს, ასე დასრულდება, თუმცა „ქართული კოშმარი“ სხვა ლოგიკით მოქმედებს.
შემთხვევითი სიტყვები აქ აღარ გვაქვს. გვაქვს დასრულებული პოლიტიკური კონსტრუქცია.
საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება.
CRRC-ის 2024 წლის კვლევაში საქართველოს მოსახლეობის 69% რუსეთს საქართველოს მთავარ მტრად მიიჩნევდა. IRI-ის 2023 წლის კვლევაში კი 77% რუსეთს ქვეყნის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ ასახელებდა.
რატომ? ამის ახსნას „დიპ სტეიტი“ ნამდვილად არ სჭირდება. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი აქვს ოკუპირებული. რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქეები დახოცეს და ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციეს. მოსკოვმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა. საოკუპაციო ძალები დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე დგანან.
ანუ მიზეზი რეალურ სამყაროში არსებობს.
რუსოფობიის ნარატივის ამოცანა კი ამ მიზეზისა და შედეგის ადგილების შეცვლაა.
რუსეთის ქმედებები აღარ ქმნის რუსეთისადმი უარყოფით დამოკიდებულებას. პირიქით, უარყოფით დამოკიდებულებას ქმნის დასავლეთი, ხოლო რუსეთი ამ ხელოვნურად შექმნილი მტრობის მსხვერპლად გვევლინება. ეს უკვე კარგად ნაცნობი რუსული მეთოდია. ჯერ მიზეზი გააქრე. შემდეგ შედეგი პრობლემად გამოაცხადე. და ბოლოს იმ ადამიანს დააბრალე პრობლემა, ვინც მიზეზზე მიუთითებს.
ამ ყველაფერს განსაკუთრებით უცნაურ ფონს ქმნის ისიც, რომ 2024 წლის ბოლოს რუსეთში დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალური „რუსოფობიის“ მუხლის დამატებაზე მუშაობა, რომელიც უცხოელ მოქალაქეებსა და რუსეთის ფარგლებს გარეთ ჩადენილ ქმედებებსაც შეიძლება შეეხოს. 2026 წლის ივნისშიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში კვლავ საუბრობდნენ საზღვარგარეთ იმ ადამიანების წინააღმდეგ ზომების აუცილებლობაზე, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ებრძვიან და, მათი განმარტებით, რუსოფობიას აღვივებენ.
საქართველოში ასეთი კანონი ჯერ არ არსებობს, მაგრამ კანონის დაწერამდე ყოველთვის დისკუსია ჩნდება, სატელევიზიო დებატი, დებატი სოციალურ ქსელში, იზომება განწყობები და იბადება ახალი დისკურსი. საზოგადოებას ჯერ უნდა აუხსნა, რომ არსებობს პრობლემა. შემდეგ უნდა დაარწმუნო, რომ პრობლემა საშიშია. შემდეგ დაუკავშირო ის ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას. ამის შემდეგ უკვე სამართლებრივი ჩარევა გაცილებით ბუნებრივად გამოიყურება.
სწორედ ამიტომ არის სუსის მიერ „საბოტაჟის“ მუხლის გამოყენება განსაკუთრებულად საყურადღებო. ხოლო კობახიძის ბრიფინგი უკვე გვაჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს ამ სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური შეფუთვა. და მაინც, რა არის ამ ახალი „რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის“ საბოლოო ამოცანა? არა ის, რომ ქართველებს რუსეთი შევაყვაროთ. ეს რთული ამოცანაა და ე.წ. ხელისუფლებას არც სჭირდება.
საკმარისია საზოგადოება დარწმუნდეს, რომ რუსეთის წინააღმდეგობა სახიფათოა.
რომ თუ ხმამაღლა გააპროტესტებ: ტურისტი აღარ ჩამოვა. თუ ტურისტი აღარ ჩამოვა: ეკონომიკა დაზარალდება. თუ ეკონომიკა დაზარალდება: ქვეყანა დასუსტდება. თუ ქვეყანა დასუსტდება: ომი გარდაუვალი იქნება. ხოლო ვინც ამ ჯაჭვს არ ეთანხმება, შეიძლება აღმოჩნდეს „აგენტურის“, „საბოტაჟის“ ან სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლის მხარეს.
საქართველოს საზოგადოებას წლების განმავლობაში ჰქონდა მარტივი რეალობა: რუსეთი ოკუპანტია, ხოლო დასავლეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მთავარი საერთაშორისო მხარდამჭერია.
ახალი რეალობა სხვანაირად უნდა გამოიყურებოდეს: რუსეთი რთული მეზობელია, რომელთანაც ურთიერთობა აუცილებელია. დასავლეთი კი ძალაა, რომელიც საქართველოს რუსეთთან აპირისპირებს, ეკონომიკას უნგრევს და ომში ითრევს. ასეთი ცვლილება ერთ დღეში არ ხდება. არც განცხადება იქნება გაკეთებული, რომ საქართველო რუსეთის მოკავშირე გახდა. ამის საჭიროებაც არ არსებობს. საკმარისია ეტაპობრივად შეიცვალოს სიტყვების მნიშვნელობა. ოკუპაციის წინააღმდეგობა გახდეს რუსოფობია. დასავლეთი – მტერი. რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულება – მშვიდობის გარანტია. ხოლო ხელისუფლების პოლიტიკა – ერთადერთი გზა ომის თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე წლის წინ რუსეთის ჰიბრიდულ ომზე წერისას ვახსენებდი რუს სამხედრო თეორეტიკოს სერგეი რასტორგუევის იდეას: მოწინააღმდეგე ინფორმაციული ზემოქმედებით ისე უნდა გაწვრთნა, რომ საკუთარი ჯავშანი თავისი ხელით მოიხსნას.
დღეს კითხვა უკვე აღარ არის, მუშაობს თუ არა ეს მეთოდი საქართველოში.
კითხვა სხვაა:
როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავად გვარწმუნებს, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ პროტესტი შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე იყოს, ვისი ხელით ვიხსნით საკუთარ ჯავშანს?
რუსეთის ჰიბრიდული ომის ყველაზე წარმატებული ფორმა ხომ სწორედ ის არის, როდესაც მოწინააღმდეგის დასამორჩილებლად რუსეთს საკუთარი ხმის გამოყენებაც აღარ სჭირდება.
ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? დასკვნის მაგიერი: როგორ ვუპასუხოთ „რუსოფობიის“ ნარატივს?
პირველი შეცდომა იქნება, თუ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ დისკუსიაში შევალთ და დავიწყებთ მტკიცებას, ვართ თუ არა „რუსოფობები“. ეს უკვე მათი მოედანია.
საქართველოს საზოგადოებას არ სჭირდება არც რუსი ადამიანის სიძულვილი და არც ამის გამართლება. სრულიად საკმარისია ერთმანეთისგან მკაფიოდ გავმიჯნოთ: ადამიანი, სახელმწიფო და რეჟიმი. რუსი ტურისტის ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა მიუღებელია. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გაპროტესტება – არა; არც პუტინის რეჟიმის კრიტიკა; არც რუსული პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა; მით უმეტეს არც საქართველოს მოქალაქის მოთხოვნა, რომ საკუთარ ქვეყანაში ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები იდგეს. სწორედ ამ ზღვრის წაშლას ცდილობს კობახიძის ახალი ნარატივი.
ამიტომ პასუხიც ამ ზღვრის აღდგენაა. მაგრამ მხოლოდ სიტყვებით არა. თუ რუსეთის ეკონომიკურ ბერკეტებზე დამოკიდებულება მართლაც წარმოადგენს საქართველოს მოწყვლადობას, პასუხი რუსი ოკუპანტის დაცვა კი არა, საქართველოს ეკონომიკური არჩევანის გაფართოებაა: მეტი ევროპული ბაზარი, მეტი დასავლური ინვესტიცია, მეტი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ნაკლები შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოსკოვმა ღვინო, ტურიზმი, ენერგია თუ სავაჭრო ურთიერთობები პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს.
ეს არის რეალური სუვერენიტეტი.
მეორე პასუხი სამართლებრივი ზღვრის დაცვაა.
სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მისთვის არასასურველი პოლიტიკური პოზიცია ჯერ „რუსოფობიად“ მონათლოს, შემდეგ ეკონომიკურ ზიანად, ბოლოს კი „საბოტაჟად“ გადააქციოს. ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც პოლიტიკური გამოხატვა ეროვნული უსაფრთხოების ენაში ითარგმნება, საზოგადოებამ ძალიან მარტივი კითხვა უნდა დასვას: კონკრეტულად რა დანაშაული მოხდა და სად არის მტკიცებულება? ამ კითხვაზე პასუხის მოთხოვნა ავტორიტარული ნარატივისთვის ყოველთვის პრობლემაა, რადგან პროპაგანდას ბუნდოვანება სჭირდება, სამართალს კი, კონკრეტიკა.
და კიდევ ერთი რამ.
შიშით ამ ნარატივს ვერ დავამარცხებთ. თუ საზოგადოებას ყოველდღე ვეტყვით, რომ ხვალ ყველას დაგვიჭერენ, ყველაფერს აკრძალავენ და რეჟიმს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ხელისუფლებისთვის ნახევარ სამუშაოს თავად შევასრულებთ. ავტორიტარული პროპაგანდის ერთ–ერთი მთავარი მიზანი ხომ სწორედ ეს არის, ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნდეს, რომ წინააღმდეგობას აზრი აღარ აქვს და გაჩერდეს.
და ბოლოს, „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი.“