გარდაცვლილი სტიქაროსნის, 23 წლის თემურ ხადურის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს

პუბლიკა

გარდაცვლილი სტიქაროსნის, 23 წლის თემურ ხადურის ოჯახის წევრები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.

ამ მოთხოვნით მათ ქუთაისის რაიონულ პროკურატურასთან აქცია გამართეს.

23 წლის თემურ ხადური დაკარგულად ითვლებოდა 2024 წლის 25 აგვისტოდან, ხოლო მისი ცხედარი თერჯოლის სოფელ სიმონეთთან 2024 წლის 28 აგვისტოს იპოვეს.

ოჯახის წევრების მტკიცებით, თემურ ხადური სამართალდამცველებმა მოკლეს.

ოჯახის წევრების თქმით, თემურ ხადურმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინა, რის შემდეგაც პოლიცია მას დაედევნა. დადევნებიდან რამდენიმე წუთში მისი კვალი წყდება.

ოჯახი ხადურს 3 დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც მწყემსმა მისი ცხედარი მდინარეში იპოვა. ოჯახი ამბობს, რომ სამედიცინო დასკვნის თანახმად, მის ცხედარს დაზიანებები ჰქონდა, თუმცა, დაუდგენელია, როგორ მიიღო მან ეს დაზიანებები.

თემურ ხადურის დედა, ნინო გვიშიანი ეჭვობს, რომ ბიჭს პოლიციელებმა სასტიკად სცემეს და „შემოაკვდათ“, რის შემდეგაც ის მდინარეში გადააგდეს.

გვიშიანი პროკურატურას მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გეგმავს, პროტესტი თბილისში გადაიტანოს.