ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
შავ ზღვაში სატვირთო გემზე უცნობი წარმომავლობის დრონის თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, თავდამსხმელი დრონი უკრაინული იყო თუ რუსული.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონში ორ სატვირთო გემს და მათ გამცილებელ ბუქსირს დაარტყეს. მოსკოვის მტკიცებით, გემებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი ტვირთი გადაჰქონდათ. რუსეთის ხელისუფლებას არ დაუზუსტებია, იყო თუ არა ერთ-ერთი მათგანი ის გემი, რომელზეც აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა.
სომალის დროშის ქვეშ მცურავ გემ TEDY-ს, რომელიც თურქულ კომპანია Mert Marine Corporation-ს ეკუთვნის, 9 სექტემბერს უკრაინის ოდესის პორტთან დრონებით დაესხნენ თავს. 10 სექტემბერს, გამთენიისას, როდესაც გემი რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანცისკენ მიემართებოდა, მას კიდევ ორი დრონით შეუტიეს.
გემის ეკიპაჟში ოთხი აზერბაიჯანელი, სამი თურქი, ორი გერმანელი და ერთი უკრაინელი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ორი მეზღვაური – ასლან ალიევი და ასიმ გასიმოვი დაიღუპა. ეკიპაჟის სხვა წევრების მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
კიდევვ ორმა აზერბაიჯანელმა: იმრან ნოვრუზოვმა და რაუფ ალიევმა დამწვრობა მიიღეს და ოდესის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობენ.
„ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ მისიებთან, ასევე შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან კოორდინირებულად მუშაობს. მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ჩვენი დაშავებული მოქალაქეები სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის დასრულების შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდნენ, მათ გაეწიოთ აუცილებელი საკონსულო დახმარება და ასევე განხორციელდეს დაკრძალვის პროცედურები“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში მოგზაურობისგან, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია, ასევე თავი შეიკავონ ასეთ ტერიტორიებზე შრომითი საქმიანობისგან და იმ სატრანსპორტო საშუალებებზე მუშაობისგან, რომლებიც ამ მარშრუტებზე გადაადგილდებიან, მათ შორის, გემებზე მუშაობისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეს შავ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების სერიის უახლესი შემთხვევაა, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა. ივნისში აზოვის ზღვაში ერთ-ერთ გემს დრონით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ოთხი აზერბაიჯანელი ეკიპაჟის წევრი დაიღუპა, კიდევ ოთხი კი დაშავდა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.