ექიმ მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

პუბლიკა

ახმეტაში დაკავებულ ექიმ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ექიმი პატიმრობიდან თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

ექიმი ნევროლოგი მაია კოხტაშვილი ახმეტაში 10 სექტემბერს დააკავეს. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მესამე პირზე რეცეპტის გაწერას ედავებიან.

როგორც თავად მაია კოხტაშვილმა სასამართლოზე თქვა, მასთან მივიდა პირი, რომელმაც უთხრა, რომ ბებია ჰყავდა ავად და რადგან თავად მოხუცი ლოგინად იყო ჩავარდნილი, ითხოვა მედიკამენტ „გაბაპენტინის“ გამოწერა, რომელიც ბებიას ტკივილებს მოუხსნიდა. მასთან მისულ მოქალაქეს რეგისტრაციის თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა, ამის გამო თავი უხერხულად იგრძნო, რომ დახმარება არ გაეწია და გამოუწერა რეცეპტი. ექიმის კომენტარს „TV პირველი“ ავრცელებს, რომელიც თელავის რაიონული სასამართლოდან მაია კოხტაშვილის პროცესს აშუქებდა.

„მომიწია, დავარღვიე კანონი, დავწერე რეცეპტი, მოვიდა პირი, რომელმაც მითხრა ბებია მყავს ავად, სამწვერა ნერვის ანთება აქვსო, ჩამომითვალა მედიკამენტები, 1 წამალი მიღებული ჰქონდა – მითხრა ამან კარგად გაუყუჩაო. ეს ქალი იყო ჩაწოლილი, ცხოვროვდნენ ახმეტის შორს მდებარე სოფელში.

„გაბაპენტინი“ უხსნის ტკივილებსო და დავუწერე რეცეპტი – თანხა ქონდა გადახდილი რეგისტრაციის და უხერხულად ვიგრძენი თავი, რომ დახმარება არ გამეწია.

მე გავწერე წამალი, მესამედ რომ მოვიდა მითხრა ბებო კარგადაა წამალმა უშველააო, კიდევ გავუწერე წამალი და ვუთხარი კიდევ რო მოხვალ თანხა აღარ გადაიხადო, პირდაპირ გაგიწეერ-თქო“, – „TV პირველის“ მიხედვით, თქვა ექიმმა სასამართლოზე.

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი რომელიც ასევე პროცესს აშუქებდა წერს, რომ კოხტაშვილის საქმეში ფიგურირებს აგენტი ბექა მარტყოფლიშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი. სწორედ მან უთხრა ექიმს მწვავე ტკივილებით ჰყავდა ბებია – მაყვალა მარტყოფლიშვილი და მისთვის სჭირდებოდა მედიკამენტი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ჯარიმას ან 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


1 აპრილს ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, ფსიქოტროპული პრეპარატების დანიშვნა, გამოწერასა და შეძენაზე ექიმმა ფსიქოტროპულ მედიკამენტზე რეცეპტი ყოველ 14 დღეში ერთხელ უნდა გამოუწეროს და ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი.

ამავე წესით, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს. კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. დოზის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტთან არსებული დარჩენილი მედიკამენტის რაოდენობა. რეგულაცია ასევე განსაზღვრავს წესებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პრეპარატი დაკარგულია, დაზიანებულია ან განადგურებულია.


როგორც ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ კადრებში არ ჩანს, რომ ექიმი რეცეპტის გამოწერის გამო ფულს იღებს, ხოლო დანაშაული თავად საგამოძიებო სამსახურმა შექმნა.

„ექიმს ედავებიან, რომ რეგულაციის დარღვევით რეცეპტი არ უნდა გამოეწერა, მაგრამ როცა საქმე ამ ქმედების სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირებასა და ადამიანის დაკავებას ეხება, პირველ რიგში ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რომ საგამოძიებო სამსახურმა დანაშაული თავად შექმნა!

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ აგენტი ექიმთან სულ მცირე მეორედ არის მისული. ექიმი კალენდრის დღეებს ითვლის (და არა ფულს, ვინმეს ასე რომ არ ეგონოს). აგენტი ექიმს ეუბნება: „7-ში უნდა გადავიხადო… გადავიხადო კი არა, მოვიდე შემდეგზე?“ ექიმი პასუხობს: „არა, აღარ მოხვიდე, დამირეკე. მე დაგიწერ ჩემს ტელეფონს, დამირეკე და გამოგიწერ ისე.“ ამ დროს აგენტი ხელს იწვდის ექიმისკენ – სინამდვილეში ის აძლევს ქაღალდს ტელეფონის ნომრის დასაწერად და არა ფულს…

…ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით, თუ სახელმწიფოს წარმომადგენელი ან აგენტი პირს უბიძგებს/აქეზებს დანაშაულზე, რომელსაც ის სხვა შემთხვევაში არ ჩაიდენდა, ეს არის დანაშაულის პროვოცირება“, – წერს გელა მთივლიშვილი.