პროკურატურამ ბრალი წარუდგინა არასრულწლოვანს, რომელმაც ასევე არასრულწლოვანი დათო ნარიმანიძე დაჭრა – მიღებული დაზიანებების შედეგად ნარიმანიძე ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებით დაადგინა, რომ 10 სექტემბერს, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუვიდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკებისას დანით ჭრილობები მიაყენა. დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.