პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი „სამშობლოს ღალატის, ანუ საბოტაჟის“ მუხლით წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ბარამიძეს ბრალი „სამშობლოს ღალატის, ანუ საბოტაჟის“ მუხლით წარუდგინა –  სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატსად და საბოტაჟს გულისხმობს.

გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყება ბარამიძისთვის და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

მისი დაკავების საბაბი არის მიმდინარე წლის ივლისში იაგი ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებული განცხადება აფხაზეთის ომის შესახებ, რაზეც პროკურატურამ გამოძიება 2025 წლის 7 აგვისტოს დაიყო. მაშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიმართვა უწყებისადმი.

ამირან გულუაშვილმა გიორგი ბარამიძის დაკავებისა და ბრალის შესახებ გამართულ ბრიფინგზე თქვა:

„მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში“.

გულუაშვილის განცხადებით, „პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად გამოირიცხა, შეიარაღებული კონფლიქტისას საქართველოს შეიარაღებულ ძალების წარმომადგენლების თუ ომის მონაწილეთა მხრიდან ტყვეთა დახვრეტის ფაქტები“.

მისი თქმით, „გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას“.

პროკურატურის შეფასებით, „გიორგი ბარამიძის განცხადებით, შეილახა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი, აგრეთვე შეიქმნა სამართლებრივი და პოლიტიკური რისკები საერთაშორისო ინსტანციებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის და იურიდიული პროცედურების გაძლიერებისა და გამოყენებისათვის“.

„მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.

ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

გიორგი ბარამიძემ 18 ივლისს აფხაზეთის ომის შესახებ თქვა:

 „აღარ გვაძლევდნენ ისინი ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ხვრეტდნენ. აუცილებელი არ იყო აბსოლუტურად, როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია.

[წამყვანი – იქით მხრიდანაც ხომ იგივე ხდებოდა?]

იქ დისციპლინა იყო, იმიტომ, რომ იქ იყო რუსული დისციპლინა და ისინი იყვანდნენ ტყვეებს“, – განაცხადა ბარამიძემ.

მოგვიანებით მან თავისი განცხადება განმარტა:

„როდესაც მოწინააღმდეგე მხარე ჩვენ ომის დაწყების პირველ კვირებში სთხოვდა, რომ ჩვენც გადაგვეცა ვიღაცა, ჩვენ არ გვყავდა ტყვეები და ამასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ჩვენები ხვრეტდნენ-თქო, ანუ ჩვენები არ ინდობდნენ მტერს და ეს ბუნებრივია, როცა ომის დროს მტერს არ დაინდობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის არც ქართული სახელმწიფოს ბრალი, არც ქართული ჯარის ბრალი და ამას ვერავინ ვერსად ვერ წაგვიყენებს დანაშაულად“, – თქვა მან.

რაც შეეხება სამშობლოს ღალატის მუხლს – სისხლის სამართლის კოდექსის 307¹ მუხლი – ის საქართველოს კანონმდებლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის პირველი აპრილიდან დააბრუნა – მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან 18 წლის წინ, 2007 წელს ამოიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ.

„ქართული ოცნების“ მიერ  მიღებული ნორმის მიხედვით, „სამშობლოს ღალატად“ ითვლება საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ კონკრეტულად რომელიმე სახელმწიფოებრივი დანაშაულების ჩადენა, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 308-ე, 309-ე, 310-ე, 311-ე, 312-ე, 313-ე, 314-ე, 315-ე, 318-ე ან 319-ე მუხლებით.

307¹ მუხლი ცალკეაღებულად არ ითვალისწინებს სასჯელის დაკისრებას – ეს უფრო სამართლებრივი კვალიფიკაციაა, ერთგვარი იარლიყი, რომელიც სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ენიჭება – პირი ისჯება არა უშუალოდ „სამშობლოს ღალატისთვის“ განსაზღვრული ცალკე სასჯელით, არამედ იმ კონკრეტული დანაშაულის შესაბამისი მისი სანქციით, რომლის ჩადენაც სამშობლოს ღალატად არის კვალიფიცირებული. ამ შემთხვევაში საუბარია საბოტაჟისთვის განსაზღვრულ სასჯელზე.