მოსამართლე ხუჭუამ facebook-ში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა

პუბლიკა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ შეწყვიტა საქმის წარმოება მოქალაქის წინააღმდეგ, რომელსაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო Facebook-კომენტარის გამო წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლის პირველ ნაწილს) ედავებოდა.

საქმეზე გადაწყვეტილება თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 4 სექტემბერს მიიღო. ამავე გადაწყვეტილებიდან სასამართლო შეფასებისა და დასკვნის ნაწილს ავრცელებს. 

მოსამართლის თქმით, საქმეში საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (ინფორმაცია) იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ში „M. S.“-ს სახელწოდების პროფილი ეკუთვნის მ. ს-ს. ასევე, სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ მ.ს. იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ 2025 წლის აპრილიდან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, ვინ შექმნა Facebook-პროფილი, ვინ სარგებლობდა მისით და კონკრეტულად ვინ დაწერა სადავო კომენტარი. ასევე, საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი არც ინტერნეტპროვაიდერის ან სოციალური ქსელის მონაცემები და არც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.

მოსამართლის შეფასებით, მსგავსი მტკიცებულებების გარეშე მოქალაქისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ იქნება დასაბუთებული და ასეთი მიდგომა ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას არ შეესაბამება.

სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ Facebook-პროფილისა და ფოტოს ამოცნობა საკმარისი მტკიცებულება ვერ იქნება იმის დასადასტურებლად, რომ კომენტარი კონკრეტულმა ადამიანმა დაწერა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში სხვისი სახელითა და ფოტოებით პროფილის შექმნა შესაძლებელია, ამიტომ ბრალეულობის დასამტკიცებლად ადმინისტრაციულმა ორგანომ სანდო და უტყუარი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს მოქალაქეს კი საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება არ ევალება.

როგორც მოსამართლე გადაწყვეტილებაში წერს, თუნდაც დადასტურდეს, რომ Facebook-პროფილი კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სადავო კომენტარიც სწორედ მან დაწერა. ამის დასამტკიცებლად აუცილებელია კონკრეტული პირის მიერ ქმედების განხორციელების უტყუარი დადასტურება.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეს აქვს უფლება, საერთოდ არ უპასუხოს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, არ წარადგინოს საკუთარი პოზიცია და არც სასამართლოში გამოცხადდეს. მოსამართლე წერს, რომ მტკიცებულებების მოპოვებისა და ბრალეულობის დამტკიცების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. ამ საქმესთან დაკავშირებით კი სასამართლოში არ იყო წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო კომენტარი ნამდვილად მ.ს.-მ დაწერა.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ძირითად მტკიცებულებად წარმოდგენილი სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირების თაობაზე ოქმის სამართლებრივი საფუძველი გაურკვეველი და ბუნდოვანია. სასამართლო არ განავრცობს მსჯელობას ოქმში მითითებულ ამოცნობასთან დაკავშირებით, რომლის გარემოებები (მეთოდი, საფუძველი და სხვა) საერთოდ ვერ ირკვევა” – ნათქვამია ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ვლადიმერ ხუჭუა წერს, რომ ზოგადად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ –  მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი უნდა წარადგინოს.

„აღნიშნული სტანდარტის მტკიცებულებების წარმოდგენის აუცილებლობას განსაზღვრავს განსახილველი საკითხი, როდესაც პრაქტიკულად იხილება სისხლის სამართლის ბრალდების ბუნების საქმე, რადგან არსებობს საფრთხე პირს განესაზღვროს ხანგრძლივი პატიმრობა (20 დღემდე) ან მაღალი ჯარიმა (500 ლარიდან 3 000 ლარამდე).

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ასევე იმ გარემოებას, რომ საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არსებულ გარკვეულ სისხლის სამართლის საქმეებში, მათ შორის, ძალადობრივ დანაშაულებზე, სასჯელის სახედ და ზომად დგინდება ჯარიმა 1000-2000 ლარის ოდენობით და მსაჯვრდებული პირი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ არის პატიმარი. ზემოაღნიშნული ხშირად იკვეთება სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევებში. ამდენად, ცხადია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია (სამართალდამრღვევისთვის მოსალოდნელი სასჯელი) პრაქტიკულად უტოლდება და ხშირად აჭარბებს კიდეც რიგ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოყენებულ სანქციებს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სამართალდარღვევის საქმეებზე შეუძლებელია მხარეები შეთანხმდნენ და გააფორმონ საპროცესო შეთანხმება”-  წერია თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

შსს-ში ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის შემადგენლობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო 2026 წლის 1 ივნისს ამოქმედდა. უწყების განმარტებით, მისი მთავარი ფუნქცია სოციალურ ქსელებსა თუ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა მონიტორინგია. მათზე რეაგირების მიზნით ე.წ „სქროლვა-სქრინვის” სამმართველოს თანამშრომლები სამართალდარღვევის ოქმებს ადგენენ და საქმეებს სასამართლო განიხილავს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე წარმოება 166-ე და 173-ემუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებასა და საჯარო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. აღნიშნული სამართალდარღვევები ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.