საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, მათთვის ცნობილი იყო, რადგან „სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე“.
„პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე. განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.
ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“, – წერს ჯაღმაიძე.
13 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ სამთავრობო „რუსთავი 2-ის“ ეთერში დებატებზე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა:
„თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული. პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 000 დაიხარჯა. იქ ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა. ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“, – თქვა კობახიძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისთვის 20 მარტს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ექვს უწყებას სულ 5.59 მილიონი ლარი გამოუყო, მათ შორის 3 მილიონი ლარი – კულტურის სამინისტროს.
ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, ამ თანხიდან კულტურის სამინისტრომ მხოლოდ 722.6 ათასი ლარი დახარჯა. დაკრძალვის ცერემონიალის შემდეგ, 8 მაისს, მთავრობამ ცვლილება შეიტანა სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ განკარგულებაში – ახალი განკარგულებით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ზუსტად 722.6 ათას ლარამდე, ხოლო სულ ჯამური თანხა 2.56 მილიონ ლარამდე შემცირდა.
სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია არანაირი ინფორმაცია, როგორ დაიხარჯა პატრიარქის დაკრძალვის დღისთვის გამოყოფილი თანხა.