კალაძის მოადგილე: ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული, ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ

პუბლიკა

თბილისის მერის მოადგილის, კახა აბულაძის განცხადებით, „ფაქტია, რომ ნოროვირუსი ბაღებში გარედან არის შესული“. მისი თქმით, ელოდებიან გამოძიების დასრულებას იმის გასარკვევად, საიდან მოხდა დაინფიცირება.

აბულაძემ ბაღების საკითხზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ნოროვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ თბილისის საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან და აქვთ ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ.

კახა აბულაძე აცხადებს, რომ ბაღებში ვირუსული პროცესები გაზაფხულზე და სააღმზრდელო წლის დასაწყისში აქტიურდება ხოლმე და ახლაც ასეთ დროს დაფიქსირდა ავადობა.

„დღეის მდგომარეობით, ბავშვებში გართულება არ გვქონია და აბსოლუტური უმრავლესობა გაწერილია სახლებში. ჩვენი აღსაზრდელები რამდენიმე დღეში საჯარო ბაღებში დაბრუნდებიან. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაინფიცირებულ პაციენტებს შორის, მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან.

გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ სპეციალისტთან, მათ შორის პრაქტიკოს ექიმთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ეს არ არის მხოლოდ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პროცესი.

მაგალითად, გუშინ პედიატრმა თემურ მიქელაძემაც აღნიშნა, რომ ნოროვირუსის შემთხვევები მოსახლეობის სხვა ჯგუფებშიც ფიქსირდება, თუმცა, ჰოსპიტალიზაცია არ მომხდარა, რადგან ვირუსის სიმპტომატიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვანაირად ვლინდება“, – განაცხადა კახა აბულაძემ.

მანვე ისაუბრა ბაღების მენიუებიდან რძის პროდუქრების დროებით ამოღებაზე.

კახა აბულაძის თქმით, გაითვალისწინეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც მნიშვნელოვანია, დაავადების მიმდინარეობისას არ მიიღონ რძე და სხვა ცხიმიანი საკვები.

„ცვლილებები მხოლოდ კვების მიმართულებით არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი გულისხმობს, მათ შორის, სანიტარული და ჰიგიენური მიმართულების სხვა რეჟიმს, რომელიდ ადაპტირებულია ბაღებში ვირუსული პერიოდისას.

რაც შეეხება კონკრეტულად რძის პროდუქტს, იქ მხოლოდ რძის პროდუქტზე არ არის საუბარი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ეს თავის განცხადებაშიც და ჩვენ ამ რეკომენდაციებს დავეყრდენით – დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ დაავადებულის მხრიდან არ მოხდეს რძის პროდუქტის მიღება, ცხიმის შემცველი პროდუქტის მიღება, ასევე, შემწვარი და სხვა ტიპის პროდუქტების მიღება. ეს დაავადებას კიდევ უფრო ამწვავებს.

ეს რეკომენდაცია 3-4 დღით მოგვეცა. ეს პერიოდი უკვე გადის და ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება საბავშვო ბაღებს, თავისი კალორაჟით“, – განაცხადა კახა აბულაძემ.

მერის მოადგილის მტკიცებით, „თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი“.