რუსეთი, ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოსგან „თავდაუსხმელობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს“ მოითხოვენ

პუბლიკა

რუსეთის საგარეოს ცნობით, რუსეთი, ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოსგან „თავდაუსხმელობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს“ მოითხოვენ.

უწყებამ ამის შესახებ განცხადება 23 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

„გამართული აზრთა გაცვლა-გამოცვლისას დადასტურდა ზოგადი განწყობა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ერთობლივი ქმედებების მჭიდრო კორდინაციის გაგრძელების თაობაზე, მათ შორის ნოემბერში ჩანიშნული მორიგი რაუნდის მოსამზადებლად.

ხაზი გაესვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოებით უზრუნველყოფის სამუშაოს პრიორიტეტულ ხასიათს. ამ მაგისტრალური ამოცანის გადაწყვეტა, მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის რწმენით, შეუძლებელია თბილისის მხრიდან ორი ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების, აგრეთვე, ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

საქართველოს თავდაუსხმელობის ვალდებულება წლებია, აღებული აქვს, ცალმხრივად, მათ შორის გაეროსა და ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წინაშე, როცა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

თუმცა რუსეთი ცდილობს, კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აქციოს, ხოლო თავად ეს სტატუსი მოიხსნას. ქართული მხარისთვის ეს ინიციატივა მიუღებელია.