ზელენსკი: ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ების წარმოების ლიცენზიის გაცემას საბოლოოდ დასთანხმდა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე უთხრა, რომ უკრაინისთვის „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების ლიცენზიის გაცემის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

„არსებობს კონკრეტული შეთანხმებები. ბოლო შეხვედრაზე პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით მითხრა: „დიახ, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე – უკრაინა „პატრიოტის“ რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მიიღებს“, – უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

მისივე განცხადებით, უკრაინამ ასევე მიაღწია შეთანხმებას „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების პარტიის მიწოდებაზე.

აშშ-ის მხრიდან ლიცენზიის გაცემის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებულა. 23 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

19 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და საბრძოლო მასალების შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა.

რამდენიმე კვირის წინ, 8 სექტემბერს, წევრი ქვეყნების შეთანხმების შედეგად ევროკავშირმა დაუშვა სპეციალური საგამონაკლისო წესი, რათა უკრაინამ ევროპული ფინანსური რესურსით ამერიკული წარმოების „პატრიოტის“ სისტემების შეძენა შეძლოს – ამისთვის უკრაინის მხარდამჭერი €90-მილიარდიანი სესხიდან €3.2 მილიარდი გამოიყო.