შსს: მკვლელობის მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ - ე.წ. კანონიერ ქურდ „წრიპას“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

„დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით, ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ალექსანდრე ქურასბედიანს მეტსახელად „წრიპას“ დაუკავშირდნენ და მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი განსაზღვრეს.

უშუალოდ მკვლელობის შესასრულებლად კი თბილისიდან გურიის რეგიონში ჩამოიყვანეს პირი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში მატერიალურ უზრუნველყოფასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მფარველობას დაჰპირდნენ.

ოპერატიული ღონისძიებებითა და საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, დასტურდება, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი, შეარჩიეს ჩასაფრებისა და თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილი და წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულის დაფარვის გეგმა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.