ევროკავშირის საბჭომ რუსეთში დემოკრატიული ოპოზიციის რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის რუსეთის 10 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის შეფასებით, სანქცირებული პირები მხარს უჭერენ დემოკრატიული ოპოზიციის რეპრესიებს და სერიოზულად უთხრიან ძირს რუსეთში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას.
სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე და გენერალური პროკურატურის ერთი თანამდებობის პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებაში, რომლის შედეგადაც პოლიტიკური პარტია „იაბლოკოს“ 2026 წლის სექტემბერში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. გადაწყვეტილების საფუძვლად „საავტორო უფლებების დარღვევა, ექსტრემიზმი“ და სხვა სახის გადაცდომები დასახელდა.
ევროკავშირის განცხადებით, „იაბლოკო“ ერთადერთი რუსული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ ომს.
სანქციები ასევე დაუწესდა მოსამართლეს, რომელმაც „იაბლოკოს“ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლევ შლოსბერგს, რუსეთის არმიის დისკრედიტაციისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების ბრალდებით 11 წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა სახელმწიფო ბრალმდებელი, რომელმაც შლოსბერგისთვის ასეთი მკაცრი სასჯელის დაკისრება მოითხოვა.
გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა მოსამართლეებს, რომლებიც „იაბლოკოს“ კიდევ ორი ცნობილი ლიდერის: მაქსიმ კრუგლოვისა და ნიკოლაი რიბაკოვის საქმეების განხილვაში მონაწილეობდნენ.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთში არსებული ვითარების გამო დაწესებული სანქციები ახლა უკვე 108 ფიზიკურ და 7 იურიდიულ პირზე ვრცელდება.
სანქცირებულ პირებს აქტივები გაეყინებათ. ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის ფინანსური სახსრების, ფინანსური აქტივებისა და ეკონომიკური რესურსების პირდაპირ ან ირიბად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ეკრძალებათ.
ევროკავშირის საბჭომ რუსეთში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებსა და ბოროტად გამოყენებაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის რეპრესიებსა და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელყოფაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების მექანიზმი 2024 წლის მარტში შექმნა.
ევროკავშირის განცხადებით, ახალი მექანიზმის შექმნა რუსეთში რეპრესიების დაჩქარებასა და სისტემურ ხასიათზე ევროკავშირის პასუხია. მექანიზმი ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა.