სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის თორნიკე რაზმაძის პროცესი ჩატარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის ადმინისტრაციული საქმის განხილვა გაიმართა. საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავს.

შსს რაზმაძეს 166-ე მუხლის პირველ ნაწილს – საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის, მარიამ კერესელიძის განცხადებით, თორნიკე რაზმაძეს „სახელისუფლებო გუნდის“ შეურაცხყოფას ედავებიან და არა რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფას.

სხდომაზე მარიამ კერესელიძემ განმარტა, რატომ არ დაიწყო შსს-მ საქმის წარმოება ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლით, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ითვალისწინებს.

მისი თქმით, 173¹⁶ მუხლი კვალიფიკაციისთვის კონკრეტული სახელისა და გვარის გამოკვეთას ითვალისწინებს და შსს-მ უნდა დაამტკიცოს, რომ მოქალაქემ პირს მისი თანამდებობის ან პოლიტიკური საქმიანობის გამო მიაყენა შეურაცხყოფა. კერესელიძის განმარტებით, თორნიკე რაზმაძის კომენტარში კონკრეტული სახელი არ იკვეთებოდა.

კერესელიძის თქმითვე, პოსტისა და კომენტარების გაანალიზებით ნათელი იყო, რომ „კონკრეტული გინება ამ შემთხვევაში მიემართებოდა სახელისუფლებო გუნდს“. თუმცა, რადგან კომენტარში კონკრეტული პირის სახელი არ იყო მითითებული, წარმოება 166-ე მუხლით დაიწყო, რომელიც საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ითვალისწინებს და კონკრეტული ადრესატის იდენტიფიცირებას არ მოითხოვს.

„რაც შეეხება იმას, რომ ბატონი თორნიკე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ თითქოს მარგარიტა სიმონიანის გინების გამო მოხდა მისი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა. ამ პოსტზე ბევრი კომენტარი იყო და, რა თქმა უნდა, მარგარიტა სიმონიანის შეურაცხმყოფელი კომენტარებიც იყო, მაგრამ შსს-ს არც ერთ მათგანზე არ დაუწყია რეაგირება, არც ერთი ოქმი ამ კონკრეტულზე არ ყოფილა შედგენილი. ეს არ იყო შემთხვევითობა ან უმნიშვნელო ფაქტი. ეს იყო, ჩვენი შეფასებით, ქართველი ხალხის რეაქცია ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის განცხადებებზე. აქედან გამომდინარე, შსს-სთვის მიზანი არ იყო, რომ თითქოს მარგარიტა სიმონიანის დაცვის მიზანი გააჩნია შსს-ს და 166-ე მუხლი ამიტომ წარმოვადგინეთ. 166-ე მუხლი იმიტომ წარმოვადგინეთ, რომ ბატონი თორნიკეს კომენტარი არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ უფრო ვიწრო კვალიფიკაციით წარმოდგენილიყო ოქმი“, – განაცხადა მარიამ კერესელიძემ სასამართლოზე.

სხდომაზე თორნიკე რაზმაძემ ადვოკატის მოსაძიებლად გონივრული ვადის მიცემა ითხოვა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქმის კვალიფიკაცია და დავის საგანი უფრო მკაფიო გახდა, ადვოკატის მოძიებისთვის დრო სჭირდებოდა. შსს-ს წარმომადგენელი შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

რაზმაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. სასამართლომ სხდომა გადადო და საქმის განხილვა 15 ოქტომბერს გაგრძელდება.

სხდომის დასრულების შემდეგ თორნიკე რაზმაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ პერიოდში საქმეზე გაკეთებული განცხადებები მისთვის ბუნდოვანი იყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ამ პროცესის განმავლობაში ცდილობდა და ცდილობს, რომ ოღონდაც ვინმე სხვის მიმართ გამოიყენოს, რომ ეს იყო შეურაცხყოფა და არა მარგარიტა სიმონიანის მხრიდან…დღეს მოსამართლეს ვთხოვე განმარტება და მოსამართლემ ცალსახად განმიმარტა, რომ მე არ მედავებიან სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფას, რაც არის 173-ე მუხლი“, – განაცხადა რაზმაძემ მედიასთან.

საქმის მასალების მიხედვით, სამართალწარმოების დაწყების საფუძველი 18 აგვისტოს რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ზე, მისივე გამოქვეყნებული ვიდეოს ქვეშ დაწერილი კომენტარი გახდა.

2026 წლის 18 აგვისტოს თორნიკე რაზმაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსი პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის განცხადებებს მიმოიხილავდა. პოსტზე კომენტარში კი დაწერა: „ამათი დედას შევე*ი „ნა კალენიახ“.“