ავტორი: ანი ღულინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შაბათს გამართულ ლოცვის საუზმეზე განაცხადა, რომ სომხეთი, თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ღვთის მიერ ბოძებული მიწაა.
ამ განცხადებამ რელიგია ფაშინიანის „რეალური სომხეთის“ კონცეფციას დააკავშირა, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი წარმოაჩენს, როგორც სახელმწიფოს ხედვას, განსაზღვრულს მისი ამჟამინდელი საზღვრებით და არა ისტორიული პრეტენზიებით.
მთავარეპისკოპოსი გევორგ ნორადუნგიანი სომხური სამოციქულო ეკლესიის ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირთა შორის იყო, ვინც ღონისძიებას დაესწრო, ფაშინიანის მთავრობასა და სამოციქულო ეკლესიას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე.
კათოლიკოსი გარეგინ II და ეკლესიის კიდევ ექვსი მაღალი რანგის სასულიერო პირს სასამართლო განხილვები ელოდებათ. მათ ბრალად ედებათ სასამართლოს კანონიერად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის განზრახ ხელის შეშლა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით. ფაშინიანი ღიად საუბრობს კათოლიკოსის გადაყენების განზრახვაზე – ეს მისი პარტიის წინასაარჩევნო მანიფესტის ნაწილი იყო ივნისის არჩევნების წინ.
სომხეთში პირველი ლოცვის საუზმე 2025 წელს გაიმართა. წლევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატები, ბიზნესმენები და სასულიერო პირები. მთავარ მომხსენებლებს შორის, ფაშინიანთან ერთად, თეთრი სახლის რწმენის ოფისის უფროსი მრჩეველი პაულა უაით-კეინი იყო. კვირას უაით-კეინს კათოლიკოსმა გარეგინ II-მ უმასპინძლა. იგი საღვთო და უკვდავ ლიტურგიას დაესწრო ეჩმიაძინის წმინდა საყდარში.
ფაშინიანმა სიტყვა „იგავთა წიგნის“ პირველი მუხლის წაკითხვით დაიწყო. ეს არის პირველი ტექსტი, რომელიც სომხურ ენაზე დაიწერა მას შემდეგ, რაც მესროპ მაშტოცმა სომხური ანბანი შექმნა. შემდეგ ფაშინიან„რეალური სომხეთის“ კონცეფცია როგორც სულიერ, ისე პოლიტიკურ იდეად წარმოადგინა.
„რეალური სომხეთი“ გულისხმობს, რომ სომხეთის რესპუბლიკა, მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში, არის აღთქმული მიწა, ღმერთის მიერ ბოძებული აღთქმული მიწა“, – განაცხადა მან.
მაშტოცის ოშაკანში მდებარე საფლავზე, ვედიში მდებარე ხორ ვირაპის მონასტერსა და ვაღარშაპატში მდებარე ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარზე მითითებით, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი ქრისტიანული ძეგლები მართლაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. მან სახელმწიფო სომხეთის ქრისტიანული იდენტობის გამოხატულებად აღწერა.
ლოცვის საუზმე იმ ფონზე ჩატარდა, როდესაც მთავრობა ეკლესიის დაბეგვრის გეგმებს განიხილავს. ფინანსთა მინისტრის, ვაჰე ჰოვჰანისიანის განცხადებით, ამ გეგმის მიხედვით, მობილიზებული შემოსავალი ეკლესიასთან დაკავშირებული პროგრამებისა და საქმიანობების დაფინანსებას მოხმარდება. მას პროგრამის შესახებ დამატებითი დეტალები არ წარუდგენია, თუმცა თქვა: „ეკლესიამ გადასახადები, ისევე როგორც ყველამ, უნდა გადაიხადოს“.
ამჟამად სომხეთში ეკლესია სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.