ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა
ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ იგეგმება საქართველოს საზღვართან 2022 წელს, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსების მიერ მიტოვებული დაახლოებით 500 მანქანის გატანა.
სამთავრობო შეხვედრაზე მენიაილომ ოფიციალურ პირებს დაავალა, გაასუფთავონ რუსეთისა და საქართველოს საზღვარს შორის არსებული ნეიტრალური ზონა და მოაწესრიგონ სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორია.
„ეს სამუშაო არ უნდა შეწყდეს, პირიქით, უნდა დაჩქარდეს. ყველაფერი, რისი გატანაც შესაძლებელია, უნდა გავიტანოთ. ეს ჩვენი ტერიტორიაა – ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან საზღვრამდე. იქ კომისია მივა და ყველაფერს აღრიცხავს. მთელი ეს ჯართი და ნაგავი უნდა გავიტანოთ. ეს ჩვენი ქვეყნის შესასვლელია. ეს ჩვენი სახეა“, – განაცხადა მენიაილომ.
სამუშაოებში, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერალური საგზაო სატრანსპორტო სააგენტო („როსავტოდორი“) ჩაერთვება.
საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მიმდებარედ, 2022 წლის სექტემბრიდან მობილიზაციას გაქცეული რუსების მიერ მიტოვებული დაახლოებით 500 ავტომობილი დაგროვდა. ადამიანებს რამდენიმე დღის განმავლობაში უწევდათ წყლის, საკვების და ტუალეტის გარეშე საცობში ყოფნა, რის გამოც ბევრმა ავტომობილი მიატოვა და საზღვრისკენ ფეხით წავიდა – ეს უფრო სწრაფი გზა იყო.
მანქანებს, რომლებიც გზის გასწვრივ რამდენიმე კილომეტრზეა განლაგებული, ჯართში ან ნაგავსაყრელზე გადაიტანენ. წლების განმავლობაში ავტომობილებს მოხსნეს ბორბლები, ფარები, სარკეები და სავარძლებიც კი. მანქანების საერთო ღირებულება, ადგილობრივი პოლიციის წყაროებთან დაკავშირებული Telegram-არხის, Mash Gor-ის ცნობით, თითქმის 100 მილიონ რუბლად ($1.2 მილიონი) არის შეფასებული.
„პოსტაპოკალიფსურ სურათს ჰგავს. საქართველოდან შესვლისას რუსეთში პირველი, რასაც ხედავ, ათობით მანქანის ცარიელი ჩონჩხია. ეს შემაშინებელია და ყოველ ჯერზე გახსენებს იმ საშინელებას, რა პირობებშიც რუსები ომს გაურბოდნენ“, – უთხრა OC Media-ს ჩრდილოეთ ოსეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი თქმით, საზღვარი ბოლოს მაისში გადაკვეთა.
2022 წლის სექტემბერში რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც ათასობით ადამიანი საქართველოს საზღვრისკენ გაემართა. ზემო ლარსთან წარმოქმნილი საცობი ათეულობით კილომეტრზე გაიჭიმა. ადამიანები ავტომობილებს ნაწილებად ყიდდნენ ან უბრალოდ გზის პირას ტოვებდნენ.
მსგავსი გარიგებები საზღვარზე დღემდე იდება, როდესაც ქართველი მებაჟეები რუსეთის მოქალაქეების ავტომობილებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევენ, რადგან მათ საჭირო დოკუმენტები არ აქვთ. ადგილობრივების თქმით, ადგილზე ყოველთვის არიან გადამყიდველები, რომლებიც მანქანებს ნაწილებად დასაშლელად ყიდულობენ.
საცობის განტვირთვის შემდეგ ხელისუფლებამ მიტოვებული ავტომობილების გატანა დაიწყო. 2022 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანებს დაკარგულ ქონებად არეგისტრირებდნენ და ვლადიკავკაზის ავტოსადგომებზე გადაჰყავდათ. მფლობელებს ან მათ წარმომადგენლებს ჰპირდებოდნენ, რომ აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში ავტომობილებს დაუბრუნებდნენ.
საზღვარზე დატოვებული ზოგიერთი ავტომობილი მფლობელებმა მოგვიანებით წაიყვანეს. 2022 წლის ოქტომბერში დამოუკიდებელი მედია Caucasian Knot იტყობინებოდა, რომ ჩრდილოეთ ოსეთში მიტოვებული 65 ავტომობილიდან 32 ავტოსადგომზე გადაიყვანეს, დანარჩენი კი მფლობელებს დაუბრუნეს.
ზემო ლარსი რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი მოქმედი საავტომობილო სასაზღვრო-გამშვები პუნქტია. მობილიზაციის გამოცხადებიდან პირველ კვირაში საზღვარი თითქმის 70 000-მა რუსმა გადაკვეთა. მანამდე საზღვარზე დღიურად დაახლოებით 4 000 გადაკვეთა ფიქსირდებოდა.
მენიაილომ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დამოუკიდებელი რუსული მედიის ცნობით, მოსკოვმა შესაძლოა მობილიზაციის ახალი ეტაპი გამოაცხადოს. 18 სექტემბერს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მაღალჩინოსნები უცხოურ საბანკო ანგარიშებზე წვდომის მოპოვებასა და აქტივების საზღვარგარეთ გადატანას ცდილობენ. გამოცემის ცნობით, მსგავს ნაბიჯებს სამხედრო გაწვევის ოფისების თანამშრომლებიც დგამენ. Bloomberg-მა ასევე განაცხადა, რომ მათ ნახეს მტკიცებულებები, რომ გაწვევის ოფისების თანამშრომლები ნათესავებსა და მეგობრებს რუსეთის დატოვებას ურჩევდნენ. მოსკოვი ამ ინფორმაციას მუდმივად უარყოფს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.