რა წერია საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს ხვალ უყრის

პუბლიკა

ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს შესახებ ერთობლივი რეზოლუციის პროექტით „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას გმობს და ხელისუფლებისგან მათი წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას მოითხოვს.

რეზოლუციის პროექტი 7 ოქტომბერს, საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებამდე გამოქვეყნდა. დოკუმენტის კენჭისყრა ევროპარლამენტში 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

დოკუმენტს ხელს აწერენ ევროპის სახალხო პარტიის (EPP), სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D), ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR), „რინიუ ევროპისა“ (Renew) და მწვანეების/ევროპული თავისუფალი ალიანსის (Greens/EFA) წარმომადგენლები.

რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარები წერენ, რომ საქართველოში ვითარება თანდათან უარესდება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოქმედებები სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი „ქართული ოცნების“ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც, მათი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრა და ქვეყნის „ერთპარტიულ რეჟიმად“ ქცევაა.

დოკუმენტში ეს პროცესი შედარებულია რუსეთისა და ბელარუსის მოდელთან. რეზოლუციის ავტორები წერენ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სივრციდან დაშორებას ემსახურება.

რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარები:

  • მკაცრად გმობენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას ითხოვენ;
  • აცხადებენ, რომ პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი ნაწილია და მისი სასამართლოს გზით აღმოფხვრა დემოკრატიასთან შეუთავსებელია;
  • მოითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიას;
  • ითხოვენ მშვიდობიანი პროტესტის გამო დაკავებული პირების გათავისუფლებას და პოლიტიკურად მოტივირებული „საბოტაჟის“ საქმეების შეწყვეტას;
  • მოითხოვენ იმ ნორმების გაუქმებას, რომლებიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიმართ არაპროპორციული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას იძლევა;
  • გმობენ კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად;
  • ითხოვენ ევროპული პოლიტიკური ფონდების საქმიანობისთვის ხელის შეშლის შეწყვეტას.

ევროპარლამენტარები ასევე აკრიტიკებენ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების რეაგირებას და კვლავ ითხოვენ მიზანმიმართული სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც, მათი შეფასებით, პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე. დოკუმენტში კონკრეტულად დასახელებული არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე.

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინსვლის შესაძლებლობას გამორიცხავს.