აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა

პუბლიკა

აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი სასამართლოს საქმიანობის შეზღუდვა და ამერიკის მოქალაქეების, სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიტიკური ლიდერების შესაძლო სისხლისსამართლებრივი დევნის აღკვეთაა.

აშშ-ის პოზიციაა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკის მოქალაქეების გასამართლების უფლებამოსილება არ აქვს, რადგან შეერთებული შტატები სასამართლოს წევრი არ არის.

ვაშინგტონის განცხადებით, სანქციები სასამართლოსთან დაკავშირებული ტრანზაქციების აკრძალვას, მისთვის რესურსებზე წვდომის შეზღუდვასა და საქმიანობის შესაძლებლობების შესუსტებას ითვალისწინებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ უკვე წელიწადზე მეტია, სასამართლოსგან კეთილი ნების კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება, თუმცა ვაშინგტონის შეშფოთების გასათვალისწინებლად არც სასამართლოს და არც მის წევრ სახელმწიფოებს ქმედითი ზომები არ მიუღიათ.

სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ აშშ დიპლომატიური გზით პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას კვლავ განიხილავს. ვაშინგტონის განცხადებით, სანქციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოებს მოლაპარაკებებისა და არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად გამოსავლის შეთავაზების შესაძლებლობას უტოვებს.

აშშ-ის პოზიციით, თუ დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს, ვაშინგტონი სასამართლოს წინააღმდეგ ზომებს გააგრძელებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ მოკავშირეებისგან მოელის, სასამართლოს საქმიანობაზე გავლენა მოახდინონ და მისი უფლებამოსილების გაფართოება შეზღუდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი აცხადებს, რომ გააგრძელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაშლისკენ მიმართულ კამპანიას, ვიდრე, მისი შეფასებით, ამერიკის მოქალაქეებისთვის არსებული საფრთხე არ აღმოიფხვრება.

„ჩვენი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატები და მისი მოქალაქეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციას არ ექვემდებარებიან. ამ საკითხზე ორივე პარტია თანხმდება, თუმცა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს საკმარისი პოლიტიკური ნება, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ამ საფრთხის ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად.

ან ICC შეწყვეტს მუქარას, ან ჩვენ დავასრულებთ მას. ველით, რომ ჩვენი მოკავშირეები, რომელთა დიდი ნაწილიც ICC-ის წევრია და რომელთა თავდაცვაც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზეა დამოკიდებული, სასამართლოს საქმიანობას სათანადო ჩარჩოებში მოაქცევენ“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. 

ვაშინგტონის განცხადებას გამოეხმაურა თავად ICC და განცხადა, რომ მკაცრად გმობს სანქცირების გადაწყვეტილებას.

სისხლის სამართლის საერთაშორის სასამართლოს შეფასებით, აშშ-ის მიერ სასამართლოსთვის სანქციების დაწესება საერთაშორისო სამართლის საფუძვლებზე თავდასხმაა.

ICC-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება მიმართულია დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა და რომელსაც რომის სტატუტის 125-მა მონაწილე სახელმწიფომ გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, ომის დანაშაულებისა და აგრესიის დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მანდატი მიანიჭა.

„ეს მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლისა და სასამართლოსთვის მისი ძირითადი ფუნქციის შესრულებაში ხელის შეშლის მცდელობაა. ეს არის თავდასხმა კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის საფუძვლებზე, რაც ეწინააღმდეგება მარტივ პრინციპს – არავინ დგას კანონზე მაღლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლოს შეფასებით, სანქციების მიზანია ინსტიტუტის საქმიანობის შეფერხება და იმ ადამიანების დაშინება, რომლებიც სასამართლოში მუშაობენ ან მასთან თანამშრომლობენ.

ICC-ის პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს განცხადებით, სასამართლო ზეწოლის მიუხედავად საქმიანობას გააგრძელებს.

„სასამართლო სრულად შეასრულებს საკუთარ მანდატს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, მხოლოდ კანონისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მძიმე დანაშაულების უამრავი მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა აკანემ.

სასამართლოში მიიჩნევენ, რომ მის მომავალზე პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოებსაც ეკისრებათ, რომლებმაც ICC შექმნეს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რომის სტატუტი საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო ვალდებულებაა, რომლის თანახმადაც ყველაზე მძიმე დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

ICC ასევე აღნიშნავს, რომ არავინ უნდა დაისაჯოს მართლმსაჯულების სამსახურში ყოფნისთვის. სასამართლოს შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი ამ მოვლენებზე განსაზღვრავს, რამდენად დაიცავს ის იმ პრინციპებს, რომელთა ერთგულებაც თავად აქვს გამოცხადებული.

განახლება: 

აშშ-ის მიერ ICC-ის სანქცირებას გამოეხმაურნენ კანადის, დანიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები და ეს ნაბიჯი დაგმეს.

8 ქვეყნის საგრეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ადასტურებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მხარდაჭერას.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი შეშფოთებით ხვდებიან ვაშინგტონის გადაწყვეტილებას და არ ეთანხმებიან სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

მინისტრების განცხადებით, ისინი სასამართლოს მხარდაჭერას უცხადებენ, რათა მან რომის სტატუტით გათვალისწინებული მანდატის შესრულება შეუფერხებლად შეძლოს.

განცხადების თანახმად, სანქციების ამოქმედებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სასამართლოს მუშაობას, მის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს. მინისტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ICC-ის თანამშრომლები ყოველდღიურად მუშაობენ, რათა უმძიმეს საერთაშორისო დანაშაულებში ბრალდებულები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.

რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სასამართლოს მხარდაჭერასთან ერთად, მზად არიან, რომის სტატუტის მონაწილეობის არმქონე სახელმწიფოებთან კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი გააგრძელონ. ეს პროცესი 2026 წლის დეკემბერში დაგეგმილი მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეისთვის მზადების ნაწილია.

მინისტრების განცხადებით, ისინი ერთობლივი ძალისხმევით გააგრძელებენ ICC-ის საქმიანობის მხარდაჭერას, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის დაცვასა და საერთაშორისო დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობას.


მანამდე აშშ-მა ICC-ის პროკურორი კარიმ ხანი და სასამართლოს მოსამართლეები დაასანქცირა, მათ შორის ქართველი მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე.

პროკურორ კარიმ ხანის სანქცირების ბრძანებაში ერთ-ერთ მიზეზად სასამართლოს მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემა იყო დასახელებული ერთ-ერთ მიზეზად.

მოსამართლეების შემთხვევაში კი სანქცირების მიზეზად დასახელდა ის, რომ „მათ მონაწილეობა მიიღეს აშშ-ისა და მისი მოკავშირე ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ სასამართლო მოქმედებებში“.

სანქციები, მათ შორის, ითვალისწინებს აშშ-ის იურისდიქციაში არსებული სანქცირებული პირების აქტივების დაბლოკვას და მათთან გარკვეული ფინანსური ოპერაციების აკრძალვას.

2024 წლის 21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერები. სასამართლოს შეფასებით, არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მათ შესაძლოა ჩაედინათ ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ღაზაში.

ბრალდებები მოიცავს ომის მეთოდად შიმშილის გამოყენებას, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების განზრახ მიმართვას, მკვლელობას, დევნასა და სხვა არაადამიანურ ქმედებებს.

იმავე დღეს ICC-მა უარყო ისრაელის მიერ წარდგენილი ორი მოთხოვნა, რომლებიც სასამართლოს იურისდიქციასა და გამოძიების პროცედურებს ეხებოდა. ICC-მ მიიჩნია, რომ მას პალესტინის სიტუაციასთან დაკავშირებით, მათ შორის ღაზასა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით, იურისდიქცია ჰქონდა.

2025 წლის 16 ივლისს ისრაელმა სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, გაუქმებულიყო ან ძალადაკარგულად გამოცხადებულიყო ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერები და შეჩერებულიყო პროკურორის გამოძიება.

2025 წლის 24 ივლისს ICC-ის წინასასამართლო პალატამ დაადგინა, რომ უნგრეთმა არ შეასრულა სასამართლოს მოთხოვნა ნეთანიაჰუს დროებით დაკავებასთან დაკავშირებით და საკითხი მონაწილე სახელმწიფოების ასამბლეას გადასცა. ეს გადაწყვეტილება უნგრეთის, როგორც რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოს, ვალდებულებებს ეხება.

სასამართლოს რეესტრში გამოქვეყნებულია 2025 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ისრაელის მოთხოვნას, მიეღო გასაჩივრების ნებართვა უნგრეთის მიერ ნეთანიაჰუს დაკავებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის საკითხზე.

საქართველო ICC-ში

ICC-ს უმუშავია საქართველოს საქმეზეც.

კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) საქართველოსთან დაკავშირებით გამოძიება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ფაქტებზე დაიწყო. გამოძიება მოიცავდა 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს და ძირითადად სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

2016 წლის 27 იანვარს ICC-ის წინასასამართლო პალატამ პროკურორს საქართველოს სიტუაციაზე გამოძიების დაწყების უფლება მისცა. გამოძიების ფარგლებში სასამართლო სწავლობდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების, მათ შორის მკვლელობის, მოსახლეობის იძულებით გადაადგილების, დევნის, უკანონო დაკავებისა და ქონების განადგურების ფაქტებს.

2022 წლის 30 ივნისს ICC-მა სამი პირის: მიხაილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავით სანაკოევის დაკავების ორდერები გასცა. ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით არიან ეჭვმიტანილები.

სასამართლოს ინფორმაციით, საქმე ეხება, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას, წამებას, არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და უკანონო გადაყვანას.

2022 წლის 16 დეკემბერს ICC-ის პროკურორმა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს სასამართლოში არსებული საქმეების ავტომატურ დასრულებას.

ICC-ის მიერ გაცემული დაკავების ორდერები გამამტყუნებელი განაჩენი არ არის. ისინი ეფუძნება სასამართლოს შეფასებას, რომ შესაბამისი პირების მიმართ არსებობს სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძველი. სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი საბოლოოდ დადგენილად მხოლოდ შესაბამისი სასამართლო განხილვისა და განაჩენის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს.