ადვოკატ ანა თავხელიძის თქმით, სასამართლო 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე დასაბუთების გასაჯაროებას უკრძალავს.
საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძემ ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებაში გაამართლა ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ ყოფილი მფლობელი და პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი. არევაძეს გადაწყვეტილება არ დაუსაბუთებია.
ადვოკატი ანა თავხელიძე ამბობს, რომ განაჩენი დასაბუთებით გუშინ, 8 ოქტომბერს ჩაიბარა, ჩაბარების დასადასტურებლად კი მიუტანეს წინასწარ დაბეჭდილი ხელწერილიც შემდეგი ჩანაწერით:
„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-13¹ მუხლის თანახმად, ვიღებ ვალდებულებას არ გავამჟღავნო გადმოცემულ სასამართლო გადაწყვეტილებაში (განაჩენში) არსებული ინფორმაცია, ვინაიდან მოცემული სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა დახურულ სასამართლო სხდომაზე“.
„მარტივად რომ ვთქვა: ამ ხელწერილით მეკისრებოდა ვალდებულება, განაჩენის შინაარსზე არ მესაუბრა.
ამ ვალდებულებას არ ვიღებ და ეს მოსამართლეს წერილობით მკაფიოდ დავუფიქსირე. მიზეზი ორია:
ეს მუხლი მხოლოდ სხდომის აუდიო- და ვიდეოჩანაწერებს ეხება და არა განაჩენს;
ეს მუხლი პროცესის მხარეებს ეხება და არა დაზარალებულს.
აღსანიშნავია, რომ იმავე მოსამართლემ სხდომის ოქმები არ გადმომცა სწორედ იმ საფუძვლით, რომ მხარე არ ვარ: ოქმებზე წვდომის უფლება მხოლოდ მხარეებს აქვთო“, – წერს ანა თავხელიძე.
მისი თქმით, სასამართლოს 2 რამ მოსთხოვა:
1. მიუთითოს სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც ადვოკატს უზღუდავს განაჩენში არსებულ ინფორმაციაზე საუბარს (ეს ინფორმაცია მოსამართლის მსჯელობასაც მოიცავს);
2. განმარტოს, რა სამართლებრივი შედეგი დადგება მისთვის და რომელი ნორმით შეიძლება, დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუ განაჩენზე მაინც ისაუბრებს.
„განაჩენზე საუბარს ვაპირებ. ველოდები სასამართლოს პასუხს“, – ამბობს ანა არევაძე.
29 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ „ნიკე ლუსოსთან“ მატჩზე უარი განაცხადა და შეხვედრა პროტესტის ნიშნად ჩაშალა.
მატჩის დაწყებამდე „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვეს. მსაჯის მიერ თამაშის დასაწყებად სასტვენის შემდეგ „ლანჩხუთის“ კაპიტანმა ბურთი აიღო და თანაგუნდელებთან ერთად საპროტესტო ბანერი გაშალა წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“. შედეგად შეხვედრა ჩაიშალა.
რამდენიმე დღით ადრე, 22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ ყოფილ მფლობელსა და პრეზიდენტს, თურქ ბიზნესმენ მეჰმეთ უიარს ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც უიარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, გონება დაკარგა. მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს.
20 წლის ფეხბურთელი სასამართლოში აცხადებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ უიარმა მასზე სექსუალურად იძალადა. მეჰმეთ უიარი ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ფეხბურთელთან ძალადობრივი სექსუალური კავშირი არ ჰქონია.
უიარი საქმეზე დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
ფეხბურთელის დაცვის მხარე აპირებს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივროს.
მეჰმეთ უიარმა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“, რომელიც მოგვიანებით „ნიკე ლუსო“ გახდა, 2024 წელს შეიძინა.
რაც შეეხება გასახდელში დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს – აუდიტის სამსახურმა შპს „ნიკე“ 4 000 ლარით დააჯარიმა მას შემდეგ, რაც ქალ ფეხბურთელთა გასახდელებში ვიდეოკამერები აღმოაჩინეს.