აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს უახლოეს თვეებში ასობით ათას ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.
„შევთანხმდით, რომ რუსეთი მიაწვდის დიზელის საწვავის 300,000-ზე მეტ ტონას ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს დაუყოვნებლივ, კიდევ 500,000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, და 1,000,000 ტონას მას შემდეგ დაუყოვნებლივ. დამატებით, მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროის განმავლობაში, დიზელის საწვავის 3,000,000 ტონას მიაწვდის. ჰორმუზის სრუტის ჩვენი სრული კონტროლისა და რუსეთის ენერგეტიკაზე ამ შესანიშნავი განცხადების გათვალისწინებით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, რეალურად, მსოფლიოსთვის, დაიწევა, რეკორდულად, და სწრაფად!.. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადებაა. დამატებით, უნდა გვესმოდეს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება!”, – წერს ტრამპი.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზელენსკიმ მისი რამდენიმე თხოვნა უგულებელყო, შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი ტრამპს და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, ეუბნებოდა, რომ მზად არის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ უკრაინულ ელექტროსადგურებზე. თუმცა, ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპს სურდა, რომ უკრაინას ცალმხრივად შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, ვინაიდან მათ წვლილი შეჰქონდათ ამერიკაში საწვავზე მაღალ ფასებში და ტრამპს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის დარტყმების ტოლფასად არ მიაჩნდა.
„მშვიდობა სისუსტით არასდროს მოდის“ – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის.
მისი თქმით, 9 ოქტომბერს კიევში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომელთაც იკითხეს, რა არის საჭირო ომის დასასრულებლად. ზელენკის თქმით, პასუხი მტკიცეა: საჭიროა სანქციები ლინდსი გრემის კანონპროექტის შესაბამისად, უკრაინის მხარდაჭერა ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და რუსეთზე ზეწოლა მისი ომის გამო.
უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება, თუ ამას წინ არ უძღვის დეესკალაციის მკაფიო და ხანგრძლივი შეთანხმება, აშკარა სისუსტეა.
„ცოტა ხნის წინ ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნის შესახებ. მას შემდეგ რუსეთის დარტყმები და ადამიანების ტანჯვა მხოლოდ გაიზარდა. მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა სასტიკი სარაკეტო დარტყმა მიიტანა საცხოვრებელ კორპუსზე პრილუკიში, კრამატორსკში კი ავიაბომბები ჩამოყარა — ჩვეულებრივ საქალაქო ავტობუსებზე. განუწყვეტლივ უტევს კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ასევე დნიპროს, ხარკივის, ოდესისა და სხვა ქალაქების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. ათობით ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა.
რუსები ბრძოლის ველზე საკუთარი მიზნების მიღწევის უუნარობას ამგვარი ტერორით ანაზღაურებენ. წელს რუსეთი ბრძოლის ველზე უფრო სუსტია, ვიდრე ომის დაწყებიდან ნებისმიერ სხვა დროს. სწორედ ამიტომ ეყრდნობა პუტინი ტერორს. სწორედ ამიტომ ცდილობს ის კულისებში გარიგებების დადებას, რათა რუსეთზე ზეწოლა შეამსუბუქოს და ომის გასაგრძელებლად მეტი დრო და შესაძლებლობა მოიპოვოს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება, თუ მას წინ არ უძღვის რუსეთთან დეესკალაციის მკაფიო და ხანგრძლივი შეთანხმება, აშკარა სისუსტეა. ეს რუსეთის ინტერესებს ემსახურება — რუსეთს საშუალებას აძლევს, უფრო მეტი ადამიანი მოკლას, ომი უფრო დიდხანს აწარმოოს, ამერიკას კიდევ უფრო ნაკლებად გაუწიოს ანგარიში და მსოფლიოს კიდევ უფრო დიდი დანაკარგი და ზიანი მიაყენოს.
უკრაინა მზად არის, დეესკალაციის საპასუხო, თანაზომიერი ნაბიჯები გადადგას და ამერიკულმა მხარემ იცის ჩვენი პოზიცია. ჩვენი დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ნავთობობიექტებზე პასუხია იმ ტერორისტულ კამპანიაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ წლებია აწარმოებს. უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლს არ წაუკიდებს, თუ რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას არ გაანადგურებს. სწორედ ასეთ შეთანხმებას ვთავაზობთ ამერიკას და გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალა აქვს ასეთი კომპრომისის მისაღწევად.
პუტინისთვის საჩუქრების მირთმევა მშვიდობას ვერ მოიტანს და ვერც ცივილიზებულ სამყაროს მოუტანს რაიმე სარგებელს. რუსეთი დიზელის საწვავს კიდევ უფრო მეტი ტერორითა და ვერაგობით „აანაზღაურებს“. რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობის მიცემა იმ ომში ინვესტირებაა, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გახანგრძლივდეს. საჭიროა რუსეთთან რეალური დეესკალაცია, ურთიერთსაპასუხო პრინციპის საფუძველზე.
იმედი გვაქვს, ამერიკა სამართლიანად დაუჭერს მხარს ჩვენს თავდაცვას, უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის დაცვას და შეერთებული შტატები რუსეთთან შესაბამისად მტკიცე საუბარს გამართავს. მტკიცეს და არა სუსტს“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.