კვირის დაიჯესტი - ამბები მოკლედ (02/10/26 - 09/10/26)

პუბლიკა

სერგეი ყანჩელი პოლიციელებს ფიზიკურ, სიტყვიერ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს

აქტივისტმა სერგეი ყანჩელმა განაცხადა, რომ 27 სექტემბერს კუკიის სასაფლაოსთან პოლიციელებმა უკანონოდ გააჩერეს, გაჩხრიკეს და ტელეფონის გახსნა მოსთხოვეს, ხოლო უარის შემდეგ სასაფლაოს სიღრმეში გადაიყვანეს და გააშიშვლეს. მისი თქმით, რამდენიმე პოლიციელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, ემუქრებოდა ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით, აიძულებდნენ სექსუალური ხასიათის ქმედების შესრულებას და შეურაცხყოფდნენ ოჯახის წევრებს.

„ცოტა ხანში ერთ–ერთმა ამოიღო იარაღი და დაიწყო მუქარა – მკერდზე, თავსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მადებდა იარაღს და მეუბნებოდა, რომ მესროდა და თან განაგრძობდნენ ცემას. მერე ერთ–ერთმა თქვა, წავიდეთ, ახლა შენ უნდა ამოთხარო შენთვის საფლავიო და გადამიყვანეს კიდე უფრო შორს იმ ადგილიდან, სიღრმეში. ვიღაცის საფლავზე დამაგდეს და განაგრძეს ცემა…

…მერე იმან, ვინც სახე გამიკაწრა და მეუბნებოდა, რომ გავქცეულიყავი, მოიხსნა ქამარი, თავისი შარვალი ცოტა ქვევით ჩაიწია და მეუბნებოდა, რომ მ***ტი გამეკეთებინა და მე ვუთხარი, რომ არ გავაკეთებდი. თან შესთავაზა სხვა პოლიციელებსაც – მოდით, ბიჭებო, არ გინდათო? უარი ვუთხარი და ცოტა უკან გავიწიე, რაზეც გაბრაზდა და რამდენჯერმე ძლიერად დამარტყა…“.

ყანჩელი მომხდარს თავის სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს და უსაფრთხოების გამო ქვეყანა უკვე დატოვა. პროკურატურამ გამოძიება სსკ–ის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამატებას გულისხმობს.

მუსიკოსი მიშო სულუხია პოლიციელების მხრიდან თავდასხმაზე საუბრობს

მუსიკოსმა მიშო სულუხიამ განაცხადა, რომ ლისის მიმდებარედ უცნობმა პირებმა, რომლებიც თავს სამართალდამცველებად აცხადებდნენ, გააჩერეს, ტელეფონი წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შსს–მ კი განაცხადა,  რომ სულუხია ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაიქცა, რის გამოც გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო.

სულუხიას თქმით, სამართალდამცველები შეეცდებიან დოკუმენტების გაყალბებით საკუთარი უკანონო ქმედებები „გააპრავონ“. მან აღნიშნა, რომ უაზრო ბრძოლაში დროსა და რესურსს ვერ დახარჯავს, და მხოლოდ წართმეული ტელეფონის დაბრუნებას ითხოვს.

რუსთავის მე-17 დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს – ოჯახი სუიციდის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს

2 ოქტომბერს რუსთავის №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული იაკობ გულედანი გარდაცვლილი იპოვეს. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმარი დილით თანამესაკნემ საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა. უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ ეცნობა პროკურატურას და გამოძიება მიმდინარეობს.

გარდაცვლილის ოჯახს სუიციდის ვერსიის არ სჯერა. პატიმრის მამიდა, ვალიდა გულედანი, აცხადებს, რომ მას სავარაუდოდ ძალადობის კვალიც ეტყობა და თვითმკვლელობას გამორიცხავს, რადგან მსჯავრდებულს სასჯელის დასრულებამდე და ციხიდან გამოსვლამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა პროტესტი და ძალადობის ახალი ბრალდებები

4 ოქტომბერს პენიტენციურმა სამასხურმა გაავრცელა განცხადება, რომ გიორგი დავითაძემ კამერების წინ დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. უწყების თქმით, პატიმარმა უარი თქვა საავადმყოფოში გადაყვანაზე. შეგახსენებთ, რომ გიორგი დავითაძე N6 დაწესებულების თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრაგების მიერ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის გაპროტესტების გამო, პატიმრები ბადრაგებისა და სპეცრაზმის მხრიდან მასობრივ ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და მუქარაზე მიუთითებენ. პატიმარ დავით მინასოვის თანახმად, პროტესტის ნიშნად ვენების დასერის შემდეგ, მას და პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს სპეცრაზმი და ციხის თანამშრომლები, მათ შორის დირექტორი შოთა ტრაპაიძე, სასტიკად გაუსწორდნენ. მინასოვის თქმით, ადმინისტრაციის წარმომადგენელი მას ტელევიზიებთან ლაპარაკის შემთხვევაში დედის დაჭერით ემუქრებოდა. პროკურატურამ ლაშა ჩაჩანიძე უკვე გამოჰკითხა.

პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რომელიც სასჯელს რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, დავითაძის შემთხვევას მთელი საპატიმროს ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა, მისი თქმით, არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა.

6 ოქტომბერს ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განაცხადა, რომ პატიმარი ბექა შენგელია და კიდევ, სულ მცირე, 4 მოშიმშილე პატიმარი ადმინისტრაციის იმ კონკრეტული თანამშრომლების უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ, რომლებიც პატიმრების პროვოცირებასა და შეურაცხყოფას ეწეოდნენ. შენგელია, უსაფრთხოების მიზნით, საკნის დატოვებაზე უარს ამბობს და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს.

პენიტენციური სამსახური N6 დაწესებულებაში ძალადობას უარყოფს, ხოლო გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამშრომლებს მადლობაც გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე კი გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველაფერი „პროპორციულობის პრინციპის დაცვით“ მოხდა.

გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები გასული კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ოჯახი ითხოვს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის, N6 ციხის დირექტორის შოთა ტრაპაიძისა და ძალადობაში მონაწილე ყველა პირის თანამდებობიდან გადაყენებასა და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვენ.

ამასთან, გასულ კვირას გეგუთის N14 დაწესებულებიდან პატიმარმა ლევან გულუამ განაცხადა, რომ დირექტორ მამუკა ზირაქაშვილისა და უსაფრთხოების უფროსის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ტერორის გამო პირი ამოიკერა, რასაც სხვა პატიმრებმაც მიმართეს, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს სხვა ციხეში. პენიტენციურმა სამსახურმა ზეწოლისა და პირის ამოკერვის შესახებ ინფორმაცია უარყო.

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურის ცნობით, ეროვნული ბანკიდან გამოგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ განცხადებებისა და აუდიოჩანაწერების საფუძველზე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სსკ–ის 337-ე მუხლით დაწყო, რაც სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

ამავე განცხადებაზე დაყრდნობით, პროკურატურა აცხადებს, რომ ყეინიშვილი უკანონოდ აკონტროლებს სებ–ის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრებსა და აფილირებულ პირებზეა გაფორმებული, და ცდილობდა ბიზნესის გაფართოებას.

ეროვნულმა ბანკმა მასალები პროკურატურას გადასცა და გამოძიების დასრულებამდე ყეინიშვილის საბჭოს სხდომებიდან ჩამოშორებაზე იმსჯელებს. სებ–ის ცნობით, თავად მომჩივანი კომპანია ფულის გათეთრების წესების დარღვევისთვისაა დაჯარიმებული.

ყეინიშვილი, რომელიც 2012–2016 წლებში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო, სებ–ის საბჭოს წევრად 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა 445 ხმით მიიღო ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სარჩელით აკრძალოს ოპოზიციური პარტიები და ამ სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას მოითხოვს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის გაუქმება ქვეყნის ერთპარტიულ რეჟიმად ქცევას ნიშნავს და რუსეთისა და ბელარუსის მოდელს ემსგავსება.

რეზოლუცია ითხოვს პოლიტპატიმრების, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისა და ევროპული პოლიტიკური ფონდებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის შეწყვეტას.

ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების რეაგირებას და კვლავ მოუწოდებენ მათ, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები და სავიზო აკრძალვები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკურ დევნაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, შალვა პაპუაშვილსა და კახა კალაძეზე.

TI-საქართველო: „ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანალიზით, კომუნიკაციების კომისიამ ბოლო 6 თვეში კრიტიკულ ტელევიზიებს „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის მოხსენებითი ბარათები 7-ჯერ შეუდგინა, ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი მსხვილი თანხით დააჯარიმა.

ორგანიზაციის ცნობით, კომისია მაუწყებლებს ჯამში 93 განსხვავებული სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს, მათ შორის:

„რეჟიმი“, „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „პოლიტიკური პატიმრები“, „პოლიტიკური ტყვეები“, „რეპრესიული პოლიტიკა“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ე.წ. განათლების რეფორმა“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „უკანონო პატიმრობა“, „სქროლვა–სქრინვის სამმართველო“, „ოცნების ხელისუფლება“, „რეპრესიული კანონები“, „რეჟიმის სასამართლო“, „ივანიშვილის პრეზიდენტი“, „ოცნების სუსი“, „სასამართლო კლანი“ და ა.შ.

ორგანიზაცის განცხადებით, კომისია ჟურნალისტებისგან ამბების შეფასებისა და ანალიზისგან სრულად დაცლილად გაშუქებას მოითხოვს. TI მიიჩნევს, რომ კომისია ოპერირებს, როგორც ცენზორი და ის გამოყენებულია, კრიტიკული მედიის დასჯის მექანიზმად.

მარიამ ქვრივიშვილი ვიცე–პრემიერად დაინიშნა

ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე–პრემიერად დანიშნა. კობახიძის თქმით, ახალი თანამდებობა მას ეკონომიკის დარგის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში დაეხმარება. ქვრივიშვილთან ერთად ვიცე–პრემიერის პოსტს ასევე იკავებენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

ამირან გამყრელიძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე: სიფრთხილისა და მზადების ზომების მიღება აუცილებელია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა პრევენციული ზომების მიღება აუცილებელია.

მისი თქმით, ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე სპეციალური პროტოკოლი და საზღვრის კონტროლი უნდა დაწესდეს. გამყრელიძის თქმით, ანტიბიოტიკების არსებობის გამო დიდი პანდემიის საფრთხე ნაკლებაა, თუმცა სახელმწიფომ მედიკამენტების მარაგები და სამუშაო პროტოკოლები უნდა დაამუშავოს.

„ძალიან ბევრი წყარო ამბობს, რომ აქ იყო სწორედ ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირი, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა. შავი ჭირის დიდი უმრავლესობა გახლავთ ბუბონური… ბუბონური შავი ჭირი საკმაოდ კარგად ემორჩილება ანტიბიოტიკებით მკურნალობას და ადამიანები იკურნებიან. ბუბონური შავი ჭირის დროს სიკვდილიანობა 10%-ს არ სცილდება, ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირის დროს კი ეს ადის ძალიან მაღლა და შეიძლება 100%-მდეც ავიდეს“, – განაცხადა მან.

გასულ კვირას ტელეგრამ არხებში და მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ირკუტსკში შავი ჭირის კვლევის ლაბორატორიაში მოხდა ავარია, რის შემდეგადაც შავი ჭირით დაინფიცირდა 28 წლის ლაბორანტი და გარდაიცვალა. რის გამოც ინსტიტუტის 60-ზე მეტი თანამშრომელი იზოლაციასა და კარანტინში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ლაბორატორიულ ავარიასა და შავი ჭირის გავრცელებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ გარდაცვლილს „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონია“ ჰქონდა, სიტუაციამ გლობალური შეშფოთება გამოიწვია.

უცხოეთი

„სისხლიანი საჩუქარი პუტინს“ – პუტინის დაბადების დღეზე რუსებმა 50 სამოქალაქო პირი მოკლეს, მათ შორის 5 ბავშვი

ბოლო რამდენიმე დღე განსაკუთრებით მძიმე იყო უკრაინისთვის. რუსულმა ძალებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე ინტენსიური საჰაერო იერიშები მიიტანეს. უკრაინულ მედიაში 9 ოქტომბერს გავრცელებული ცნობებით, რუსულ თავდასხმას ბოო 24 საათში სულ მცირე 41 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 67 კი დაშავდა. მედია უკრაინის საჰაერო ძალების წერს, რომ რუსეთმა იერიში 136 განახორციელა, რომელთაგან 114-ის ჩამოგდება ან განეიტრალება მოხერხდა.

მძიმე დარტყმის ქვეშ მოექცა დონეცკის ოლქი, სადაც თავდასხმებს 35 ადამიანი ემსხვერპლა – რუსულმა მართვადმა საავიაციო ბომბმა ორი სამგზავრო ავტობუსი და საცხოვრებელი შენობა გაანადგურა. ოლქის გუბერნატორ ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, რუსეთმა სამიზნედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განზრახ შეარჩია, რათა მშვიდობიან მოსახლეობაში მაქსიმალური მსხვერპლი გამოეწვია.

პარალელურად, რუსულმა ძალებმა 1 000-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც მართვადი ბომბების მოხვედრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. მსხვერპლი და ნგრევაა სხვა რეგიონებშიც.

7 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის 74-ე დაბადების დღის ღამეს, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე რაკეტებითა და დრონებით მორიგი მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რასაც მთელი ქვეყნაში სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 117 კი დაშავდა. ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ პრილუკიში რუსულმა რაკეტამ ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, დაინგრევა ორი სადარბაზო, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი, რომელთაგან სამი ჩვილი იყო, დაშავდა 54 ადამიანი. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს პუტინისთვის რუსული არმიის მიერ გაკეთებული „სისხლიანი საჩუქარი“ უწოდა.

უკრაინამ რუსეთში „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრებზე დრონებით შეტევა დაიწყო

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრი უკრაინული დრონების იერიშის შედეგად დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა. ეს ბოლო ორ დღეში „იანდექსის“ ობიექტებზე განხორციელებული უკვე მეორე თავდასხმაა. მანამდე იერიში რიაზანის ოლქის მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს, სადაც ხანძარი გაჩნდა და სუპერკომპიუტერები დაზიანდა, რამაც რუსეთში ინტერნეტისა და საბანკო სისტემების მუშაობა შეაფერხა.

კიევის განცხადებით, იერიშები პასუხია სექტემბერში უკრაინულ ინტერნეტ–ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე და მათი თქმით, მონაცემთა ცენტრებზე საპასუხო შეტევები მომავალშიც გაგრძელდება.

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს განათავსებს

პოლონეთი უკრაინის მოსაზღვრე ლუბლინის რეგიონში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს განათავსებს. პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მთავრობა სამოქალაქო თავდაცვის პროგრამას მიიღებს, რომლის ბიუჯეტიც 102.4 მილიარდი ზლოტი (26.4 მილიარდი დოლარი) იქნება. შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და პოლონეთს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვია.