გაუჩინარდა აზერბაიჯანელი აქტივისტი, რომელმაც გაკვეთილები დაგეგმა პროტესტის მონაწილე მოსწავლეებისთვის

პუბლიკა

ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი

ბაქოში მცხოვრებ აქტივისტსა და ხელოვანს, ილქინ ჰუსეინოვს მეორე დღეა, ვერ უკავშირდებიან.

რამდენიმე დღის წინ მან დაიწყო პროექტი „მიეცით ლეილის სკოლაში წასვლის უფლება“. პროექტის მიზანი იყო დამატებითი გაკვეთილების ორგანიზება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ფონზე სკოლას ბოიკოტს უცხადებდნენ. ამ დროისთვის უცნობია, შეძლო თუ არა რომელიმე მოსწავლემ პროექტის ფარგლებში გაკვეთილებით სარგებლობა.

15 ოქტომბრის დილით პროექტის ვებგვერდი და ინსტაგრამის გვერდი მიუწვდომელი იყო.

კიდევ ერთმა აქტივისტმა, ჯავიდ აღამ X-ზე დაწერა, რომ დაახლოებით 16:00 საათზე უცნობი პირები იზზათ ნაბიევის ქუჩაზე, ჰუსეინოვის სახლში მივიდნენ და აქტივისტი მათთან ერთად სახლიდან გავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ მისი ტელეფონი გამორთულია, ხოლო მისი ადგილსამყოფელი უცნობია. აღასვე თქმით, მიიღო შეტყობინება, რომ ჰუსეინოვის Facebook Messenger-ის ანგარიშზე ახალი მოწყობილობა დაემატა.

„მას Facebook Messenger-ში შეტყობინება გავუგზავნე და ცოტა ხნის წინ ასეთი შეტყობინება ვნახე: „ჰუსეინოვმა ილქინმა ახალი მოწყობილობა დაამატა“. როგორც ჩანს, შესაძლოა, მის ანგარიშზე წვდომა უნებართვოდ მოიპოვეს. ილქინის გამო ვღელავთ“, – დაწერა მან.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, დააკავეს თუ არა აქტივისტი.

აღა ამბობს, რომ ჰუსეინოვი დაკავშირებულია ინიციატივასთან „ლეილის სკოლაში წასვლის უფლება მიეცით“, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში შეიქმნა – მას შემდეგ, რაც სკოლებში ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა.

ჰუსეინოვის ინიციატივის მიზანი იყო, მასწავლებლებისთვის შეექმნა პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ისინი გაკვეთილებს ჩაუტარებდნენ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალეს, და დაეხმარებოდნენ მათ, არ დარჩენილიყვნენ განათლების შესაძლებლობის გარეშე. ინიციატივას მცირე ხნით ჰქონდა ინსტაგრამის გვერდი მომხმარებლის სახელით „qoymektebegetsin“, რომელიც ამჟამად წაშლილია.

„ეჭვი მაქვს, რომ ის დააკავეს და ვფიქრობ, მიზეზი სწორედ ეს არის“, – თქვა ჯავიდ აღამ.

ამ დროისთვის უცნობია, დააკავეს თუ არა ჰუსეინოვი სამართალდამცავმა ორგანოებმა. მის ადგილსამყოფელთან ან იმ პირების ვინაობასთან დაკავშირებით, რომლებიც მის სახლში მივიდნენ, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვინ არის ილქინ ჰუსეინოვი?

ილქინ ჰუსეინოვი აზერბაიჯანელი ხელოვანი, ფოტოგრაფი, მუსიკოსი და კულტურის აქტივისტია, რომელიც ბაქოში დამოუკიდებელი ხელოვნებისა და კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილით არის ცნობილი. მისი შემოქმედება ურბანულ ცხოვრებას, მეხსიერებას, სოციალურ საკითხებს, გარემოსდაცვით პრობლემებსა და ვიზუალურ კულტურას ეხება.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ პროექტია Salaam Cinema Baku – დამოუკიდებელი კინოსა და ხელოვნების სივრცე ბაქოში, რომელიც ბაქოს ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთანაც ასოცირდება.

2019 წელს გაჩნდა საფრთხე, რომ შესაძლოა დაენგრიათ ისტორიული შენობა, რომელშიც Salaam Cinema იყო განთავსებული. ჰუსეინოვი და საზოგადოების სხვა წევრები შენობის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.