ისრაელის თავდაცვის კომპანიის საიდუმლო - $235-მილიონიანი მომხმარებელი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანია

პუბლიკა

ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი

ისრაელის მედია Globes-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანი არის ის დაუზუსტებელი მომხმარებელი, რომელმაც ისრაელური Elbit Systems-ისგან 235 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ზუსტად დამიზნებადი რაკეტები და ზალპური ცეცხლის სარაკეტო საარტილერიო სისტემები უნდა შეიძინოს.

ისრაელის თავდაცვის კომპანიამ 19 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ უცნობი „ევროპელი“ მომხმარებლისთვის განკუთვნილი გარიგება მომდევნო სამი წლის განმავლობაში შესრულდება. ეს ნაბიჯი ბაქოსა და თელავივს შორის თავდაცვის სფეროში მზარდი პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია.

მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის Elbit Systems-ს არ უთქვამს, ვინ არის მომხმარებელი, თუმცა გარიგების არსებობა დაადასტურა.

აზერბაიჯანისა და ისრაელის ალიანსი საერთო სტრატეგიულ ინტერესებს ეფუძნება: ისრაელი ენერგორესურსებზე წვდომას იღებს, ხოლო აზერბაიჯანი მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებით სარგებლობს. ამ პარტნიორობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს, როდესაც ისრაელში წარმოებული შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატები და სხვა ზუსტი დამიზნების იარაღი აზერბაიჯანის ძალებს სომხური პოზიციების აღმოჩენასა და მათზე დარტყმაში ეხმარებოდა.

Elbit-ის ინფორმაციით, შეთანხმება მოიცავს საშუალო სიშორის რაკეტებს EXTRA-MR, PULS-ის ტიპის გამშვებ დანადგარებსა და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას. მიწოდება და სისტემების დანერგვა სამ წელიწადს მოიცავს. EXTRA-MR განკუთვნილია ზუსტი დარტყმებისთვის და 80 კილომეტრამდე მანძილზე მდებარე სამიზნეების განადგურება შეუძლია.

Elbit-ის განცხადებით, შეთანხმებას საფუძვლად უდევს მთავრობათაშორისი შეთანხმება ისრაელის თავდაცვის სამინისტროსა და მომხმარებელი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შორის.

სარაკეტო შეიარაღების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას ემთხვევა. ისრაელის თავდაცვის კომპანიები სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანაში საკუთარ საქმიანობას აფართოებენ.

დაახლოებით ერთი კვირით ადრე Globes-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ Ari Arms-მა აზერბაიჯანში შაშხანების ქარხანა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა.

ქარხანა აზერბაიჯანის მთავრობას ეკუთვნის და სავარაუდოდ, ქვეყანაში დასავლური ტიპის M4 შაშხანების წარმოების პირველი ობიექტი გახდება. მანამდე საწარმო კალაშნიკოვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის დამზადებაზე იყო ორიენტირებული.

M4 შაშხანების წარმოება ერთობლივი საწარმოს ფარგლებში ვითარდება, რომელშიც მონაწილეობენ Ari Arms, აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის სამინისტრო, რომელსაც მინისტრი ვუგარ მუსტაფაევი ხელმძღვანელობს, და აზერბაიჯანული კომპანია Iqlim Scientific Production Enterprise.

თავდაცვის გამოფენა ADEX-ის მიმდინარეობისას მუსტაფაევმა ალიევსა და თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს საწარმოში დამზადებული პირველი M4-ის პროტოტიპი წარუდგინა. მან ასევე განმარტა პროექტის არსი და წარმოების პროცესი.

წლევანდელ ADEX-ის გამოფენაში ისრაელის თავდაცვის სფეროს რამდენიმე სხვა კომპანიაც მონაწილეობდა, მათ შორის Aeronautics, Plasan, UVision, Bagira და Bird.

კომპანია Ondas, რომლის ისრაელში საქმიანობამ ყურადღება მიიპყრო, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დედი ბარნეას ხელმძღვანელობით. ბარნეა ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“, ყოფილი ხელმძღვანელია და ამჟამად კომპანიაში პრეზიდენტისა და თავმჯდომარის თანამდებობებს იკავებს.

Elbit Systems, რომელიც ისრაელის უმსხვილესი კერძო თავდაცვის კორპორაციაა, წარსულშიც შესთავაზა აზერბაიჯანს თავისი პროდუქციის წარმოების ლოკალიზება ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.