ოპოზიციონერი ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერებს მედიასთან განხილული თემების შესახებ დეტალურად არ უსაუბრიათ.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ „ფორმულასთან“ კომენტარი გააკეთა „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
შეკითხვაზე, ისაუბრეს თუ არა ელჩებმა, თუ რა საპასუხო ნაბიჯები შეიძლება გადაიდგეს იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტიელბას მიიღებს, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ „ამაზე არ გვქონია საუბარი.“
„დიპლომატებთან საუბარი ეხებოდა იმას, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, როგორ დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, იმ უმძიმესი გამოუსწორებელი შესაძლო შედეგებისგან, რომელიც შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყნას „ქართული ოცნების“ ავანტიურამ. ეს არის მთავარი საზრუნავი ახლა ჩვენთვის, როგორ დავიცვათ ქართული სახელმწიფო ამ უპასუხისმგებლო ავანტიურის შესაძლო შედეგებისგან, ამაზე იყო საუბარი… რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი არის და უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროს წევრი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მას საფრთხე არ მიადგეს „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო ავანტიურის შედეგად“, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
„ჩვენ ვიცით, რა არის საჯარო პოზიცია თავისუფალი სამყაროსი და აქ არაფერი მოულოდნელი არ არის, ივანიშვილის რეჟიმის კურსი – დაპირისპირება თავისუფალ სამყაროსთან, საქართველოს მტრების რუსეთის სასარგებლოდ, მათი ღია გზავნილია. ჩვენი გზავნილი ქართული საზოგადოების მიმართ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ამ ნაბიჯით [პარტიების აკრძალვით] რეჟიმს უნდა, რომ ძალა აჩვენოს და გააგრძელოს საქართველოს მომავლის ხარჯზე, თითოეული მოქალაქის ხარჯზე, საკუთარი სიმდიდრისა და ძალაუფლების შენარჩუნება, ჩვენი მტრების ინტერესების სასარგებლოდ. ამის გადასაფარად უნდა ეს ყველაფერი, რასაც ახლა პატრიებთან დაკავშირებით აკეთებს“, – განაცხადა „ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„საქმიანი საუბარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით… გასაგებია, რომ ივანიშვილის პროპაგანდა ყოველთვის იყენებს ამ შეხვედრებს თავისი რუსული პროპაგანდისტული მიზნებისთვის, სინამდვილეში მარტივად არის საქმე, ივანიშვილს სურს, არ არსებობდეს პროდასავლური ეროვნული ძალები ქვეყანაში“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა.
21, 22 და 23 ოქტომბერს 12:00 საათზე საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყება.
საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა: „ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“; „ფედერალისტური პარტიის“; „გახარია საქართველოსთვის.
საკონსტიტუციო სარჩელი „ქართული ოცნების” პარლამენტის 88 წევრის მიერ არის შეტანილი.