ავტორი: ასლან ბაირამოვი
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი 23 ოქტომბერს აზერბაიჯანს ეწვია, სადაც პირისპირ შეხვედრები გამართა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და აზერბაიჯანელ კოლეგას ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ეს ჯაიშანკარის პირველი ვიზიტი იყო აზერბაიჯანში, ასევე ინდოეთის ყველაზე მაღალი დონის დელეგატის ვიზიტი აზერბაიჯანში თითქმის ბოლო ათი წლის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბაქომ და ნიუ-დელიმ ურთიერთობები ნორმალიზების გზაზე დააყენეს, მათ ურთიერთქმედებას ისტორიულად სირთულეებს უქმნიდა ინდოეთის მჭიდრო კავშირები სომხეთთან. თავის მხრივ, აზერბაიჯანი დიდი ხანია ინდოეთის მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგე პაკისტანის მოკავშირეა. თავად პაკისტანმა კი სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ 2025 წელს დაამყარა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში ინდოეთმა დაბლოკა აზერბაიჯანის გაწევრება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO). პარალელურად პაკისტანმა ორგანიზაციაში სომხეთის გაწევრებას შეუშალა ხელი.
2025 წლის მაისში ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შესაძლებლობა მისცა, თავიანთი მოკავშირეების მხარე დაეკავებინათ: ერთ მხარეს ინდოეთი და სომხეთი აღმოჩნდნენ, მეორე მხარეს კი – პაკისტანი და აზერბაიჯანი. ამ ორ ალიანსს შორის დაპირისპირებამ ინდოეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა გამოიწვია.
პრესკონფერენციაზე ჯაიშანკარმა განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და ილჰამ ალიევი მანამდე ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს და ბაქოში მისი ვიზიტი სწორედ ამ შეხვედრის გაგრძელება იყო.
„ჩვენი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე მოსაზრებები გავცვალეთ“, – განაცხადა ჯაიშანკარმა 23 ოქტომბერს.
მისივე თქმით, ბაირამოვთან ურთიერთობების გაფართოებაზე ისაუბრა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა, მათ შორის ვაჭრობა, ინვესტიციები და ენერგეტიკა.
ჯაიშანკარმა აღნიშნა, რომ ინდური კომპანიები აზერბაიჯანში მრავალი წელია საქმიანობენ და ინვესტიციებს, განსაკუთრებით ნავთობისა და ენერგეტიკის სექტორში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში. შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. ასევე განვიხილეთ პირდაპირი ავიარეისების რაოდენობის გაზრდისა და ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები“.
ჯაიშანკარმა ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მიღწევის პროცესში არსებული პროგრესის მნიშვნელობას.
შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ მოდის დავალებით ჯაიშანკარის ვიზიტს მაღალ შეფასებას აძლევს. ალიევმა ხაზი გაუსვა ინდოეთთან ორმხრივი ურთიერთობების განხილვის მნიშვნელობას.
აზერბაიჯანულ ოფიციალურ განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ აზერბაიჯანი და ინდოეთი „გლობალური სამხრეთის წევრები არიან“ და „საერთაშორისო დღის წესრიგის რიგ საკითხებზე, მათ შორის გლობალური სამხრეთის ქვეყნების ინტერესებთან დაკავშირებულ თემებზე, მსგავს პოზიციებს იზიარებენ“. ამ კონტექსტში მხარეებმა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, მაღალტექნოლოგიური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ორივე ქვეყნის არასამთავრობო სფეროს წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ შეხვედრა ორმხრივ ურთიერთობებში დადებით ტენდენციებზე მიუთითებს.
„აზერბაიჯანი კასპიის ზღვის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და ევროპის კარიბჭეა. აზერბაიჯანისთვის ინდოეთი 1,4-მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ბაზარია და აზიის მიმართულებით პარტნიორობის დივერსიფიკაციის მცდელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. საერთო ჯამში, ინდოეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს მართლაც დიდი პოტენციალი აქვს. ორივე მხარისთვის სასიხარულო ისაა, რომ ახლა არსებობს პოლიტიკური ნება ამ პოტენციალის რეალიზებისთვის“, – დაწერა ვასიფ ჰუსეინოვმა, აზერბაიჯანის მთავრობის მხარდამჭერი კვლევითი ცენტრის, AIR Centre-ის ხელმძღვანელმა.
ინდური მედია The Hindu-ს დიპლომატიური საკითხების რედაქტორმა, სუჰასინი ჰაიდარმა შეხვედრა ურთიერთობებში „მნიშვნელოვან გარდატეხად“ შეაფასა. მისი შეფასებით, ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ ერთი წლით ადრე მხარეები შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ერთმანეთის გაწევრიანებას საპასუხო ნაბიჯებით ბლოკავდნენ.
„როცა საჭიროა, დიპლომატია მუშაობს“, – თქვა ჰაიდარმა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.