პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება.
საკანონმდებლო პაკეტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
მომხსენებლის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კანონპროექტები სათამაშო ბიზნესის სფეროს სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფის მიზნით მომზადდა და საერთაშორისო აზარტული ტურნირების საკითხს არეგულირებს.
კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
კანონპროექტით დგინდება, რომ თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.
ცვლილებით ასევე დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც 50 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება.
არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 150 ათას ლარს შეადგენს.