სიმონიანზე ვიდეოს ქვეშ დაწერილი კომენტარის საქმეზე თორნიკე რაზმაძე 3000 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

„დაჩოქილ ერეკლეზე“ სიმონიანის საპასუხოდ დაწერილი კომენტარის გამო თორნიკე რაზმაძე 3000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება ნინო ენუქიძემ მიიღო.

შსს თორნიკე რაზმაძეს 166-ე მუხლის პირველ ნაწილს – საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ედავებოდა.

2026 წლის 18 აგვისტოს თორნიკე რაზმაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსი პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის განცხადებებს მიმოიხილავდა. პოსტზე კომენტარში კი დაწერა: „ამათი დედას შევე*ი „ნა კალენიახ“.“

თორნიკე რაზმაძის თქმით, ვიდეოს ქვეშ დაწერილ კომენტარში მან თავად სიმონიანის სიტყვები გამოიყენა, რადგან მარგარიტა სიმონიანმა ამ ფრაზით თქვა, თითქოსდა მეფე ერეკლე II-ის მსგავსად, საქართველო ახლაც მუხლდაჩოქილი მივიდოდა მათთან მფარველობისთვის.

ამიტომ თორნიკე რაზმაძის თქმით, მისი გინებაც სწორედ სიმონიანს მიემართებოდა. „როცა ვინმეს აგინებ, იმეორებ მის ფრაზას და ამ ფრაზას აყოლებ გინებას, რანაირად უნდა შეგეშალოთ ვის მიემართებოდა“, – მიმართა თორნიკე რაზმაძემ შსს-ს.

საქმე ისაა, რომ შსს-მ საქმის წარმოება 166-ე მუხლით დაიწყო, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რაზმაძის შესახებ გაკეთებულ კომენტარებში ისე წარმოაჩინეს, თითქოს თორნიკე რაზმაძეს არა მარგარიტა სიმონიანის, არამედ „ქართული ოცნების“ ლიდერების შეურაცხყოფას ედავებოდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში შსს-ს საქმის წარმოება სხვა მუხლით უნდა დაეწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, მარიამ კერესელიძემ 29 სექტემბერს პირველ სხდომაზე განაცხადა, რომ საქმის წარმოება დაიწყეს 166 მუხლით, 173¹⁶ მუხლის ნაცვლად, რადგან 173¹⁶ მუხლი, თანამდებობის პირების შეურაცხყოფა, კვალიფიკაციისთვის კონკრეტული სახელისა და გვარის გამოკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თორნიკე რაზმაძის პოსტისა და კომენტარების გაანალიზებით ნათელი იყო, რომ „კონკრეტული გინება ამ შემთხვევაში მიემართებოდა სახელისუფლებო გუნდს“. მაგრამ რადგან კომენტარში კონკრეტული პირის სახელი არ იყო მითითებული, წარმოება 166-ე მუხლით დაიწყო, რომელიც საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ითვალისწინებს და კონკრეტული ადრესატის იდენტიფიცირებას არ მოითხოვს.

15 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მარიამ კერესელიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ – მართალია, რაზმაძის კომენტარი პირდაპირ არ მიემართებოდა საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ოქმის შემდგენმა უშუალოდ კომენტართან ერთად შეაფასა ზოგადად, თორნიკე რაზმაძის პოსტის კონტექსტი და შინაარსი. რის შემდეგაც მიიჩნიეს, რომ მისი კომენტარი არა მარგარიტა სიმონიანს, არამედ საქართველოს ხელისუფლებას მიემართებოდა.

მისი თქმით, მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო წარმოება არავის მიმართ არ დაუწყიათ.

„მე ვთქვი, რომ იმ პოსტზე ბევრი შეურაცხმყოფელი კომენტარი იყო თუნდაც სიმონიანის მიმართ, მაგრამ გასაგებია-მეთქი ქართველი ხალხის რეაქცია ასეთი შინაარსის განცხადებაზე. გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ხომ ფასდება, ამხელა ოკუპაციის ფონზე… ქართველი ხალხის რეაქცია.

მაგრამ კონკრეტულად ამ პოსტზე, ბატონი თორნიკეს გარდა, კიდევ ორი კომენტარი იყო, ბატონი მამუკა იყო მგონი და ქალბატონი ანა, რომლებიც მიემართებოდა საქართველოს ხელისუფლებას. რაც შეეხება კონკრეტულად ვინ აფასებს, შეურაცხმყოფელია თუ არა, რა თქმა უნდა, კონკრეტული ოქმის შემდგენი აფასებს ამ ყოველივეს და სასამართლო აფასებს, რამდენად არის კანონთან შესაბამისობაში აღნიშნული“, – თქვა მარიამ კერესელიძემ.

საქმის მასალების მიხედვით, სამართალწარმოების დაწყების საფუძველი 18 აგვისტოს რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ზე მისივე გამოქვეყნებული ვიდეოს ქვეშ დაწერილი კომენტარი გახდა.

2026 წლის 18 აგვისტოს თორნიკე რაზმაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსი პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის განცხადებებს მიმოიხილავდა. პოსტზე კომენტარში კი დაწერა: „ამათი დედას შევე*ი „ნა კალენიახ“.“