საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ბოლო პერიოდში გატარებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა საქართველოში აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებების რეალიზების შესაძლებლობა არსებითად გააუარესა.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ შეზღუდვები, ერთი მხრივ, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ხმის მიცემას ურთულებს, მეორე მხრივ კი, ზღუდავს პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობებს.
საიამ საარჩევნო უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და პოლიტიკური პროცესების მიმოხილვა გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების შედარებით შეფარული მეთოდები უფრო პირდაპირი და მკაცრი შეზღუდვებით შეიცვალა. საია ამ ტენდენციას უკავშირებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობისა და პოლიტიკური მონაწილეობის შემზღუდავი სამართლებრივი მექანიზმების გაფართოებასა და პრაქტიკაში გამოყენებას.
„ამ პროცესების ერთობლივი გავლენა და ბუნდოვანი სამართლებრივი ცნებებით გამოწვეული მსუსხავი ეფექტი არსებით საფრთხეს უქმნის ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციასა და მოქალაქეთა მონაწილეობას“, – წერს ორგანიზაცია.
საია ყურადღებას ამახვილებს 2025 წლის დეკემბერში მიღებულ ახალ საარჩევნო კოდექსზე, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნები, მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ტარდება. შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ იხსნება, ხოლო ფოსტით ან ელექტრონულად ხმის მიცემის შესაძლებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.
ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება ფორმალურად შენარჩუნებული აქვთ, მისი განხორციელება საქართველოში ფიზიკურად ჩამოსვლაზეა დამოკიდებული. მგზავრობის ხარჯები, მანძილი, სამუშაო და ოჯახური ვალდებულებები კი ემიგრანტების ნაწილისთვის არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად ართულებს ან შეუძლებელს ხდის.
„ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკანონმდებლო შეზღუდვით შეილახა აქტიური საარჩევნო უფლების საყოველთაობის ასპექტი“, – აღნიშნავს საია.
ორგანიზაციას ეს საკითხი 2026 წლის აპრილში, საფრანგეთში მცხოვრები მოქალაქეების სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. საიას გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, სასამართლოს სარჩელი არსებითად განსახილველად ჯერ არ მიუღია.
მიმოხილვაში მოყვანილი მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამ უბნების მიხედვით, ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ს შეადგენდა, არჩევნებში კი დაახლოებით 34 000-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
საია ასევე აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 13,49% მიიღო, მაშინ როდესაც ქვეყნის მასშტაბით პარტიის მიერ მიღებული ხმების წილი 53,93% იყო.
ორგანიზაცია მიმოიხილავს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენამდე კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებსაც.
2025 წლის მაისში სასამართლოს მიეცა უფლება, აკრძალოს პარტია, რომლის მიზნები ან საქმიანობა, მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა, არსებითად იმეორებს უკვე აკრძალული პარტიისას. ამავე დროს, ასეთი საქმის განსახილველად 14-დღიანი ვადა განისაზღვრა.
2025 წლის ოქტომბერში კი დაწესდა შეზღუდვები აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის. მათ აეკრძალათ ახალი პარტიის დაფუძნება, პარტიაში ხელმძღვანელი პოზიციის დაკავება, სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობების დაკავება და არჩევნებში მონაწილეობა. ასევე დაწესდა შეზღუდვა სხვა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობის გაღებაზე.
საიას შეფასებით, პრობლემურია, რომ კანონმდებლობა სათანადოდ არ განსაზღვრავს, რა კრიტერიუმებით მიიჩნევა პირი აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულად და რა საფუძვლით უნდა გავრცელდეს მასზე პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვები.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პარტიის პერსონალური შემადგენლობისა და საარჩევნო სიების მსგავსების გათვალისწინებამ შესაძლოა ახალი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძვლად ცალკეული პირების წარსული პოლიტიკური კავშირები აქციოს, მაშინაც კი, თუ არ დადგინდება, რომ ახალმა პარტიამ კანონით აკრძალული მიზნები ან საქმიანობა განახორციელა.
„პარტიის აკრძალვა თავისთავად არ ადასტურებს, რომ მასთან დაკავშირებული თითოეული პირი ინდივიდუალურად არის პასუხისმგებელი იმ საქმიანობაზე, რომელიც პარტიის აკრძალვის საფუძვლად იქნა მიჩნეული“, – წერს საია.
ორგანიზაციის განცხადებით, შეზღუდვები დროში შემოსაზღვრული არ არის და კონკრეტულ პარტიასთან კავშირი პირისთვის შესაძლოა მთელი სიცოცხლის განმავლობაში პოლიტიკური კარიერის დასრულების ტოლფასი აღმოჩნდეს.
საია ასევე მიუთითებს ვენეციის კომისიის 2026 წლის 9-10 ოქტომბრის შეფასებაზე, რომლის თანახმადაც, აღნიშნული კანონმდებლობა პლურალიზმისა და დემოკრატიის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება და პოლიტიკური პარტიებისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის.
საია კიდევ ერთ პრობლემურ ცვლილებად მიიჩნევს 2026 წლის მარტში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს.
ამ რეგულაციით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალათ იმ პირებს, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავალს სრულად ან ნაწილობრივ იღებენ ისეთი ორგანიზაციისგან, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ძალისგან არის მიღებული.
საიას შეფასებით, ასეთი შეზღუდვა მოქალაქეებს პოლიტიკური გაერთიანებისა და პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას უზღუდავს არა მათ მიერ ჩადენილი კონკრეტული უკანონო ქმედების, არამედ პროფესიული საქმიანობისა და იმ ორგანიზაციის უცხოური დაფინანსების გამო, რომელშიც მუშაობენ.
„კანონით დაშვებული უცხოური დაფინანსების მოპოვებისა და გამოყენების შესაძლებლობით სარგებლობა არ შეიძლება გახდეს მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის საფუძველი“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.
მიმოხილვის დასკვნით ნაწილში საია წერს, რომ საარჩევნო უფლებების შეზღუდვა ურთიერთდაკავშირებული მიმართულებებით მიმდინარეობს: საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ხმის მიცემისას პრაქტიკული დაბრკოლებები ექმნებათ, ხოლო პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები ვიწროვდება.
ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვის დაკავშირება არა პირის ინდივიდუალურად დადგენილ უკანონო ქმედებასთან, არამედ მის წარსულ პარტიულ კავშირებთან ან პროფესიულ საქმიანობასთან.
საია მიიჩნევს, რომ ბუნდოვანი სამართლებრივი კრიტერიუმები, შეზღუდვების ხანგრძლივი ან განუსაზღვრელი მოქმედება და მათი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა თვითნებური გამოყენების რისკს ქმნის.
„შედეგად, მოქალაქეებს პოლიტიკური მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს არა მხოლოდ უშუალოდ დაწესებული აკრძალვები, არამედ მათი შესაძლო გავრცელების განუჭვრეტელი საფრთხეც“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
საიას დასკვნით, მიმდინარე ტენდენციები ქმნის სამართლებრივ გარემოს, რომელშიც საარჩევნო უფლებების ფორმალური აღიარება სულ უფრო მეტად სცილდება მათი რეალურად განხორციელების შესაძლებლობას.
2025 წლის 16 ოქტომბერს „ოცნების“ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.
მიღებული კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარმდგენის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს:
- პარტიის შექმნა;
- პოლიტიკური პარტიის წევრობა;
- პარტიის ორგანოს წევრობა;
- პარტიული თანამდებობის დაკავება;
- არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა [პასიური საარჩევნო უფლება];
- არჩეული ორგანოს წევრის/არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენა;
- პოლიტიკური თანამდებობის დაკავება;
- კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელობა;
თუ მოსარჩელე მოითხოვს, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება ასევე გამოიწვევს:
- აკრძალული პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას;
- სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას;
- პარტიული სიიდან პირის ამორიცხვას.
რეგისტრაციაზე უარი ეთქმება ისეთ პარტიას, რომლის სიაშიც იქნება ისეთი პირი, რომელსაც პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აკრძალული აქვს.
პარტიას, რომელიც სიაში შეიყვანს ასეთ პირს, ჯარიმა დაეკისრება.
დაუშვებელი იქნება საპარლამენტო სიებსა თუ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიებში ისეთი პირის შეყვანა, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობა აკრძალული აქვს. ცესკო ასეთ პარტიებს არც საპარლამენტო და არც თვითმმარველობის არჩევნებისთვის რეგისტრაციაში არ გაატარებს. ანალოგიური აკრძალვა იმოქმედებს მერობის კანდიდატების შემთხვევაშიც.
გარდა ამისა, „ოცნებამ“ მიიღო კანონი, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს იმ პარტიის აკრძალვა შეეძლება, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა არსებითად იმეორებს სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის არსს/მიზანს.
2025 წლის 17 დეკემბერს „ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია მიიღო.
ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რაც საარჩევნო კოდექსის ახალ რედაქციაში აისახა ისაა, რომ ემიგრანტები საზღვარგარეთ ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს საზღვარგარეთ თავისუფალი ნების გამოვლენის ხელშეშლის პრევენციას“.