ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. ვიცე-პრემიერად ბელგოროდის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი დანიშნეს

პუბლიკა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, მარატ კამბოლოვმა ე.წ. ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე რუსეთის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, დმიტრი გლადსკი, დანიშნა.

მანამდე, 29 ოქტომბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი ე.წ. პრემიერ-მინისტრი დანიშნეს. პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი 44 წლის სოსლან მარგიევს, რომელიც მანამდე მოსკოვის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა კი კიდევ ერთმა მოსკოველმა მოხელემ, ეკატერინა ტოლსტიკოვამ დაიკავა. ის კამბოლოვის ყოფილი კოლეგაა – მათ მანამდე რუსეთის ფედერალურ სამთავრობო უწყებებში ერთად უმუშავიათ.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოსკოველი მოხელეების დანიშვნა ე.წ. პრეზიდენტად მარატ კამბოლოვის დანიშვნის შემდეგ აქტიურად დაიწყო.

მარატ კამბოლოვი ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტად სექტემბერში დაინიშნა.

მარატ კამბოლოვი ოსური წარმოშობის რუსი ჩინოვნიკია, რომელმაც კარიერა რუსეთის ფედერალურ სტრუქტურებში გაიკეთა – იყო რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი ხელმძღვანელობდა ცნობილ “კურჩატოვის ინსტიტუტს”

2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვი ცხინვალის რეგიონში საკუთარ კონტროლს სხვადასხვა მექანიზმებით ამყარებდა, დღეს ეს პოლიტიკა უკვე დე ფაქტო ინსტიტუტების უშუალო საკადრო და ადმინისტრაციულ მართვაში გადაიზარდა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2026 წლის 9 მაისს ცხინვალსა და მოსკოვს შორის რიგით მესამე ხელშეკრულება გაფორმდა ე.წ. „მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“.

ხელშეკრულების მიხედვით, ერთი მხარის მოქალაქეებს შეუძლიათ დაიკავონ სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობები, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახურის თანამდებობები მეორე მხარის სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში. სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი რომ რუსეთს თავისი კანდიდატურა წამოეყენებინა სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.