9-თვიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომის საკითხზე აბუ დაბიში უკრაინას, რუსეთსა და აშშ-შორის მოლაპარაკებები განახლდება. მოლაპარაკებები დღეს და ხვალ – 10 და 11 ნოემბერს გაიმართება.
BBC წერს, რომ აშშ-ის ოფიციალურ პირების თანახმად, მოსკოვი და კიევი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებზე ომისშემდგომი კონტროლის საკითხთან დაკავშირებით პირად საუბრებში „გარკვეულ მოქნილობას“ იჩენენ. მათი ინფორმაციით, „მოქნილობა“ აბუ დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, თუმცა ტერიტორიულ დავაზე შეთანხმების მიღწევა უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განსაზღვრის გარეშე შეუძლებელია.
აბუ დაბის შეხვედრა უკრაინის საკითხზე პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება თებერვლის შემდეგ. ემირატების დედაქალაქში ერთმანეთს მოსკოვის, კიევისა და ვაშინგტონის მაღალი რანგის წარმომადგენლები შეხვდებიან.
აშშ-ის დელეგაციის წევრის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის განცხადებით, შეხვედრის მთავარი ყურადღება რუსეთისა და უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების საკითხებზე იქნება გამახვილებული.
„ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია ყველა მხარის წახალისება, რათა მათ სერიოზულად დაიწყონ ფიქრი იმაზე, თუ რა მოხდება ომის დასრულების შემდეგ“, – დაწერა კუშნერმა X-ზე.
მიუხედავად ამისა, კონფლიქტის დასრულების პირობებთან დაკავშირებით მოსკოვისა და კიევის პოზიციები კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთ-ერთი მთავარი უთანხმოება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონ დონეცკს უკავშირდება, რომლის უდიდესი ნაწილი ამჟამად რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.
მოსკოვი უკრაინისგან დონეცკის იმ ტერიტორიების დათმობას მოითხოვს, რომლებსაც კიევი კვლავ აკონტროლებს. უკრაინა კი ფრონტის ხაზის გაყინვას და აღნიშნულ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნებას მოითხოვს. კიევის განცხადებით, ეს მონაკვეთები ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მხარეს თავისი მოთხოვნები საჯაროდ არ შეუცვლია, მოლაპარაკებების დაწყების წინ საუბრისას აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა მხოლოდ მათი საჯარო პოზიცია იყოს და მოსკოვი და კიევი პირად საუბრებში გარკვეულ დათმობებზე წასვლის მზაობას აჩვენებდნენ.
ამასთან, ჯერად კუშნერმა განმარტა, რომ დონეცკისა და ტერიტორიული საკითხების მოგვარება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იქნება.
„ისინი დონეცკის საკითხსა და ტერიტორიულ პრობლემას ვერ მოაგვარებენ, სანამ არ ეცოდინებათ, როგორი იქნება ომისშემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურა. გაითვალისწინეთ, რომ ერთის საბოლოოდ შეთანხმებას მეორის გარეშე ვერ შევძლებთ“, – განაცხადა მან.
უკრაინისთვის ომისშემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურა შესაძლოა მოიცავდეს გარანტიებს, რომ მოკავშირეები ქვეყანას დაეხმარებიან, თუ მას კვლავ დაესხმებიან თავს. რუსეთისთვის კი ეს შესაძლოა ნიშნავდეს მისი დიდი ხნის მიზნის მიღწევას – NATO-ს აღმოსავლეთ ევროპიდან უკან დახევას, რაც ევროპელებისთვის სერიოზული შეშფოთების საფუძველი იქნებოდა.
შეთავაზებული ჩარჩო უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციებს, კრიზისული კომუნიკაციის ცხელ ხაზებსა და მხარეებს შორის „ურთიერთშეთანხმებულ დეესკალაციის ზომებს“ ითვალისწინებს. ოფიციალურმა პირებმა ასევე წამოჭრეს NATO-რუსეთის საბჭოს საქმიანობის განახლების საკითხი. საბჭოს მუშაობა, ფაქტობრივად, 2022 წლიდან შეჩერებულია.
აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრაში აშშ-ის მხრიდან ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი მონაწილეობენ.
სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი თებერვალში ჟენევაში გაიმართა და კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მალევე აშშ-ისა და ისრაელის ომმა ირანის წინააღმდეგ ვაშინგტონის ყურადღება უკრაინიდან გადაიტანა და მას შემდეგ სხვა შეხვედრები აღარ გამართულა.
ევროპელი ლიდერები, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში დიდწილად არ მონაწილეობენ, პროცესში ჩართვას აქტიურად მოითხოვენ. მათ არ სურთ, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები თავად ევროპელების მონაწილეობის გარეშე იქნას მიღებული.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 ნოემბერს გამოვიდა მოწოდებით, NATO-ს მოკავშირეები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებულ ყველა „შინაარსიან დისკუსიაში“ ჩართონ. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კი არაერთხელ განუცხადებია, რომ კიევს სურს, ევროპა მოლაპარაკებების მონაწილე იყოს.
აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკული მხარე მოლაპარაკებების მრავალმხრივ ფორმატზე გადასვლას შესთავაზებს, რაც პროცესში ევროპელების ჩართვასაც გულისხმობს.
„იმედი გვაქვს, რუსებსაც დავიყოლიებთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „რუსებს ევროპელებთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება და განწყობა აქვთ“.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა, რომელიც მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდს ხელმძღვანელობდა, კონფლიქტის დასრულებაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია. გაპრეზიდენტებამდე ტრამპი აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს ერთ დღეში დაასრულებდა.
ამავდროულად, მოსკოვის მიმართ მისი სულ უფრო შემრიგებლური მიდგომა კიევსა და ევროკავშირში მზარდ შეშფოთებას იწვევს.
გასულ კვირას ვაშინგტონში კრემლის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოახლოებულ „დიდ, ლამაზ შეთანხმებაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შესაძლოა „მთელ ევროპასაც მოიცავდეს“. ევროპელებმა უარყვეს მისი ინიციატივა და თქვეს, რომ „ევროპას უკვე აქვს უსაფრთხოების არქიტექტურა“.
უკრაინაშიც ბევრს ეჭვი ეპარება, რომ დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული შეთანხმება სამართლიანი მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს.
უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ალექსანდრ მერეჟკომ BBC-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, ტრამპს „უკრაინის ხარჯზე სწრაფი შეთანხმების“ მიღწევა სურს, რასაც კიევი, მისი შეფასებით, აუცილებლად უარყოფს.
მერეჟკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეალური მოლაპარაკებების დაწყების ერთადერთი გზა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა, მათ შორის სანქციებისა და რუსეთის ტერიტორიაზე ღრმა დარტყმების გზით.
„სანამ პუტინის ომის მანქანა მოქმედია, მას მოლაპარაკებების არანაირი სტიმული არ გააჩნია“, – განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა.
მან ასევე ტრამპის ბოლოდროინდელი ნაბიჯები გააკრიტიკა და, მაგალითად, რუსეთიდან დიზელის საწვავის შესყიდვის შესახებ შეთანხმება მოიყვანა. მერეჟკოს შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები „მხოლოდ წაახალისებს მოსკოვს, გააგრძელოს ომი“.
აბუ-დაბიში რუსეთის დელეგაციაში იქნებიან კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და არმიის გენერალი იური ჟიგარლოვსკი.
უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ რამდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომლებიც წინა მოლაპარაკებების გუნდებშიც შედიოდნენ. მათ შორის არიან საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და დეპუტატი დავით არახამია.
აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრების პარალელურად, რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინის დაბომბვას და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს, რასაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება. კიევში მიიჩნევენ, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსკოვის სურვილს, უკრაინა აიძულოს, რუსეთის პირობებით დადებულ შეთანხმებას დათანხმდეს.
ჯარედ კუშნერმა თქვა, რომ აბუ-დაბის მოლაპარაკებებმა, საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლოა „მომდევნო ეტაპის მოლაპარაკებებისთვის საფუძველი შექმნას“.
„ეს უკიდურესად რთული და კომპლექსური კონფლიქტია“, — დაწერა კუშნერმა X-ზე და დასძინა, რომ აშშ მოლაპარაკებებს „მტკიცე განწყობითა და რეალისტური მიდგომით“ იწყებს.