„ოლე-ოლას“ სიმღერის ვიდეოს გამო მომღერალი სოფო ბათილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 3000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ე.წ. სქროლვა-სქრინვის სააგენტომ შეადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს სამმართველო ბათილაშვილს გამოქვეყნებულ ვიდეო-პოსტში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებას ედავებოდა.
„სამწუხაროდ, ყველაფერი მოსალოდნელი იყო, რაც დამხვდა. ვფიქრობ იმას, რომ ყველას საბრძოლველი არის ინდივიდუალურად. ეს აღარ არის ეტაპი, სადაც რამე უკეთესობის იმედი უნდა გქონდეს. თუ არ იბრძოლებ, არაფერი უკეთ არ იქნება და ალბათ ყველას ჩვენი საბრძოლველი გვაქვს სისტემის წინააღმდეგ. […]
ის ფაქტი, რომ ადამიანები დაიბარეს სასამართლოში სიმღერის გამო, რა მნიშვნელობა აქვს ამ სიმღერის შინაარსს, ჩემთვის იყო განგაშის სიგნალი, რომ რანაირად შეიძლება დავუძახოთ თავს მომღერალია, მუსიკოსი ან არტისტი და ამაზე რეაქცია არ გვქონდეს. სოლიდარობის აქტი იყო ეს ჩემი მხრიდან. რაღაც ჰარმონიები მოვუფიქრე, დავჯექი, დავუკარი, ვიმღერე და როგორც ჩანს, არც პიროვნულ დონეზე და არც სამართლებრივად არ ესმით და ვერ იაზრებენ ამ აქტის მნიშვნელობას ან დავალებებია, რომელსაც ასრულებენ.
[პროცესზე] შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წინასწარ იყო ყველაფერი განსაზღვრული. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვი ანარ იტყვი, მაინც განსაზღვრულია ყველაფერი შენს წინააღმდეგ.
ის ფაქტი, რომ მომღერალს, მუსიკოსს სიმღერის გამო ასამართლებენ, ალბათ კიდევ ახალი რაღაც დაწინაურებაა მათ რეჟიმშიც კი, სადაც ადამიანებს უკვე გვაქვს სიმღერები, რომლებიც შეგიძლია, რომ იმღერო და რომლებიც არ შეგიძლია, რომ იმღერო. მოგვაწოდონ სრული სია თუ შეიძლება, რომ დიდი წარმატებით დავხიოთ ეს სია ყვეკლა მუსიკოსმა“, – თქვა სოფო ბათილაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
სოფო ბათილაშვილმა 8 ოქტომბერს სოციალურ ქსელში „ოლე-ოლას” შესრულების ვიდეო გამოაქვეყნა. მომღერალი პოსტში წერდა, რომ სიმღერის ვიდეო პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად ჩაწერა – ეს განცდა კი მასში სიმღერის გამო ადამიანების სასამართლოში დაბარებამ გამოიწვია.
ამავე პოსტში მან სოლიდარობა გამოუცხადა მომღერალ „კორძს”, რომელსაც „ოლე-ოლას” შესრულების გამო სამთავრობო პროპაგანდა დაუპირისპირდა.
„ამ პოსტშივე გამოვუცხადებ სოლიდარობას @kordzmusic -ს:)
და პოსტის მიწურულს დავწერ ამას: ვიცი, რამდენი რამეც განორმალურდა, ისიც ვიცი, როგორ გიპირისპირდებიან, თუ ხმას იღებ, მაგრამ უნდა შევიხსენოთ, რომ არაა ნორმალური როგორც ექცევიან ადამიანებს და რომ ჯერ ისევ გვაქვს ერთმანეთის ზურგი. სხვანაირად უბრალოდ აზრი არ აქვს და ოდესმე თქვენც აღმოჩნდებით იქ, სადაც მიხვდებით, რომ სხვანაირად აზრი არ აქვს”, – დაწერა ბათილაშვილმა.
სასამართლოში „ოლე-ოლას” სიმღერის გამო ადმინისტრაციული საქმე არაერთი აქტივისტის მიმართ მიმდინარეობს.