პარლამენტის აპარატმა TV პირველის ჟურნალისტს, ხატია სამხარაძეს აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის აპარატმა TV პირველის საპარლამენტო ჟურნალისტს, ხატია სამხარაძეს აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა. ინფორმაციას არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ავრცელებს.

წერილს, რომელიც ხატია სამხარაძეს გაეგზავნა, ხელს პარლამენტის აპარატის უფროსი, კახა ოქროჯანაშვილი აწერს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია: „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“. აღნიშნული მოთხოვნა თქვენს მიერ არ იქნა დაცული რაც დასტურდება 2026 წლის 10 ნოემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „პირველებში“ გასული სიუჟეტით“, – ნათქვამია წერილში.

წერილში არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელი დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე შეუჩერდა ჟურნალისტს აკრედიტაცია.


საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის წესში ივნისში ცვლილებები შევიდა. როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, „ევროპარლამენტის აკრედიტაციის სისტემასთან დაახლოების მიზნით“.

თუკი აქამდე აკრედიტაციის წესების დარღვევა პირველ ჯერზე 1 თვით აკრედიტაციის შეჩერებას, განმეორების შემთხვევაში კი 6 თვით შეჩერებას ითვალისწინებდა, ცვლილების მიხედვით, პირველ ჯერზე ჟურნალისტს აკრედიტაცია 1 თვით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1 წლამდე ვადით შეიძლება შეუჩერდეს.

გარდა ამისა, თუკი აქამდე სანქცია მხოლოდ ჟურნალისტს შეეხებოდა, ცვლილების მიხედვით, უკვე სანქცია შეიძლება შეეხოს მედიას. „პარლამენტში აკრედიტაციის წესის დარღვევის სიმძიმის და სიხშირის“ გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება მთლიანად მედიას გაუუქმდეს აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით.