ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებით, ევროპის საბჭო ყურადღებით აკვირდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს და ქვეყანას შეახსენებს, რომ ორგანიზაციის წევრობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს.
განცხადება ალან ბერსემ EPC-ის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ევროპის საბჭოს 46-ვე წევრი სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და აღიაროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია.
„ყურადღებით ვადევნებ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ვიცი, რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში გარკვეული საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დისკუსია. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს და, როგორც ყოველთვის, შევახსენებთ ყველას, რომ ევროპის საბჭოს წევრობა ასევე ნიშნავს გარკვეული ღირებულებების დაცვის ვალდებულებას“, – განაცხადა ალან ბერსემ.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობა საერთო ვალდებულებებზე დაფუძნებულ ჩარჩოში ვითარდება. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ამ პრინციპების მუდმივი დადასტურებისა და დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას.
„მტკიცედ მჯერა, ეს პრინციპები მუდმივად უნდა დავადასტუროთ და გავაგრძელოთ დიალოგი და ერთობლივი განხილვები. ჩვენ ამ დიალოგსა და თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ, ცხადია, საქართველოსთანაც“, – თქვა ალან ბერსემ.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება 27 ოქტომბერსაც გააკეთა – მან თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, შემზღუდავი კანონმდებლობა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ოპოზიციაზე ზეწოლა შემაშფოთებელია და პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის.