ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტს, გადასინჯოს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტთა აკრედიტაციის მოქმედი წესი, რომელიც არაპროპორციულად ზღუდავს მედიის თავისუფლებას და პარლამენტის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, დისკრიმინაციულად გამოიყენოს ის.
ორგანიზაცია დღეს „ფორმულას“ ჟურნალისტის, ნინუცა კეკელიასთვის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერებას და ბოლო პერიოდში მომხდარ სხვა შემთხვევებს განცხადებით გამოეხმაურა.
„დღეს პარლამენტმა ერთი თვით, 16 დეკემბრამდე, შეუჩერა აკრედიტაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ნინუცა კეკელიას. თავისი გადაწყვეტილების მტკიცებულებად პარლამენტის აპარატის უფროსი 14 ოქტომბერს „შაბათის ფორმულაში“ გასულ სიუჟეტზე უთითებს და წერს, რომ ჟურნალისტმა აკრედიტაციის წესის ის მუხლი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“. ამჯერადაც უცნობია, თუ ვინ მიმართა პარლამენტის აპარატს ჟურნალისტის მიმართ პრეტენზიით.
პარლამენტმა მსგავსი მიზეზით ივნისში 6 თვით შეუჩერა აკრედიტაცია „ფორმულას” ჟურნალისტს ნინი ბალანჩივაძეს.
ივნისშივე, პარლამენტმა სხვადასხვა ვადით შეუჩერა აკრედიტაცია „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს – ნატალია ქაჯაიას, მაკა ანდრონიკაშვილს და მაკა ჩიხლაძეს, ხოლო 12 ნოემბერს, ერთი თვით – ხატია სამხარაძეს.
ამგვარი დამოკიდებულებით ჟურნალისტების მიმართ პარლამენტი მათი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისადმი უპატივცემულობას აჩვენებს. როდესაც ჟურნალისტები ვერ სვამენ შეკითხვებს, ეს ნიშნავს, რომ ამ შეკითხვებზე პასუხს ვერ იღებს საზოგადოება, რომელსაც სრულიად ლეგიტიმური ინტერესი აქვს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.