ვიდრე ჩამოთოვს

დავით ბუხრიკიძე

ახლახან გამოიცა მამუკა ჩარკვიანის ალბომი “ჰიმნი თავისუფლებას”, რომელიც ცნობილი ქართველი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და მომღერლის პირველი ოფიციალური ვინილის ფირფიტაა. პროექტი განხორციელდა ლეიბლ Retromania Records-ისა და Bravo Records-ის თანამშრომლობით. ალბომში თავმოყრილია მომღერლის 11 ყველაზე ცნობილი ჰიტი, რომელთა უმრავლესობამ დროს გაუძლო და მსმენელისთვის პირველივე მელოდიური ფრაზიდან იოლად ამოსაცნობია. სიმღერების უმრავლესობა მუსიკოსის მამის, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზეა შექმნილი.

ვინილის ფირფიტა დაიბეჭდა გერმანიაში, კიოლნის ერთ–ერთ წამყვან გრამფირფიტების ქარხანაში და გამოირჩევა უმაღლესი ჟღერადობით, ხარისხით და მაღალი დონის პოლიგრაფიული შეფუთვით. ფირფიტის ხმის მასტერინგზე გიორგი ქორიძემ იმუშვა, ხოლო გარეკანისთვის გამოყენებულია ზაქარია ჭელიძის ცნობილი ფოტო. ალბომის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ, კლუბ „ზაზანოვაში“ გაიმართა.

ალბომის შექმნის იდეა მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ (2025 წლის აგვისტოში) მისი ოჯახის წევრებს, თაკო და ირინოლა ჩარკვიანებს გაუჩნდათ, რასაც მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ საქართველოში პირველმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ „Bravo Records“-მა (დამფუძნებელი და დირექტორი ზაზა შენგელია). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ალბომს მაღალი ხარისხის ჟღერადობის გამო საკოლექციო ღირებულებაც აქვს.

მამუკა ჩარკვიანის მუსიკა, მისი სიმღერების მელოდიური ხაზი  ძირითადად ეფუძნება ქალაქური სიმღერისა და ქართული ტრადიციული ჰარმონიის სინთეზს. გამოირჩევა განსაკუთრებული ემოციურ სიღრმით, ადვილად დასამახსოვრებელ ჟღერადობითა და ლირიკულობასთან  გარითმული მელანქოლიით.

ალბომში შევიდა მამუკა ჩარკვიანის რეპერტუარის ბევრი ცნობილი ნაწარმოები: მაგალითად, ჰიტი „ირინოლა“, ალბათ ერთ–ერთი ყველაზე თბილი და ინტიმური სიმღერა, რომელიც მან თავის ქალიშვილს მიუძღვნა და რომელიც გამოირჩევა ნაზი, მელოდიური ფრაზირებითა და მშვიდი, აკუსტიკური განწყობით.

აქვეა გამორჩეული კომპოზიცია „სულ ზევით, ზევით“ –  დინამიკური და ენერგიული სიმღერა, რომელშიც აღმავალი მელოდიური ხაზი ზუსტად მიჰყვება ლექსის სულისკვეთებას და მსმენელში ამაღლებულ განწყობას ქმნის.

მელომანებს სევდითა და ერთგვარი ნოსტალგიური განწყობით აღავსებს ბალადა „ჩამოთოვა“, რომელსაც მამუკა ჩარკვიანი მერაბ სეფაშვილთან ერთადაც ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ამ სიმღერაში ხმების ტემბრულ შეხამებას განსაკუთრებული ემოციური და დრამატული დატვირთვა შემოაქვს. ისეთი ლირიკული სიმღერა, როგორიცაა „კესანები“, მკაფიოდ ავლენს მუსიკოსის უნარს, მარტივი მელოდიური მონახაზით გადმოსცეს ფაქიზი განცდები და ემოციები.

ასევე გამორჩეულია მისი სიმღერები: „მწვანე რტოები”  (მუსიკოსის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და ლირიკული ნაწარმოები); „ჩემი აღარა ხარ, მორჩა” (ემოციური ბალადა, რომელიც ახალგაზრდა თაობაში დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს); „დედას” (ძალიან ინტიმური და გულწრფელი კომპოზიცია, რომელიც მომღერლის რეპერტუარის განუყოფელი ნაწილი იყო). ალბომში შესულია ისეთი ცნობილი სიმღერებიც, როგორებიცაა „მე შენთან მოვალ“, „გაზაფხული შემოსულა, ლენ” და სხვა…

როგორც აღმოჩნდა, წლების შემდეგაც მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება და მისი სიმღერები აქტუალურია ახალგაზრდებს შორის. ამას ადასტურებს ალბომის პრეზენტაცია კლუბ „ზაზანოვაში“, სადაც მისი სიმღერები თანამედროვე ქართველმა შემსრულებლებმა გააცოცხლეს.

მაინც, რა სტილისტური თავისებურებებით გამოირჩევა მამუკა ჩარკვიანის სიმღერები დღესაც? პირველ რიგში, მისი მუსიკალური ჰარმონიის საფუძველია ექვსსიმიანი აკუსტიკური გიტარა. იყენებს მდიდარ და ბუნებრივ აკორდულ სვლებს (ხშირად მინორულ ტონალობებში, სეპტაკორდების ჩართვით), რაც მუსიკას სევდიან და ამავდროულად კეთილშობილურ ჟღერადობას ანიჭებს. მის საავტორო სიმღერებში იგრძნობა ქართული ქალაქური მუსიკის და ხალხური პოლიფონიის გავლენაც. ალბათ ამიტომაც, მისი სოლო პარტია ორგანულად ერწყმის ისეთ ანსამბლს, როგორიცაა „ქართული ხმები“.

ჩარკვიანის მუსიკაში ჰარმონია არასდროს ფარავს ტექსტს. პირიქით, აკორდების ცვლა ზუსტად მიჰყვება ჯანსუღ ჩარკვიანის 10 ან 12- მარცვლიანი ლექსების რიტმიკასა და მახვილებს, რაც მუსიკასა და სიტყვას ერთ მთლიანობად აქცევს.

აღსანიშნავია დინამიკური კონტრასტებიც: მის კომპოზიციები ჩუმი, თითქმის ჩურჩულით წამღერებული კუპლეტებით იწყება, რომლებიც მისამღერში მძლავრ, ემოციურ კულმინაციაში გადადის.

Retromania Records-ის გუნდმა ალბომზე მუშაობის პროცესში, მუსიკოსის პირადი არქივის შესწავლისას ბევრი უცნობი ჩანაწერი და დაუსრულებელი სიმღერა აღმოაჩინა, რომლის დიდი ნაწილი სტუდიურად არასდროს გამოცემულა. არქივში შემონახულია საშინაო აუდიოჩანაწერები, დემო–ვერსიები და კომპოზიციები, რომლებიც ფართო მსმენელს აქამდე არ მოუსმენია. ვინაიდან ვინილის ალბომში („ჰიმნი თავისუფლებას“) მხოლოდ მისი ყველაზე ცნობილი და სახალხო ჰიტები შევიდა, აღმოჩენილი უცნობი სიმღერები ქმნის საფუძველს, რომ მომავალში მუსიკოსის აქამდე გამოუქვეყნებელი მემკვიდრეობაც დამუშავდეს და ცალკე ალბომის სახით გამოიცეს.