კობახიძე რაზმაძეზე: თუ არის სამართლებრივი საფუძველი, გამოძიება დაიწყება

პუბლიკა

დღეს, 24 ნოემბერს, ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს თორნიკე რაზმაძეზე, რომელიც რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედიისა და გვერდების თავდასხმის სამიზნეა.

„მითების დეტექტორის“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ბლოგერისა და სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ვიდეოები ვრცელდება.

ჟურნალისტი: ის მიმართავს უწყებებს გამოძიების მოთხოვნით, თუმცა არავინ გამოხმაურებია. რას უპასუხებთ, ასეთ მუქარაზე უნდა დაიწყოს გამოძიება?

კობახიძე: თუ არის გამოძიების დაწყების საფუძველი, უნდა დაიწყოს — მარტივი პოზიციაა.

ჟურნალისტი: თუ ეს მუქარები „ქართული ოცნების“ მიერ წახალისებული არ არის, მაშინ რატომ არ იწყებთ გამოძიებას?

კობახიძე: თუ არის სამართლებრივი საფუძველი, გამოძიება დაიწყება.

ჟურნალისტი: მას თქვენი გუნდის წევრი, დიტო სამხარაძე ემუქრება.

კობახიძე: დიტო სამხარაძე დაცულია საპარლამენტო იმუნიტეტით.

ჟურნალისტი: ანუ მას არაფერი ემუქრება?

კობახიძე: მე საერთოდ არ ვიცი, ვინ ვის ემუქრება.

23 ნოემბერს სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებულმა მადისკრედიტირებელმა კამპანიამ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა მიიღო.

კერძოდ, რაზმაძის ინფორმაციით, „ფეისბუქის“ ერთ-ერთ ჯგუფში მისი ტელეფონის ნომერი ვრცელდება მინაწერით, თითქოს ის ნარკოტიკს ყიდის.

„ჩემს ტელეფონის ნომერს აქვეყნებენ სხვადასხვა ჯგუფში, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი და ამ ნომერზე უნდა დამირეკონ. ჩემზე შეტევამ მიიღო სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა, მხოლოდ პროპაგანდა აღარაა ეს“, – წერს თორნიკე რაზმაძე.