„არ გვაძლევენ კინოდარბაზს“, – რეჟისორი გიორგი გეთიაშვილი, რომელმაც საპოლიციო ძალადობაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, აცხადებს, რომ ეროვნულმა არქივმა დახურული ჩვენებისთვის კინოდარბაზი არ მიაქირავა. „ბუნაგის“ რეჟისორი არქივის დირექციასთან ოფიციალურ მიმოწერასაც ასაჯაროებს.
ეროვნულ არქივს რომ კინოდარბაზის გაქირავების სერვისი აქვს (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე), ამას მოწმობს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობაც და მთავრობის დადგენილებაც. ერთი საათის საფასური 300 ლარია, ერთი დღის – 900.
როგორც ფილმის პროდიუსერისა და ეროვნული არქივის დირექტორის მიმოწერიდან ჩანს, არქივს სამჯერ მიმართეს წერილით, დარბაზის დათმობაზე და სამივეჯერ უარი მიიღეს. კინოპროდიუსერმა არქივს ასევე შესთავაზა, თავად მიეწოდებინათ თავისუფალი დღეების შესახებ ინფორმაცია.
ფილმის პროდიუსერმა, ირინა გელაშვილმა ეროვნულ არქივს პირველად 27 ოქტომბერს მიმართა ოფიციალური წერილით, ნოემბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში ფილმის დახურული ჩვენებისათვის კონკრეტული დროისა და თარიღის შესათანხმებლად, რაზეც არქივის დირექტორმა, თეონა იაშვილმა, უპასუხა, რომ „დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეროვნული არქივი მოკლებულია შესაძლებლობას, დაგითმოთ კინოთეატრი“.
6 ნოემბერს პროდიუსერმა არქივს წერილით მეორედ მიმართა და გამოთქვა მზადყოფნა, რომ „სრულად მოერგებოდა დაწესებულების გრაფიკსა და შესაძლებლობებს“.
„გთხოვთ, განიხილოთ ჩვენების ჩატარების შესაძლებლობა თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ თარიღში და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შემოგვთავაზოთ კინოთეატრის თავისუფალი დროის მონაკვეთი“, – აღნიშნავდა წერილში ირინა გელაშვილი.
საპასუხოდ არქივიდან მისწერეს, რომ „დახმარებას ვერ გაუწევენ“ წინასწარ დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების გამო.
13 ნოემბერს გელაშვილმა არქივს მესამედ მისწერა და კიდევ ერთხელ სთხოვა, თავად მიეწოდებინათ თარიღი, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი 30-წუთიანი ფილმის ჩვენება.
პასუხად კვლავ უარი მიიღეს – „დაგეგმილი ღონისძიებებისა და კინოთეატრის სივრცეში ჩასატარებელი სამუშაოებიდან გამომდინარე“.
როგორც ფილმის რეჟისორი, გიორგი გეთიაშვილი, აცხადებს, სწორედ მესამე უარის შემდეგ გადაწყვიტა, ამბავი გაესჯაროებინა.
„ცენზურა რომ მთელი ქვეყნის მასშტაბითაა, განსაკუთრებით სახელმწიფო დაწესებულებებში და ყველა რომ დაშინებულია – ეს ჩემთვის ცხადზე ცხადია. გულუბრყვილო არ ვარ, დიდი მოლოდინი რომ მქონოდა. უბრალოდ, მინდა, ამ სიტუაციაშიც მაინც ვცადო ის, რაც ჩემი გასაკეთებელია და მეკუთვნის, როგორც ამ ქვეყნის შვილსა და მოქალაქეს“, – ამბობს გეთიაშვილი „პუბლიკასთან“.
რას ამბობენ ეროვნულ არქივში
„პუბლიკას“ ეროვნული არქივის პრესსამსახურში უთხრეს, რომ კინოდარბაზი პირველ რიგში ემსახურება ეროვნული არქივის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, „ასევე, კინოჩვენებებს, რომლებიც ეწყობა სხვა ორგანიზაციების მიერ ეროვნული არქივის ჩართულობითა და მონაწილეობით. კინოდარბაზის კონცეფციაა საარქივო მასალის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რესტავრირებული საარქივო ფილმების ჩვენების გზით“.
„რაც შეეხება ცალკეული ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების მხრიდან დარბაზის დაქირავების საკითხს, ეროვნული არქივი დაინტერესებულია, კინოდარბაზი გაქირავდეს ისეთი ფილმების ჩვენებისთვის, რომლებიც საარქივო მასალის გამოყენებით ან არქივის ჩართულობით არის გადაღებული. თუ არსებობს თავისუფალი დრო და ტექნიკური საშუალება ჩვენების გასამართად, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. მიმდინარე წლის ნოემბერსა და დეკემბრში ეროვნული არქივის კინოთეატრში დაგეგმილია როგორც შიდა დახურული ღონისძიებები, ისე ღია ჩვენებები“, – ვკითხულობთ ეროვნული არქივის წერილობით პასუხში.
„პუბლიკა“ დაინტერესდა ნოემბერ-დეკემბრის გრაფიკით, რადგან ამ პერიოდში არქივის კინოდარბაზში დაგეგმილი ღონისძიებები ღია წყაროებში არ იძებნება. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
რაც შეეხება მომდევნო წლის თავისუფალ დღეებს, არქივში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის არ არის დაზუსტებული 2027 წლის გეგმა, რადგან „კინოთეატრის დატვირთულობის მომდევნო პერიოდის გეგმა დგინდება პირველ რიგში ეროვნული არქივის საჭიროებებიდან და ტექნიკური სამუშაოებიდან გამომდინარე“.
ცნობისთვის, ის, რომ პრიორიტეტი არქივის საჭიროებებს ენიჭება, არ გამორიცხავს სხვა კინოჩვენებების შესაძლებლობას – ამას მოწმობს არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პირობები და ეს „პუბლიკასთან“ საუბრისას პრესსამსახურის წარმომადგენელმაც დაადასტურა – „ფილმის ფორმითა და შინაარსით“ არ განისაზღვრება დარბაზის დათმობის საკითხი.
„ბუნაგი“ და მისი ავტორები
„ახალგაზრდა ქართველ ჯუდოკას, ლუკას, ჩემპიონატზე გამგზავრებამდე პოლიციელები უსაფუძვლოდ აკავებენ. მას უწევს იმ უსამართლობისა და ჩაგვრის აღმოჩენა, რაც პოლიციის განყოფილებებში ხდება“, – ვკითხულობთ ფილმის მოკლე ანოტაციაში.
ფილმის რეჟისორი გიორგი გეთიაშვილი ფიქრობს, რომ უარის მიზეზი ფილმის შინაარსი ან ზემდგომი პირების შიშია.
„საქმე რომ კონკრეტულად ჩვენ და ჩვენს ფილმს ეხება, ამაში ეჭვიც არ მეპარება, რადგან როცა ცხელ ხაზსა თუ არქივის მიმღებში ვეკითხები ინფორმაციას, თანამშრომლები (ვინც არ იცის, ვინ ესაუბრება და რომელი ფილმის ჩვენებაზეა საუბარი), მეუბნებიან, რომ მარტივად დავწერო წერილი ქირაობის მოთხოვნით და შესაძლებელია ამ სერვისით სარგებლობა“, – ამბობს გეთიაშვილი.
გიორგი გეთიაშვილიცა და პროდიუსერი ირინა გელაშვილიც 450 კოლეგასთან ერთად 3 წელიწადზე მეტია, ბოიკოტს აცხადებენ „მიტაცებულ კინოცენტრთან“ თანამშრომლობაზე. „ბუნაგიც“ სწორედ ბოიკოტის პერიოდში, დაფინანსების გარეშე, 4 დღეში გადაიღეს.
„სავარაუდოდ, მათ იციან ჩვენზე, იციან ჩვენს ფილმზე, იმიტომ, რომ თრეილერი საჯაროდ დევს, 100 000 ნახვა აქვს და საჯაროა ინფორმაცია, რომ ფილმი საპოლიციო ძალადობაზეა. დიდი ალბათობით, „ოცნების“ მხარდამჭერ კოლეგებში გაიკითხეს ჩვენზე და ფილმზე ან უბრალოდ მომძებნეს ინტერნეტში და თრეილერი რომ ნახეს, იფიქრეს, ჩემი შეშვება არ შეიძლებოდა“, – ამბობს გეთიაშვილი.
გეთიაშვილი ფიქრობს, რომ გარდა ფილმის შინაარსისა, უარის შესაძლოა, ზემდგომი პირების შიში იყოს.
„ცენზურა რომ მთელი ქვეყნის მასშტაბითაა, განსაკუთრებით სახელმწიფო დაწესებულებებში, და ყველა რომ დაშინებულია, ეს ჩემთვის ცხადზე ცხადია. გულუბრყვილო არ ვარ, დიდი მოლოდინი რომ მქონოდა. უბრალოდ, მინდა, ამ სიტუაციაშიც მაინც ვცადო ის, რაც ჩემი გასაკეთებელია და მეკუთვნის, როგორც ამ ქვეყნის შვილსა და მოქალაქეს“, – ამბობს გეთიაშვილი „პუბლიკასთან“.
„ბუნაგის“ პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის ნახვას მაყურებელი 2 და 3 დეკემბერს შეძლებს.