პუტინმა ალან გაგლოევი სამხედრო-მემორიალურ საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა

პუბლიკა

რუსეთის სამთავრობო სააგენტო Tass-ის ცნობით, პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი სამხედრო-მემორიალურ საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

გაგლოევის სამუშაო მიმართულება ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება იქნება.

Tass-მა გაავრცელა პუტინის განკარგულებაც.

პუტინმა გაგლოევი ვეტერანთა კომისიაშიც შეიყვანა. ეს არის საკოორდინაციო ორგანო, რომელსაც ვეტერანებისთვის სოციალურ დახმარებაზე ზრუნვა და სამართლებრივი ინტერესების უზრუნველყოფა ევალება.

2026 წლის 23 ივნისს გაგლოევი ე.წ. პრეზიდენტობიდან გადადგა და პუტინის მრჩეველი გახდა. მანამდე მაისში მან და პუტინმა ხელი მოაწერეს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებას, რომელიც  ქართულმა მხარემ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

გაგლოევის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მარატ კამბოლოვი დაინიშნა, რომელიც შემდეგ „პრეზიდენტადაც“ აირჩიეს ე.წ. არჩევნების გზით.

კამბოლოვი რუსეთის ყოფილი ოფიციალური პირია. მისი კარიერის უდიდესი ნაწილი რუსეთში წარიმართა. თავადაც ჩრდილოეთ ოსეთიდანაა. მუშაობდა რუსეთის ანტიმონოპოლიურ კომიტეტში, რეგიონული პოლიტიკის სამინისტროში, მეცნიერების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ, 2014 წლიდან იყო ეროვნული კვლევითი ცენტრ „კურჩატოვის ინსტიტუტის“ დირექტორი.