კვიპროსმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ორი რუსი დიპლომატი გააძევა

პუბლიკა

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა

კვიპროსმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ორი რუსი დიპლომატი გააძევა. ისინი კვიპროსში რუსეთის ელჩის, ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტის, მურატ ზიაზიკოვის დაქვემდებარებაში მუშაობდნენ. დიპლომატების გაძევების შესახებ ინფორმაცია ნოემბერს, კვიპროსის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით კვიპროსულმა მაუწყებელმა ANT1-მა და გამოცემა Politico-მ გაავრცელეს.

Politico-ს წყაროების ცნობით, კვიპროსის დაზვერვამ გამოავლინა ქსელი, რომელიც ცდილობდა მოეპოვებინა საიდუმლო ინფორმაცია კვიპროსისა და ევროკავშირის უსაფრთხოების შესახებ, ასევე იმ ტექნოლოგიების თაობაზე, რომელთა რუსეთში ექსპორტიც ევროკავშირის სანქციებით არის აკრძალული.

არსებული ინფორმაციით, დიპლომატებს კონტაქტი ჰქონდათ კვიპროსის მოქალაქეებთან, რომლებსაც კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდათ. მათი ვინაობა ოფიციალურად არ გასაჯაროებულა.

დამოუკიდებელმა რუსულმა მედია The Insider-მა დაადგინა, რომ ნიქოზიაში რუსეთის საელჩოს დიპლომატიური პერსონალის სიიდან ორი თანამშრომელი გაქრა – ატაშეები ალექსანდრ შევცოვი და ნიკიტა სერგეევი. ოქტომბერში სიაში მისიის 36 თანამშრომელი იყო, მათ შორის ელჩი, ნოემბერში კი მათი რაოდენობა 34-მდე შემცირდა. გამოცემის ცნობით, შევცოვი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) ორ დანაყოფში მსახურობდა, რომელთაგან ერთი სატელიტურ კომუნიკაციებზე იყო სპეციალიზებული.

The Insider-მა ასევე დაადგინა, რომ 2024 წლის 17 მარტს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო დღეს, სერგეევი ნიქოზიაში რუსეთის საელჩოსთან რიგში მდგომ ადამიანებს ვიდეოზე იღებდა. იმ დღეს რუსული ოპოზიციის მხარდამჭერებმა გამართეს საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“. გამოცემამ ვერ შეძლო დაედგინა, რატომ იღებდა დიპლომატი აქციის მონაწილეებს ან ჰქონდა თუ არა მას კავშირი სადაზვერვო სამსახურებთან.

კვიპროსში რუსეთის საელჩოს მურატ ზიაზიკოვი ხელმძღვანელობს. ის 2002-2008 წლებში ინგუშეთის პრეზიდენტი იყო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ზიაზიკოვი კვიპროსის რესპუბლიკაში ელჩად 2022 წლის სექტემბერში დანიშნა. მანამდე ზიაზიკოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურებში, მათ შორის უშიშროების ფედერალურ სამსახურში (ფსბ) მუშაობდა, სადაც გენერალ-ლეიტენანტის წოდებას მიაღწია.

ეს ნიქოზიაში რუსეთის დიპლომატიური მისიის გარშემო ზიაზიკოვის ელჩობის პერიოდში მომხდარი პირველი სკანდალი არ არის – იანვარში საელჩოს შენობაში დიპლომატისა და სავარაუდო დაზვერვის თანამშრომლის, ანტონ პანოვის ცხედარი იპოვეს. საელჩომ მისი გარდაცვალების შესახებ ოთხი დღის შემდეგ განაცხადა და შემთხვევა თვითმკვლელობად შეაფასა.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Agentstvo-ს („სააგენტო“) ინფორმაციით, პანოვს კავშირი ჰქონდა სამხედრო ნაწილთან, ნომრით 33949, რომელიც, სავარაუდოდ, საგარეო დაზვერვის სამსახურის (სვრ) შენიღბვის სტრუქტურას წარმოადგენს.

The Insider-მა პანოვის სატელეფონო ზარების ჩანაწერები მოიპოვა. მათ მიხედვით, ის რამდენიმე მაღალი რანგის რუს დიპლომატთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან კონტაქტობდა.

მის ერთ-ერთი კონტაქტი, ანდრეი ლისიკოვი საგარეო საქმეთა სამინისტროს სავალუტო და საფინანსო დეპარტამენტი ხელმძღვანელობს. ეს უწყება ხშირად ასოცირდება სვრ-ისა და გრუ-ს კარიერულ თანამშრომლებთან, რომლებიც დიპლომატიური საფარის გამოყენებით ჯაშუშურ საქმიანობას ეწევიან.

პანოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც ერთი დღით ადრე კვიპროსში ბიზნესმენი, „ურალკალის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ვლადისლავ ბაუმგერტნერი გაუჩინარდა. მისი ცხედარი ერთი კვირის შემდეგ იპოვეს, რუსულმა სამთავრობო მედიამ მისი გარდაცვალების მთავარ ვერსიად უბედური შემთხვევა დაასახელა.

სკანდალები რუსეთის საელჩოში

2023 წლის ოქტომბერში კვიპროსის ხელისუფლებამ დააკავა და ქვეყნიდან გააძევა გაზეთ Rossiyskaya Gazeta-ს („რუსეთის გაზეთი“) კორესპონდენტი ალექსანდრ გასიუკი. მას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებდნენ. დაკავების დროს დაშავდა დიმიტრი დოინიკოვიც, საელჩოს თანამშრომელი, რომელიც ჟურნალისტს თან ახლდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორივე მამაკაცის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს და კვიპროსისგან განმარტება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. კვიპროსის ხელისუფლებამ კი განმარტა, რომ გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

2024 წლის იანვარში რუსეთმა საპასუხო ზომა მიიღო და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა კვიპროსის სამ ოფიციალურ პირს, რომლებიც გასიუკის გაძევებაში მონაწილეობდნენ.

კიდევ ერთი დავა 2023 წელს რუსეთის გეგმას მოჰყვა, ჩრდილოეთ კვიპროსში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება გაეწია. კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი კვიპროსელი თურქების ადმინისტრაციის კონტროლქვეშაა. ზიაზიკოვმა ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მისაღებ ნაბიჯად შეაფასა.

კვიპროსული გაზეთ Cyprus Mail-ის ინფორმაციით, რუსეთის საელჩომ საკონსულო განყოფილების გახსნის თხოვნით მიმართა კვიპროსის ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო. ასევე განიხილებოდა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მომსახურების გაწევის შესაძლებლობა კვიპროსის რესპუბლიკის თანხმობის გარეშე.

ელჩად დანიშვნამდე ზიაზიკოვი ინგუშეთს ხელმძღვანელობდა იმ პერიოდში, როდესაც რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა და უსაფრთხოების მდგომარეობა მკვეთრად უარესდებოდა. ხელისუფლებაში ის 2002 წელს, კრემლის მხარდაჭერით, რუსლან აუშევის შემდეგ მოვიდა.

Human Rights Watch-ის მიერ 2008 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში დოკუმენტირებულია ინგუშეთში ანტიტერორისტული ოპერაციების დროს მომხდარი უკანონო მკვლელობები, თვითნებური დაკავებები, წამება და იძულებითი გაუჩინარებები.

ზიაზიკოვის მიერ ინგუშეთის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შემდეგ, რუსეთის აუდიტის პალატამ რესპუბლიკაში ფინანსური დარღვევები გამოავლინა, რომელთა საერთო ოდენობა 1.74 მილიარდ რუბლს (21 მილიონ დოლარს) შეადგენდა.

2008 წლის 30 ოქტომბერს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ზიაზიკოვი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გაათავისუფლა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ზიაზიკოვმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო.

თუმცა გაზეთი „კომერსანტი“ წერდა, რომ კრემლი ინგუშეთში არსებული ვითარებით უკმაყოფილო იყო და ზიაზიკოვს თანამდებობის დატოვება ფაქტობრივად მოსთხოვა. მეორე დღეს ზიაზიკოვი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.