ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციურად განწყობილი გამოცემა Yerevan Today-ის მთავარ რედაქტორ სევაკ აკობიანს, გამოცემის მფლობელ კომპანია Media Plus LLC-სა და Hayeli.am-ს სასამართლოში უჩივლა.
ფაშინიანი მათგან მის შესახებ გაკეთებული განცხადებების უარყოფას მოითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ცილისმწამებლურია. ამასთან, პრემიერი მოპასუხეებისგან 4 მილიონი დრამის (დაახლოებით 11 000 დოლარის) ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.
ფაშინიანი სასამართლოსგან მოითხოვს, მოპასუხეებს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში საჯარო უარყოფის გამოქვეყნება დაავალდებულოს.
სარჩელი სასამართლოში 19 ნოემბერს შევიდა და 19 და 20 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მასალებს ეხება. სევაკ აკობიანმა Yerevan Today-სა და Hayeli.am-ზე გასულ გადაცემაში „მოკლედ“ (Karch Asats) განაცხადა, რომ სომხეთში 19-30 ოქტომბერს გამართული გაეროს ბიომრავალფეროვნების კონფერენციის (COP17) ორგანიზების პროცესში ადგილი ჰქონდა „მაღალი დონის თანხების მითვისებასა“ და „მაღალი დონის კორუფციას“.
ფაშინიანის ბრალდებების საპასუხოდ Yerevan Today-ის მთავარმა რედაქტორმა სევაკ აკობიანმა განაცხადა, რომ არც მას და არც გამოცემის იურისტებს გადაცემაში ცილისმწამებლური ან შეურაცხმყოფელი არაფერი უთქვამთ. შესაბამისად, მათ ფაშინიანის წარმომადგენელს სთხოვეს, დაეზუსტებინა, კონკრეტულად რომელ განცხადებებს ედავებოდა პრემიერი, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. სარჩელის შესახებ მათ ინფორმაცია 24 ნოემბერს მედიიდან შეიტყვეს.
სომხურმა ოპოზიციამ გააკრიტიკა მთავრობის გადაწყვეტილება COP17-ისთვის 18.5 მილიარდი დრამის (დაახლოებით 51 მილიონი დოლარის) გამოყოფის შესახებ. ოპოზიციის შეფასებით, ეს თანხა გადაჭარბებულია და სახელმწიფო კორუფციის რისკების წინაშე აყენებს. მთავრობის პასუხით, კომპანიები კონფერენციის ორგანიზებისთვის თავად გაერომ შეარჩია და ღონისძიების ჩატარების ადგილიც არა ერევანმა, არამედ გაერომ განსაზღვრა.
„ამ მრავალმილიონიანი, მაღალი დონის ღონისძიების ფარგლებში ასევე დაფიქსირდა მაღალი დონის კორუფციის არაერთი გამოვლინება“, – განაცხადა აკობიანმა.
მან ასევე მიუთითა ფაშინიანის არაერთგზის მოთხოვნაზე, ეჩვენებინათ, „სად არის [მისი] მილიონები“, და დასვა კითხვა, შესაძლებელია თუ არა, რომ პრემიერ-მინისტრს სავარაუდო ფინანსურ დარღვევებთან კავშირი საერთოდ არ ჰქონოდა.
„მე საპირისპირო კითხვას ვსვამ: შესაძლებელია ამდენი ფული დაიხარჯოს ღონისძიებაზე, ადგილი ჰქონდეს ასეთ აშკარა გაფლანგვას და მას ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეს?“ – განაცხადა აკობიანმა გადაცემის დასასრულს.
24 ნოემბერს Facebook-ზე დაწერა, რომ „რამდენიმე დღის წინ“ ფაშინიანის წარმომადგენლისგან მიიღო შეტყობინება, რომლითაც იმ განცხადებების უარყოფას იყო მოთხოვნილი, რომლებიც სავარაუდოდ ცილისმწამებლურად და შეურაცხმყოფელად იქნა მიჩნეული და რომლებმაც, როგორც ითქვა, ფაშინიანის რეპუტაცია შელახა.
აკობიანის შეფასებით, სარჩელი თავისუფალ მედიასა და ანალიტიკოსებზე ზეწოლის ახალი ტალღის ნაწილია.
„არ ვფიქრობ, რომ სარჩელის მიზანი ფულის მიღებაა. უფრო მეტად სურთ, შევწყვიტოთ მასზე საუბარი და მისი კრიტიკა. ის ჩვენ საფრთხედ აღგვიქვამს“, – დაწერა აკობიანმა.
მისივე თქმით, შემდგომ ნაბიჯებს იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს.
სარჩელი სომხეთში მედიისთვის არსებულ სამართლებრივ გარემოსთან დაკავშირებით უფრო ფართო შეშფოთების ფონზე შევიდა.
ცოტა ხნის წინ სომხეთის მედიის უფლებებზე მომუშავე ცხრა წამყვანმა ორგანიზაციამ მთავრობას მოუწოდა, უკან გაიწვიოს საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებული კანონპროექტი, რომელიც შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის კომპენსაციის გაცემის წესში ცვლილებებს ითვალისწინებს.
ფაშინიანის სარჩელს წინ უძღოდა მისი დაპირისპირება ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტ ჰრიფსიმე ჯებეჯიანთანაც. ჟურნალისტმა პრემიერის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილი მას შემდეგ დააანონსა, რაც ფაშინიანმა ყოველკვირეული პრესკონფერენციის დროს მას არაერთხელ უწოდა „საცოდავი“.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯებეჯიანმა აზერბაიჯანთან კონფლიქტის დროს სომხების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ფაშინიანს დააკისრა. საპასუხოდ, პრემიერმა განაცხადა, რომ ჟურნალისტს უჩივლებდა.
მომხდარის შემდეგ სომხეთის ჟურნალისტთა კავშირმა, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი სატიკ სეირანიანი ხელმძღვანელობს, განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფაშინიანმა „ჟურნალისტებს ომი გამოუცხადა“.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.